კომენტარი

ინ კონგრეს ვერიტას!

16 ივნისი, 2013 • 1104
ინ კონგრეს ვერიტას!

შეერთებული შტატები დღეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მთელი დედამიწის დღის წესრიგს და ეს საკმარისი არგუმენტია საქართველოს მოქალაქეების ნაწილისთვის, რათა ამერიკის ნებისმიერი ქმედება ან განცხადება იმთავითვე გამართლებულად მიიჩნიონ – მათთვის შეერთებული შტატები ყოველთვის სწორია და ვინც შეერთებულ შტატებს არ ეთანხმება, ყოველთვის არასწორია.

 

ამის პარალელურად შეუძლებელია იმის არშემჩნევაც, რომ მოქალაქეების სხვა ნაწილში წვეთ–წვეთად გროვდება იმედგაცრუება ამერიკის მიმართ და ძალას იკრებს ანტიამერიკანიზმი, რაც, გარკვეულ პირობებში, შეიძლება მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფაქტორად იქცეს.

 

ამავე დროს, ამერიკანიზმი და ანტიამერიკანიზმი საქართველოში მხოლოდ საგარეო პოლიტიკის სფერო კი არ არის, თანდათან ზოგადად მსოფლმხედველობრივ ხასიათს იღებს და ქვეყნის შიგნით ძალთა განლაგების და პოლიტიკური ვითარების განმსაზღვრელ ერთ–ერთ უმთავრეს ფაქტორად ყალიბდება.

 

შეერთებული შტატები, რომელიც საქართველოში უპირობო საგარეო ზეორიენტირი იყო, სულ უფრო მეტად ხდება მხარე და, რაც უცნაურია, ამ პროცესს თავადაც უწყობს ხელს.

 

საქართველოში ამერიკის პოპულარობა და აშკარა პროამერიკანიზმი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ამერიკული ცხოვრების წესთან იყო ასოცირებული ისეთი ზოგადადამიანური ღირებულებები, როგორებიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და თანასწორობა ანუ ყველაფერი ის, რასაც დემოკრატია ჰქვია.

 

რეპრესიული და პროპაგანდისტული მანქანის წნეხმა ვერ შეაჩერა საქართველოს მოქალაქეების სწრაფვა, თავი დაეღწიათ იმ მდგომარეობისთვის, სადაც ჭეშმარიტების წვდომის და დადგენის უფლება მხოლოდ „უფროს ძმის“ პრეროგატივა იყო და ვინც ამ წესს არ დაემორჩილებოდა, დაისჯებოდა.

 

თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში საქართველოს მთავარი მოკავშირე სწორედ აშშ იყო, თუმცა, მანამდე დიდი ხნით ადრე ბევრი ამერიკული ატრიბუტი გაფეტიშდა და თავისუფლების სიმბოლოდ აღიქმებოდა.

 

სწორედ ამგვარი ამაღლებული “რომანტიული პროამერიკანიზმი” იქცა ბევრისთვის იმედგაცრუების ტრამპლინად, როდესაც მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ და დაინახეს, რომ ამერიკისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფოსთვის, მთავარია, საკუთარ ინტერესების და არა განყენებული დემოკრატიული ღირებულების დაცვა.

 

როგორც ჩანს, კონგრესის აღნიშნული განცხადებაც იმედგაცრუებათა სერიას გააგრძელებს, რადგან საქართველოს ბევრი მოქალაქე თავისი ნებით ვერაფრით დაიჯერებს, რომ იგი სიმართლეს შეიცავს და მის მიზანს მართლაც დემოკრატიის ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძე

ასევე დიდი გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ კონგრესის განცხადების შინაარსი სააკაშვილის გარემოცვის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ განაპირობა.

 

აშშ–ის კონგრესის ინფორმირებისთვის მსოფლიოში უძლიერესი სადაზვერვო და ანალიტიკური სამსახურები მუშაობენ და მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუების (და შემდეგ სხვების!) დაჟინებული სურვილით თუ აიხსნება იმის მტკიცების მცდელობა, რომ, თურმე, კონგრესი მაინცდამაინც გეოპოლიტიკურად საინტერესო საქართველოს მიმართ აყალიბებს თავის მიდგომებს „ვიღაცეების მიერ შეცურებული“ ინფორმაციების გათვალისწინებით.

 

ცხადია, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვარგარეთ იმგვარ ინფორმაციებს გააგზავნიან, როგორიც თავად აწყობთ, მაგრამ გარედან მიწოდებული ინფორმაციის გადარჩევა და გახმოვანება პოლიტიკის ქმნადობის შემადგენელი ნაწილია, რაც ყოველთვის რომელიმე მხარის მხარდაჭერას ნიშნავს და ამიტომ პოლიტიკოსები, როგორც წესი, სანდოდ და სარწმუნოდ აცხადებენ მხოლოდ იმ ინფორმაციებს, რომლებიც თანხვედრაშია მათ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებთან.

 

ასევე სწორი არ იქნება ამერიკელი პოლიტიკოსების ისეთ მიამიტებად შერაცხვა, რომელთაც სააკაშვილის ზეობის ჟამს საქართველო მართლაც „დემოკრატიის შუქურა“ ეგონათ და დღეს დემოკრატიის ნაკლებობა აწუხებთ.

 

აშშ ყოველთვის რეალპოლიტიკით მოქმედებს, რაც გულისხმობს მხოლოდ პრაგმატული და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ნაბიჯების გადადგმას და ამ გზაზე, როგორც ამერიკაში დაფრთიანებული გამოთქმა გვეუბნება, „ძაღლიშვილიც“ კი ასატანია, თუ ეს „მათი ძაღლისშვილია“!

 

ნაკლებსარწმუნოა ისიც, რომ თითქოს აშშ–ის კონგრესი საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას და დამუხრუჭებას აპირებს რამდენიმე ყოფილი ჩინოვნიკის დაპატიმრების გამო, რომელთა მიმართ წაყენებულ ბრალდებებსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც ეხმიანება.

 

აშშ–ის კონგრესის მიერ გაკეთებული განცხადება უფრო იმის გამოძახილი უნდა იყოს (მიუხედავად იმისა, შეუერთდება მას ამ ეტაპზე თეთრი სახლი, თუ – არა), რომ ამერიკის ოფიციალურ წრეებში გარკვეული კითხვები გაჩნდა საქართველოში ამერიკის ინტერესების დაცულობასთან დაკავშირებით. ამგვარი კითხვების გაჩენა, თავისთავად, მოულოდნელი სრულიადაც არ არის იმ რეგიონთან დაკავშირებით, რომელიც მუდამ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების არენა იყო, ასეთად რჩება დღესაც და ერთის გავლენის შესუსტება მომენტალურად იწვევს სხვების გავლენის ზრდას.

 

კონგრესის აღნიშნული განცხადება, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ამერიკა საქართველოს მიმართ თავის პოლიტიკას „ხვალიდან“ შეცვლის და მარტოს დატოვებს სხვა მეზობლების (!) ამარა, რომლებიც დაუყონებლივ და დიდი სიხარულით ისარგებლებდნენ ამ “საჩუქრით”.

 

საქართველოში ამერიკის ძლიერი პოზიციებით დაინტერესებულია როგორც საქართველო, ასევე – ამერიკა, ასე რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის საყურადღებო უნდა იყოს არა იმდენად განცხადების შინაარსი, რომელზეც პასუხის გაცემა რთული არ არის, არამედ განცხადების ქვეტექსტი და კონტექსტი. როგორც ჩანს, ამ ქვეტექსტებისთვის ჯეროვანი პასუხების გაცემა ხელისუფლების უახლოეს სერიოზულ ამოცანას წარმოადგენს.

 

და, თუმცა, კონგრესის განცხადების ქვეტექსტების მთავარი ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა, ამ განცხადებას წაიკითხავენ მოქალაქეებიც და წაიკითხავენ იმას, რაც წერია, პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველგვარი ქვეტექსტების და კონტექსტების გარეშე.

 

განცხადებაში კი ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების თვალსაზრისით საიმედო ურთიერთობების დამყარებაში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით.

 

ეს განცხადება საქართველოს ბევრი მოქალაქის მიერ აღქმული იქნება აშშ–ის კონგრესის მიერ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ მხარდაჭერად და მუქარად დანარჩენი მოსახლეობისადმი, რომ თუ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ საგამოძიებო ღონისძიებები გაგრძელდება, ქვეყანა, რომელსაც დასავლეთის ინტერესების სამსახური ლამის თავის უპირველეს პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული და ამის გამო არანაირ განსაცდელს არ ეპუება, შეიძლება, უეცრად, ასე ერთი ხელის მოსმით, მარტო დატოვონ გარეშე გამოწვევების წინაშე.

 

ყველა იმ უბედურების ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა, როდესაც ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ასე დაუმსახურებლად და მოულოდნელად ცივი წყლის გადასხმა შეიძლება არც იმდენად გამართლებული აღმზრდელობითი მეთოდი აღმოჩნდეს და დიდი ალბათობა არსებობს, რომ ასეთი განცხადებებს იმედგაცრუება და ანტიამერიკული განწყობების გაძლიერება მოჰყვება.

 

ძნელი არც იმის გამოცნობაა, რომ ამ განცხადების შინაარსი და მუქარის ტონი ბევრში კარგად ნაცნობი „უფროსი ძმის“ ასოციაციას აღძრავს, რაც ამერიკასთან დაახლოების სტიმულად ნამდვილად არ გამოდგება.

 

არიან პროამერიკულად განწყობილი პოლიტიკოსები და პოლიტიკასთან ახლოს მდგომნი, რომლებიც ამერიკის სიძლიერიდან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ საქართველოში ამერიკის ინტერესებს ვერაფერი დაემუქრება; რაც ამერიკის ინტერესებშია ყველაფერი სწორია და მაინც განხორციელდება, ხოლო რაც ამერიკის ინტერესებში არ შედის, ყველაფერი არასწორია და ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, ისინი მოქალაქეების განწყობას მნიშვნელობას არ ანიჭებენ და მათთთვის ანგარიშის გაწევა მხოლოდ დროის ფუჭად კარგვა ჰგონიათ.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ ტიპის პროამერიკანიზმი წარმოადგენს საქართველოში ანტიამერიკანიზმის გაძლიერების სერიოზულ წყაროს.

 

არსებობს ამისგან განსხვავებული, თუმცა, თავისი არსით ასევე პროამერიკული ხედვაც, რომლის მიხედვითაც ქართულ–ამერიკულ ურთიერთობების სიმტკიცე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამერიკისადმი საქართველოს მოქალაქეების კეთილგანწყობის შენარჩუნება–გაღრმავებაზე და ეს კეთილგანწყობა უბრალოდ რომანტიზმის სფერო კი არ არის, სწორედაც რომ რეალპოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, ვინაიდან, ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიქცეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკურ ფაქტორად.

 

ქართულ–ამერიკული ურთიერთობების ხასიათს უპირველესად ამერიკა განსაზღვრავს და კონგრესის განცხადების შემდეგ განსაკუთრებით საინტერესო იქნება დაკვირვება, თავად ამერიკა გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე როგორი “პროამერიკანიზმის” გაძლიერებას გადაწყვეტს, რომელსაც შეუვალ ჭეშმარიტებად მიაჩნია „უფროსი ძმის“ ყოველ სიტყვა, თუ რომელიც საკუთარი პოზიციის დაცვასაც შეეცდება ხოლმე ხანდახან.

 

თუმცა, მაინც რჩება ერთი თუმცა! ურთიერთობების როგორ ფორმას აირჩევს ამერიკა, ეს საქართველოს პოზიციაზეც არის დამოკიდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი