კომენტარი

რელიგიასთან ფლირტი – გზა თეოკრატიული უფსკრულისაკენ!

1 ნოემბერი, 2013 • 1644
რელიგიასთან ფლირტი – გზა თეოკრატიული უფსკრულისაკენ!

ზელიმხან უძილაური
ზელიმხან უძილაური

თემასთან რომ გარღვევაზე გავიდეთ, ჯერ 2 ქალბატონის თითო-ოროლა ციტატას დავიმოწმებ მათივე ”თავისუფლების დღიურებიდან”: ორივე დღიური დაახლოებით შარშანწინდელია.

№1 ქალბატონი. –

”14 დეკემბერი:

ძალიან იმედიანი წამოვედი. 17 საათზე საპატრიარქოს ტელევიზიაში კინოფესტივალი დაიწყო...

ჩვენების შემდეგ უწმინდესმა მიგვიწვია ფილმის შემქმნელ ჯგუფთან ერთად...

 

17 დეკემბერი,

სამებაში მამა გიორგი ზვიადაძე დააჯილდოვა პატრიარქმა. ძალიან ღირსეული ადამიანია! 

ახლა

№2 ქალბატონი:

20 ოქტომბერი,

დედა ანასტასია უნდა ვნახო დღეს, ჩემი დედაო. ის საბერძნეთში, მონასტერში ყოფნისას, გავიცანი. 

მისი ენერგია მომცა- მეთქი, ხშირად მიფიქრია. უწმინდესის ჯანმრთელობის ამბავს ვეკითხები. 

მიხსნის, რომ სამკურნალოდ წავიდა და ყველაფერი კარგად ექნება. 

ეკლესიის დღევანდელობაზე ვუსვამ შეკითხვებს, მას კი ყველაფერი აინტერესებს: 

რას ვაკეთებ, რამე ხომ არ მჭირდება და რატომ არის ქართველობა დაქსაქსული...”

ახლა დავასკვნათ: ორივე პოლიტიკოსი რელიგიასთან ლიირებულია, მეტიც, შეიძლება ითქვას, სასულიერო პერსონებით მონუსხულია და მათ ჩრდილქვეშ ეწევა პოლიტიკურ ნებივრობას!

ზოგადად კი,  ქართულმა პოლიტიკამ რელიგიასთან ფლირტის გზით უშრომელი ქულების დაწერის საიდუმლოს და წარმატების ოაზისს მიაგნო და რატომაც არა? უარს რატომ იტყოდნენ? წლების განმავლობაში ოპოზიცია ეკლესიის არასათანადოდ დაფასებაში ადანაშულებდა ხელისუფლებას(არადა, ლამის მთელი საქართველო მაშინდელმა მთავრობამ ეკლესიას გადასცა) და ეს მბრალდებელი ოპოზიცია თვითონ ხელისუფლების საკურთხეველში ობსკურანტული სამღვდელოების უშუალო მხარდაჭერის წყალობით წარდგა… –

იხ. პროფესორ გიგი თევზაძის დასკვნა: ”ოცნების გამარჯვების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ეკლესია”…

რისი თქმა მინდა საბოლოოდ? ბევრის.

ჯერ ერთი, საპატრიარქოსადმი ქვეშევრდომულ-ლოიალური ანუ  კვაზირელიგიური ხაზი ნაციონალურ ხელისუფლებაშიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რისი დასტურიცაა №1 ქალბატონის ანუ რუსუდან კერვალიშვილის ჩანაწერი.

მერე. – სანამ №2 ქალბატონსაც საბოლოოდ მივხედავდე, ცოტათი

გაგახსენებთ რელიგიის (და ზოგადად კულტურის)ზოგიერთი თეორეტიკოსის, მაგ. რენე ჟირარის და  ვალტერ ბურკერტის მოსაზრებებს წმინდა ძალადობის, ჰომ რელიგიოზუსის და ჰომონეკანსის ანუ ადამიანი-მკვლელის იგივეობის და ურთიერთდამიზეზებულობის თაობაზედ!  მოკლედ, თუ სიტყვაზე დამიჯერებთ, არა მხოლოდ ვირტუალური ლექსიკონებიდან ვიცნობ ამ ავტორებს, წიგნიერადაც, მაგრამ ახლა დაწვრილებით მათ თეორიებზე საუბრის დრო და ადგილი აქ არაა.

  

რელიგიაცაა და რელიგიაც, პაულ თილიხი ეკლესიის, ამ რელიგიური ინსტიტუტის მთავარ დანიშნულებას სწორედ ”ცუდი” რელიგიის დამანგრეველი, ტოტალიტარული თვისების შეკავება-განეიტრალებაში ხედავდა…

მაგრამ ჩვენი ეკლესია არათუ ვერ ასრულებს ამ შემაკავებელ ფუნქციას, არამედ პირიქით, რელიგიური ტოტალიტარიზმის ერთგვარ გამშვებ პუნტადაც კი იქცა!

საბოლოოდ კი  რელიგიასთან ქართული პოლიტიკის ფლირტმა, – რომელიც სანიმუშოდ გამოჩნდა  2 ქალბატონის, ნაციონალის და მეოცნების დღიურებში, ლოგიკურად მიგვიყვანა ჰომონეკანსის, ჰომო-დამჭერის და ჰომო-უბედურების  გამარჯვებამდე ქართულ პოლიტიკაში, რისი ნათელი… უკაცრავად, ბნელი დადასტურებაც სწორედ ეგ მეორე მედღიურე ქალბატონია, რელიგიური სახელით, ასეთივე ლექსიკითა და მოწინააღმდეგის მოსპობის  ჟინით…

ასეთი შედეგისათვის  პასუხისმგებლობა მარტო ’ოცნებას’ კი არა, ნაციონალების რელიგიურ ფრთასაც ეკისრება. დღევანდელი ტოტალიტარიზმი და ოცნების ინსტიქტური რელიგიურობა, მისი შეკრულობა ეკლესიის ყველაზე ბნელ ძალებთან  და პოლიტიკური რეპრესიები, ესაა სწორედ ჰომონეკანსურ-რელიგიური მენტალიტეტის ანათალი  და  ჩვენი საერთო და ბნელი, გაუაზრებელი, უტილიტარული და უნამუსო რელიგიურობის კანონზომიერი შედეგი და ნაყოფი… და არც ისაა შემთხვევითი, რომ  მაინცდამაინც იქ მოძოვა ქართულ პოლიტიკაში თხა და მგელმა ერთად, სადაც არამცდაარამც  უნდა მოეძოვა – აია-ილიათოლისტური  სახელმწიფოს შემდგომი დაკანონების გზაზე!

ასე იკითხება რელიგიური მონობის დღიური…

მაგრამ ვიცი და მტკიცედ მჯერა, რომ უახლოეს წლებში ეკლესიის რეიტინგი კატასტროფულად დაეცემა და მომავლის პოლიტიკაშიც სწორედ ის გაიმარჯვებს, ვინც დღეს სეკულარული ღირებულებების აშკარად აღიარებას გაბედავს და ასევე აშკარად გაემიჯნება ტოტალიტარულ საპატრიარქოს –  ქვეყნის განვითარების და დამოუკიდებლობის  გზაზე აღმართულ, ჯერჯერობით დაუძლეველ ჯებირს!

წარმატებებს ვუსურვებ ასეთ პოლიტიკურ ძალას და მის  გამოჩენას მოუთმენლად ველით მრავალი ქართველი, მათ შორის მორწმუნენი! ამინ!

მასალების გადაბეჭდვის წესი