კომენტარი

შიში, რომელიც აერთიანებს

22 მაისი, 2013 • 1484
შიში, რომელიც აერთიანებს

 

diversity, homophobia,
diversity, homophobia,

რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მეტრომდე ფეხით ჩავლა გადავწყვიტე მეგობართან ერთად. რუსთაველის პროსპექტი აკადემიის შენობიდან გადაკეტილი იყო ავტომობილებისათვის და ფეხით შეიძლებოდა ჩავლა. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ქაშუეთს და მთავრობის სახლს, მით უფრო იზრდებოდა ხალხის რაოდენობაც. 

 

იმ ადგილზე, სადაც ინფორმაციის თანახმად “იდენტობის” ხალხი უნდა ყოფილიყო შეკრებილი, ანუ პარლამენტის შენობის წინ, ჭინჭრებით შეიარაღებული ქალბატონები, მამა ბასილ მკალავიშვილი და მისი მარჯვენა ხელი – ჩემთვის უცნობი მეორე მამა იდგნენ. სიტყვით გამომსვლელი მამა მოუწოდებდა საქართველოს გადარჩენას მეორედ მოსვლის ჟამს სოდომისა და გომორის ბედის გაზიარებისაგან. ენაწყლიანად განმარტავდა სოდომური ცოდვის სიმძიმეს და საფრთხეს, რომელსაც ის მოასწავებს საქართველოსათვის და ერის სულიერებისათვის.

 

შემდეგ ჩავედით პიონერთა სასახლესთან და იქ უკვე ნემსის ჩასავარდნი ადგილიც კი აღარ იყო დარჩენილი. იქვე პოლიციის კორდონი იდგა და ასე აჩერებდა მოწოლილ ხალხს. პოლიციელს ვკითხე, თუ შეიძლებოდა მეტრო თავისუფლებაში ჩასვლა. პასუხი არ მიმიღია, მაგრამ ჩემი შეკითხვა არ დარჩენიათ შეუმჩნეველი იქვე მჯდომ შუახნის ქალბატონებს, რომლებმაც ეჭვიანი გამოეტყველებით მკითხეს, თუ რად მინდოდა მეტროსკენ წასვლა, როცა მეტრო დაკეტილი იყო. ამ შეკითხვაში ჩანდა მათი დაეჭვება:  ხომ არ ვიყავი “იმათი” მხრიდან… ამასობაში მოულოდნელად გამოჩნდა პოლიციის კორდონისკენ თავისულების მოედნიდან მომავალი მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც ძირითადად ჟურნალისტებისგან შედებოდა.  ვიღაცამ დაიყვირა: ისინი არიან! მოდიან! და კორდონიც გაირღვა. რამოდენიმე ათასი ჯეელი პოლიციის კორდონს ისე გასცდა, როგორც ჰოლოგრამების მოჩვენებით გამოსახულებებს. მე ღობეზე ავძვერი და იქედან დავიწყე მოვლენების დაკვირვება. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თავისუფლების მოდნისკენ მორბენალ ათასობით განრისხებულ ახალგაზრდას   სამიზნე არც ჰყავდა და სასოწარკვეთილი დაეძებდა საკბილოს. ისინი დარობდნენ და ეძებდნენ… ალაგ- ალაგ მორბენალთა შორის შავანაფორიანი მამებიც მოჩანდნენ. ჩემ გვერდზე მდგომი ახალგაზრდა გოგონა ბოლო ხმაზე ყვიროდა: ჩაქოლეთ! ჩაქოლეთ!

 

როცა ამ ადგილს მოვშორდი და გაოგნებული სახლში დავბრუნდი, გავარკვიე, რომ ოცამდე ადამიანი დაშავდა და “იდენტობის ხალხი”, რომელიც ფაქტიურად არც დამინახავს, მიკროავტობუსით გაუყვანიათ სამშვიდობოზე. ქაშუეთთან კი ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მოწინააღმდეგე სასტიკად უცემიათ, ვინაიდან გრძელი თმები ჰქონდა და თანამედროვედ გამოიყურებოდა.

 სულ 2 დღე გავიდა და მრავალი აზრი გამოითქვა. მეც ვეცდები ჩემი პოზიცია ჩამოვაყალიბო.

 

 

მაგრამ მე მინდა ამ პრობლემის კულტურულ–ფსიქოლოგიურ ასპექტებზე გავამახვილო ყურადღება.

 

ჩემი აზრით, ამ პრობლემის ძირი არის საქართველოში ფესვგადმგულ სექსიზმში, კერძოდ, მახიზმში ანუ მასკულინურ შოვინიზმში.

 

სექსიზმი.

 

დააკვირდით, ყველა ჰომოფობი კომენტატორი  გეებზე – ჰომოსექსუალების მამრობით წარმომადგენლებზე კალმასობს და ენაწყლიანობს.  დარწმუნებული ვარ, მოთხოვნა მხოლოდ ჰომოსექსუალი ქალების იდენტობის დაცვაზე რომ ყოფილიყო მიმართული, ჩვენს ვაჟკაცებს ეს სასაცილოდაც არ ეყოფოდათ. პირიქითაც, ვუარისტული ზრახვები ვნებებს აუშლიდნენ მათ.

 

ეს საოცარი ნიაღვარი ნეგატიური ენერგიის მოქცევისა რუსთაველზე სწორედ ქართველი მამაკაცის ჰომოსექსუალური გამოცდილებისაგან დაცვის სურვილით არის გამოწვეული. 

 

ქართველი კაცი ძვირფასია. ის ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ქალი. და მის “გაქალებას” (ანუ მისი ორიენტაციის ცვლილებას) არავინ არ დაუშვებს. მერე რა, თუ სინამდვილეში ჩვენი კაცები დიდი სიმამაცით დიდი ხანია აღარ გამოირჩევიან. ფაქტი სახეზეა: ჩვენი მოსახლეობა იმდენად სექსისტია, რომ მას შემდეგ, რაც ჩანასახის სქესის დადგენა ხდება შესაძლებელი, გოგონები აბორტით ემშვიდობებიან სიცოცხლეს. ხელითხელ საგოგმანები მამაკაცებისათვის ჰომოსექსუალიზმის ქადაგებას ან ამ იდეასთან მათ მშვიდობიან თანაარსებობას ძნელად დაუშვებენ.

 

აუცილებლად აღსანიშნავია ამ ყველაფრის ისტორიული ფესვებიც. საქართველოში სასჯელის სასტიკი ზომა იყო ოდითგანვე  სარზე დასმა, ბოთლზე დასმა და სულ ბოლო მიღწევა – ცოცხის უკანალში გაკეთება. კაცის ამგვარი შეურაცხყოფა, რასაც ჟარგონზე გაქათმება ჰქვია, სასჯელის უსასტიკესი ფორმაა, ციხეებში რასაც უმოწყალოდ და დანაშაულებრივად იყენებდნენ, როგორც ციხის პოპულაცია, ასევე მათი ზედამხედველი პერსონალი აგერ უახლოეს წარსულშიც კი. 

 

 

 

სექსისტური ფარისევლობა:

ერის ზნეობის დაცვა არაფერ შუაშია.  ერის მორალურ სახეს ჩვენი აგრესიული ჯეელები სრულიადაც არ იცავდნენ.  დარწმუნებული ვარ, რომ  მექალთანეობა და ხშირი ჰეტეროსექსუალური  უმისამართო ურთიერთობები მათ მამაკაცური ზეაღმატებულების გამოხატულებად მიაჩნიათ. და რელიგიურ ენაზე რომ ვილაპარაკოთ, მემრუშეობით კიდეც ამაყობენ.

 

გარყვნილება ხომ ზე–ორიენტაციული პრობლემაა და ადამიანის ორიენტაციასთან კავშირში არაა. 

ადამიანი, რომელიც არატრადიციული ორიენტაციით დაიბადა და განიცდის რომანტიკულ სიყვარულს მისივე სქესის ადამიანის მიმართ, შეიძლება იყოს ისეთივე ერთგული და თავგანწირული სატრფო,  როგორც ნებისმიერი ჰეტერო- სექსუალი.  

 

 

 

სიბრიყვე და ქრისტიანულ პრინციპებში გაურკვევლობა.

 

სამღვდელოების მხრიდან ხდება ლგბტ მორაობის ბიბლიურ სოდმოთან და გომორთან გაიგივება და ამიტომ ჰომოფობ ბრბოს სჯერა, რომ სოდომიტები უტევენ ბოლო ჟამის საქართველოს, რომელიც აუცილებლად გაბრწყინდება და რომელსაც ქართულად დაელაპარაკება მეორედ მოსული იესო.  ამიტომ “იესოს ჯარისკაცები” დაუნდობლად განდევნიან იესოს და საქართველოს მტრებს. ქრისტე რომ ადამიანზე ძალადობას გმობს და არაძალადობას გვასწავლის სახარებიდან, ნაკლებად ესმის მრევლს, რომელსაც ალბათ კურთხევა არ ჰქონია სახარების წაკითხვაზე და ამიტომ ეს ძირითადი პრინციპი ქრისტიანობისა არც კი გაუგია.

 

 

დაბოლოს ცუდი ტაიმინგი.

 

ნაცმოძრაობა 10 წლის განმავლობაში ქართველ გაღატაკებულ ხალხს თავზე ახვევდა ფსევდო–ევროპულ ნარატივს და თავიანთი ვიწრო წრის გამუდმებულ დროის ტარებას აყურებინებდა სატელევიზიო საშუალებებით. შესაბამისად, მოქცევის ტალღა, რომელიც ნაციონალების წაგებას მოყვა, ანგრევს ყველაფერს, რაც მათ რეპრესიულ რეჟიმთან ასოცირდება, მათ შორის ლგბტ მოძრაობასაც. თანაც არ დაგავიწყდეთ, თუ რომელ ნაღმზე აფეთქდა ნაციონალური მოძრაობა. სწორედაც რომ ჰომოსექსუალიზმის მახინჯი გამოვლინებების სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებაზე: ცოცხებით მამაკაც პატიმართა გაუპატიურებაზე. ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ ამ ფონზე ლგბტ ქართველი კაცებისათვის ნაციონალების მხრიდან ჰომოსექსუალურ შეურაცხყოფად აღიქმებოდეს და ნებისმიერი დასავლელი უფლებადამცველი ექსპერტი, რომელიც ჰომოფობიას გმობს, –  ქართველ მამაკაცზე სოდომისტურ მოძალადედ. ეს ცხადად გამოვლინდა მეუფე იაკობის მუქარა–ქადაგებაში, რომელშიც იგი ნაციონალებს მიმართავს, დამთავრდა თქვენი პარპაშიო. ანუ თქვენი სოდომური ევროპის თავზე მოხვევა  და თქვენი მცდელობა ქართველი კაცის გაუპატიურებისა ციხესა თუ ციხის გარეთ სოდომური ფასეულობებით დასრულებულიაო. დიახ,  ლგბტ მოძრაობა, რომელიც არატრადიციული ორიენტაციით დაბადებული ადამიანების უფლებების შელახვას გმობს და სთხოვს საზოგადოებას, ჩვენც მიგვიღეთო, ქართველი კაცის გამაუპატიურებლად აღიქმება მრავალის მიერ.

 

 

თუ დავაკვირდებით, ვილაპარაკე შიშებზე და მხოლოდ შიშებზე. ქართველი კაცის გაქალების შიშზე, ბოლო ჟამის შიშზე, სოდომის და გომორის მსგავსად ქვეყნის განადგურების შიშზე და ნაციონალების მიმართ რევანშად გარდაქმნილ შიშზე. მემრუშეობით სიამაყეც შიშია, პატარა ცხოვრების უაზროდ გატარების შიში.

 

დიდ სურათს თუ შეხედავთ, დავინახავთ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ხდება ჰომოსექსუალიზმის თემით ჰომოფობი ქართველი ხალხის მანიპულირება. ჰომოფობიაზე აფეთქდნენ ნაციონალები (ქალების გაუპატიურება ციხეებში ნაციონალების არჩევნების შედეგებს არანაირად არ შეცვლიდა) და ჰომოფობიასთან დამარცხდა ოცნების პროგრესული ბირთვიც. ბურთივით ისვრიან ჰომოფობ ქართველებს  ჰომოსექსუალიზმის თემით ხან იქით,  ხან აქეთ. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ 17 მაისის მოვლენებით ამჟამად ნაციონალური მოძრაობა ცდილობდეს ქულების დაწერას. თუმცა…..

 

 ყველაზე აქტიური და აგრესიული მესამე პოლიტიკური მოთამაშე – ეკლესიაა, რომელსაც აქვს მკვეთრი პოზიცია ჰომოსექსუალიზმის მიმართ, და სრულიადაც არაჰუმანისტური. იგი ბიბლიურ სოდომთან – ღმერთის მიერ დასჯილ განადგურებულ ქალაქთან აიგივებს ჰომოსექსუალიზმს და ისედაც ჰომოფობ ხალხს ქვეყანაზე ღვთის რისხვის დატყდომით აშინებს. სწორედ ამიტომ ხედავს ყველა სახელმწიფო სტრუქტურების უსუსურებას სოდომის მითით შეიარაღებული ეკლესიის წინაშე, რომელიც თავის მხრივ ადამიანთა შიშებით მანიპულატორი ჯადოქრის როლშია დღეს.

 

მახიზმის დასაცავად, მაჩო–სექსისტი საქართველოს დასაცავად ჰომოფობიის რაშზე ამხედრებული ეკლესია და მისი ურიცხვი მხედრიონი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ღიად ჩაერთო. ვნახოთ, რა შედეგებით დამთავრდება ეს ყველაფერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი