კომენტარი

“იკომოს საქართველო”: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უქმდება

20 ნოემბერი, 2013 • • 2438
“იკომოს საქართველო”: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უქმდება

“ICOMOS საქართველო” შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ შეტანილ საკანონმდებლო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით. კანონპროექტი მიზნად ისახავს „კულტურული მემკვიდრეობის კანონის“ მე-17 მუხლის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, „განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას“ ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა შესაძლებელი გახდება სამინისტროსთან შეთანხმებით და საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. აქამდე არსებული რეგულირებით ძეგლის სტატუსის მოხსნა დაიშვებოდა მხოლოდ ძეგლის მიერ მისი ღირებულებების დაკარგვის შემთხვევაში.

 

აღნიშნული ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პრინციპებთან, საქართველოს კონსტიტუციასთან (მუხლი 34.2) და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მომავალს. შემოთავაზებული მექანიზმი უზრუნველყოფს მთავრობის მხრიდან გამარტივებული წესით ძეგლის სტატუსის მოხსნას, ყოველგვარი დაცვის გარეშე ტოვებს კულტურულ მემკვიდრეობას და მთავრობის აგრესიული ჩარევის საფრთხეს ქმნის. შედეგად, ეკონომიკური განვითარების სახელით კულტურული მემკვიდრეობის მორიგი ნგრევის მოწმენი გავხდებით. 

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნა კულტურის  სამინისტროს მიმართ, ძეგლის სტატუსი მოეხსნა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ორიშენობას მათ ადგილზე „ახალი ფუნქციის მქონე ნაგებობების აშენების მიზნით“. 
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ინიცირების პროცესში არ ყოფილა ჩართული პროფესიული საზოგადოება და საპარლამენტო განხილვები მიმდინარეობს დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე. 

აღმაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ცვლილების მიხედვით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იხსნის პასუხისმგებლობას, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ძნელად თუ აანალიზებს, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს მან. 

პრეს-შეტყობინება პრეს-კონფერენციის მიზანია მედიის საშუალებით ავუხსნათ ფართო საზოგადოებას, რა საფრთხის შემცველია ეს ცვლილება ადგილობრივი მნიშვნელობის 7000-მდე ძეგლისათვის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არ არსებობს ამგვარი ნორმის ანალოგი და ძეგლის სტატუსის მოხსნა მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მრავალწლიანი განხილვის ფონზე ხდება. 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, გამოიჩინოს სიფრთხილე, არ დაუჭიროს მხარი მის წარმოდგენილ რედაქციას და უზრუნველყოს კანონპროექტის ფართო განხილვა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა,”- ნათქვმია განცხადებაში.

 

იკომოსი (კულტურულ ძეგლთა საერთაშორისო საბჭო) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ძეგლთა დაცვის მეთოდებზე მუშაობს. მასში გაწვერიანებული არიან დარგის სპეციალისტები მსოფლიოს მასშტაბით, რომელთა შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გაეროს კულტურისა და განათლების ორგანიზაცია “იუნესკო” ითვალისწინებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი