კომენტარი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი პატრიარქის მიერ სტალინის შეფასების შესახებ

3 აგვისტო, 2013 • • 1540
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი  პატრიარქის მიერ სტალინის შეფასების შესახებ

“2013 წლის 29 ივლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსული ტელეარხის “Russia Today”-ს  მიმომხილველ ნადეჟდა კევორკოვასთან ინტერვიუში სსრკ-ს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) რამდენჯერმე დადებით კონტექსტში მოიხსენია და განაცხადა: “სტალინი განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ. ასეთები იშვიათად იბადებიან. მან იცოდა რუსეთის მნიშვნელობა, მსოფლიო მნიშვნელობა”.

 

საქართველოსთვის, რომელმაც XX საუკუნეში საბჭოთა ტოტალიტარიზმი გამოიარა, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის მიზეზებისა და მისი შემქმნელების ისტორიული და ზნეობრივი შეფასება. შეფასება აუცილებელია იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ არათავისუფალი საზოგადოების მძიმე მემკვიდრეობას.


სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში საპატრიარქოს ამ კუთხით არაფერი გაუკეთებია: ჩვენ ვერ გავიხსენებთ ვერც სტალინისა და ვერც სტალინიზმის მკაფიო ნეგაციას იმ საზოგადოებრივი ინსტიტუტის მხრიდან, რომელსაც საქართველოში ნდობის ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს.

 

უფრო მეტიც, საპატრიარქოს ცალკეულ წარმომადგენლებს არაერთხელ გამოუხატავთ პოზიტიური დამოკიდებულება სტალინისადმი, თუმცა, ეს გამონათქვამები მაინც ტოვებდა გარკვეულ სივრცეს ორაზროვნებისთვის. კათოლიკოს-პატრიარქის ინტერვიუმ კი, ამ მხრივ, ყოველგვარი ბუნდოვანება მოხსნა.

 

პატრიარქ ილია მეორეს განცხადება რამდენიმე ასპექტითაა უკიდურესად შემაშფოთებელი:

 

1. იოსებ სტალინის დადებითად წარმოჩენის ნებისმიერი მცდელობა შეურაცხჰყოფს სტალინური რეჟიმის მილიონობით მსხვერპლს, ციხეებსა და გულაგის სისტემაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ნაწამები, უსამართლოდ და სადისტურად მოკლული, მათ შორის ყველა ქართველისთვის ძვირფასი ადამიანების ხსოვნას.

 

2. ყურადღების გამახვილება სტალინზე, როგორც რუსეთის მსოფლიო მნიშვლელობის წარმომჩენ ფიგურაზე, რუსული იმპერიული მითოლოგიის ნაწილია. სტალინმა და სტალინიზმმა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, ათეული წლებით ძალადობრივად მოწყვიტა დამოუკიდებელ განვითარებას და XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან და უსამართლო რეჟიმს დაუქვემდებარა. აქედან გამომდინარე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ რუსული იმპერიული მითების გამეორება ქართული სახელმწიფოებრიობის პრინციპებისა და ფასეულობების უარყოფასაც შეიცავს.

 

3. საბჭოთა ბელადისადმი, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უსასტიკესი ტირანისადმი პოზიტიური დამოკიდებულება რადიკალურად უპირისპირდება ქრისტიანულ ეთიკას; უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონტექსტში, პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს საპატრიარქო სხვა ქრისტიანული ეკლესიების ისტორიულ გამოცდილებასა და პრაქტიკასთანაც მოდის წინააღმდეგობაში – კარგადაა ცნობილი, რომ კათოლიკე და პროტესტანტულმა ეკლესიებმა ერთმნიშვნელოვნად დაგმეს როგორც ნაციზმის მემკვიდრეობა, ასევე სტალინური ტოტალიტარიზმი.

 

დღეს უკვე ეჭვგვარეშეა, რომ საპატრიარქო მიზანმიმართულად ცდილობს, მითებით გადაფაროს ისტორიული სიმართლე, რაც მეტისმეტად ართულებას არცთუ შორეული წარსულის ადეკვატურ აღქმას, აღწერასა და შეფასებას. თუ ეს დამოკიდებულება არ გადაისინჯა და უარი არ ითქვა სტალინისა და მისი რეჟიმის აპოლოგიაზე, ჩვენს წინაშე არსებული ზნეობრივი და პოლიტიკური გამოწვევების დაძლევა და თავისუფალ ქვეყნად ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნება!”

მასალების გადაბეჭდვის წესი