კომენტარი

უტოპიური სულისკვეთება – ნორმალური სახელმწიფო ანტიჰომოფობიური გამოსვლის დარბევის შესახებ

19 მაისი, 2013 •
უტოპიური სულისკვეთება – ნორმალური სახელმწიფო ანტიჰომოფობიური გამოსვლის დარბევის შესახებ

თვითგვემის გზა რთულია და ეკლიანი. როცა მღვდელი, განდევნის რა საკუთარ თავში ხიფათის მომგვრელ ლტოლვას, ბოლოს და ბოლოს, მოახერხებს და მას ჩაიხშობს თავში, ყველაფერი ის, რაც მას ახსენებს საკუთარი თავისთვის მიყენებულ ტანჯვასა და არაცნობიერად იწვევს მიბაძვის სურვილს – სექსის მრავალსახეობა, თავისუფალი აზრი, უკანმოუხედავი ხელოვნება, უტოპიური ნატვრა – მასში გაუცნობიერებლადვე ბადებს განადგურების ჟინს. არაიგივეობრივი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა, რათა შენარჩუნდეს ამ მიწის სიწმინდე, რომლის სახელიც სამშობლოა. სუპერ-ეგო, საზოგადოებრივი ზნეობის ინსტანცია ადამიანში, მისი იდის არაიგივეობრივი ლტოლვების ძალადობრივ მოთოკვას მოითხოვს. ერთიანი მე კი, ეგო, მისი თვითგადარჩენის საშულება, საკუთარი თავისთვის მიყენებული დარტყმების იარა და, ამავე დროს, ძეგლია – ყველა იმ მსხვერპლისა, რაც მან გაიღო გადასარჩენად, მაშინ, როცა დაპირებული ხსნა ღმერთისაგან არსად არ ჩანს.

 

ხსნა – ტყუილია, ჭეშმარიტია მხოლოდ მისი მიღწევის სურვილი და იმის ფარული შეგრძნება, რომ ის მართლაც მიღწევადია, ოღონდაც, არა ისტორიის მარად იგივეს გამეორებით. იმ საზოგადოებაში, რომელშიც მღვდელს უწევს ცხოვრება, კვლავაც ბატონობს ძალადობა, რადგან ბატონობა ძალადობს. თუმცა, ამის აღიარება დაუშვებელია. ეს იქნებოდა ტოლი იმის გაცნობიერებისა, რომ არავითარი ზენა წესრიგი არ არსებობს, არავითარი სისტემა მავანს არ არჩენს; რომ ყველაფერი შეიძლება ყოფილიყო სხვაგვარადაც და, თანაც, საუკეთესოდ, ოღონდ, მხოლოდ მაშინ, თუკი იგი თავს დააღწევდა თვითრჩენის იძულებას – და შესაბამისად, ყველაც, რადგან ერთი მეორის გარეშე მიუღწევადია.

 

მარტოობა კი არავის არ სურს. შეცნობა იმისა, რომ მხოლოდ კერძო ინდივიდებს და არა ერებს შეუძლიათ იცხოვრონ გონივრულად, იყვნენ სოლიდარულნი ერთმანეთის მიმართ და განახორციელონ თავისუფლება, მარტოოდენ გამბედაობას კი არ მოითხოვს, როგორც თვითმიზანს. ის ეჭვის, თვითრეფლექსიის განზოგადებას ემთხვევა. მან უნდა უკუაგდოს ნებისმიერი ავტორიტეტი, რომლის შედეგიც არაიგივეობრივის იგივედ ქცევა, სხვა სიტყვებით: იმ სიცოცხლის, რომელიც ცოცხლობს, მსხვერპლად შეწირვაა.

 

ამიტომ, ტყუილს იწამებენ. ხოლო სიმწარე იმ სინდისის ქენჯნის გამო, რომ ტყუილით, როგორც ჭეშმარიტებით, ცხოვრობენ, სტიქაროსან მღვდლებს აიძულებთ, გაარღვიონ კორდონის ჯებირი და ძალით გამოასწორონ ყოველივე, რაც მათ თვალში ხვდებათ. ბუნებისადმი მიბაძვის თავისუფალი იმპულსით ყოველივე ასეთი რამ მათ საკუთარ მცდარობასა და იმ განდევნილს ახსენებთ, თავად ჯერ კიდევ წინ რომ აღუდგებათ, ჯერ კიდევ შერიგებას რომ მოითხოვს. უსტიქარო მღვდლები კი, რომელთა გარეშეც პირველთა ძალა უკბილოა, არის ყველა მოქალაქე ერთად. მოქალაქე, ასე ამბობს, მაგალითად, ჰეგელი, სრულქმნილი სახით ჯარისკაცში რეალიზდება. ჯარისკაცია ნებისმიერი მოქალაქე, რამდენადაც იგი საკუთარ თავს, დროს საკუთარი სიცოცხლისა, მსხვერპლად ერის, მოჩვენებითი ზოგადის, კეთილდღეობას სწირავს. მაიაკოვსკიზე მომცინარე მოქალაქე-ჯარისკაცი პატიოსანი მეწარმის, “ბურჟუას”, და თავდადებული საზოგადო მოღვაწის, “სიტუაიენის”, ერთიანობაა. ლიბერალიზმი ქრისტიანობის საპირისპირო არაა, ისინი ერთი ბატონობის ურთიერთობის ორი პოლუსია.

 

ამიტომ მცდარია ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი, როცა ამბობს 17 მაისის ეგრეთწოდებული “ანტიჰომოფობიური” გამოსვლის დარბევის შემდეგ, რომ საქართველოში “ქართულ ოცნებასთან” ერთად სიბნელემ დაისადგურა. “ნაციონალური მოძრაობისას” დრო და ვითარება, შესაძლოა, სხვა ყოფილიყო – ეროვნული სახელმწიფოს წესრიგი და მისი შინაგანი აგებულება იყო იგივე, რაც არ უნდა ამტკიცებდნენ საპირისპიროს მისი მხარდამჭერი ლიბერალებიც, რომლებიც ისედაც უცვლელ უმცირესობაში იმყოფებიან. ორჭოფულია “ოცნების” მემარცხენეობის საპირისპირო მტკიცებაც. რამდენადაც ის ტრადიციული სოციალიზმის ავტორიტარული ეტატიზმის დაგვიანებული მემკვიდრეა, რომლის მხოლოდ ლიბერალური ნაირსახეობა იყო არანაკლებად ნაციონალური “მოძრაობაც”, “ოცნება” მართლაც მემარცხენეა. ერის სამსახურში ის სოციალურ სახელმწიფოს აყენებს, მაშინ, როცა წინა რევოლუციური პარტია, ზედაპირზე, პირადი ინიციატივის მცველი “ღამის გუშაგ” სახელმწიფოს ქადაგებს. მაგრამ რამდენადაც მემარცხენეობა ნებისმიერი ბატონობის მოხსნისა და ინდივიდის შეუზღუდავი თავისუფლების განხორციელების იდეაა, “ოცნებასთან” მას მხოლოდ ერთეულების ოცნება თუ ექნება საერთო.

 

იქაც და აქაც, პარტია ემსახურება ორმაგ მიზანს: ეროვნული, საერთო-კაპიტალისტური, ინტერესების დაცვით კაპიტალის კერძო ფრაქციების კონკრეტული გაერთიანების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. სააკაშვილის პარტია გადაირჩიეს, სავარაუდოდ, რადგან ერის უმრავლესობას, ეკონომიკური რეპროდუქციის, თვითრჩენის, პროცესში ჩართულთა საკმარისად დიდ ნაწილს, საკუთარი ფრაქციული ინტერესები იმ მთავრობის ხელში საკმაო უსაფრთხოებაში აღარ ეგულებოდა. მას შემდეგ, რაც აბობოქრებული სქიტაროსან და უსტიქარო მღვდელთა რეკეტი ხსენებული გამოსვლის მონაწილეებს თავს დაესხა, სახელმწიფო ორგანოებმა კი ისინი უწყინრად გაატარეს, რათა შემდეგ პრემიერ-მინისტრის საჩვენებელ დემოკრატიული სიტყვებსათვის მიეცათ საბაბი, რომ სახელმწიფო ყველა განსხვავებული აზრის გამომხატველს იცავს, თუმცკი საქმით პოლიციას უმოქმედებას ავალებს, კვლავაც ისმის ჩივილი, რომ ჯერ ვერ მიუღწევია საქართველოს იმისთვის, “გვერქვას დემოკრატიული და ცივილიზებული საზოგადოება.” (ლიბერალი #55, გვ. გიორგი ცხადაია, “ანტიჰომოფობიური აქციის დარბევა დემოკრატიის იდეის დასამარებას ნიშნავს”). მაგრამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა სწორედ ის აჩვენა, რომ საქართველო არის დემოკრატიული და ცივილიზებული საზოგადოება. ერთი პარტიის მეორით არჩევნებით უახლეს ისტორიაში პირველად ჩანაცვლება სწორედ დემოკრატიულობის ნიშანია, რომელიც სულაც არ გამორიცხავს, როგორც ამას არც ისე ძველი მსოფლიო ისტორია გვასწავლის, დემოკრატიის დემოკრატიულ გაუქმებასაც. ამის ყველაზე თვალნათელი მაგალითი გერმანული ნაციონალსოციალიზმია. ზღვარი ამ ორ მდგომარეობას შორის ყოველთვის შეფარდებითი, არა სუბსტანციურია. ამის მიზეზი კი თანამედროვე საზოგადოების და მისი პოლიტიკური ერთეულის, ეროვნული სახელმწიფოს, სტრუქტურაში უნდა ვეძიოთ.

 

თანამედროვე საზოგადოების სტრუქტურა გვიანდელი კაპიტალიზმია, განმანათლებლობის დიალექტიკურ პროცესში ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითრჩენის რაციონალიზებული ფორმა. ამ უკანასკნელის ლიბერალური ფაზისაგან გვიანდელი იმით განსხვავდება, რომ კერძო ინიციატივა მეწარმისა, რაც დაბალი კლასის აქტიურობასაც მოიცავდა, სულ ცოტა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯერ ევროპაში, შემდეგ ამერიკასა და გლობალურად ჩანაცვლდა კაპიტალისა და სახელმწიფოს ისეთი ტოტალური ერთიანობით, სადაც კლასობრივი დაპირისპირება, კლასების ეკონომიკური ფუნქციის შენარჩუნების ფონზე, თითქმის უკვალოდ გამქრალია. ინტეგრაცია კლასების, როგორც კაპიტალისტური, ისე მუშათა, კაპიტალის აკუმულაციის პროცესში, რომლის კაპიტალიდანვე ამოზრდილი გარანტი ეროვნული სახელმწიფოა, სოციალურ-ფსიქოლოგიური ქცევის წესებით მყარდება. ისინი, საზოგადოებრივ ინსტიტუციებში ხორცშესხმული სახით, ცალკეულ წევრებზე კონტროლს რბილად ან არც ისე ბავშვობიდანვე ახორციელებენ.

 

სინდრომი საქართველოს სავარაუდო ჩამორჩენილობისა შეესაბამება ამ ბატონობით გამოწვეული ტრამვების მხოლოდ აშკარად ხილვადი ძალადობის განმახორციელებელი ჯგუფებისთვის მიწერას: დღეს მართმადიდებელთა რეკეტი, გუშინ მიტინგის დამარბეველი პოლიცია ან ომის მწარმოებელი რუსეთის ჯარი. ეს ძალადობა უეჭველია და ამიტომ იზიდავს თავისკენ პროექციის ძალას: ძალადობა, რომელსაც ნებისმიერ ეროვნულ სახელმწიფოში სტრუქტურული ხასიათი აქვს, დაიყვანება კერძო ჯფუგებისა და შემთხვევების გადახრებზე. პრობლემა კი აქ ის არის, რომ ამით ივარაუდება ნორმალური სახელმწიფო, რომლის თითქოს ტრანსგრესიაც იყოს ეს უშუალო ძალის გამოვლენის კერძო შემთხვევები, მაშინ, როცა ისინი უკლებლივ ბატონობის საზოგადოებრივი ურთიერთობებით არიან განპირობებულნი – მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი პირნი ამ ურთიერთობებში თავისუფალი არჩევნის საფუძველზე იქცევიან.

 

საფრანგეთის, მით უმეტეს, გერმანიის, ან, ყველაზე საკამათო, ამერიკისაც კი, ეტალონად გამოცხადება ააშკარავებს ფარულად იმავე ავტორიტარულ აზროვნებას, რომელსაც სამაგალითოდ კონკრეტული ძალადობის ექსცესების ავტორებს საქართველოში საყვედურობენ. ავტორიტარული ხასიათი ხომ ეთანხმება, უიგივდება რა მასზე ძლიერ აგრესორს, სხვას, საკუთარი სურვილისა და გონების საპირისპიროდ. დასავლურ ქვეყნებში მეტწილად განხორციელებულია საქონლური ურთიერთობების, კაპიტალის შეუზღუდავი მიმოსვლის სახელმწიფო პირობები. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ნებისმიერი კაპიტალიზმი არის საქონლის, როგორც სოციალური ურთიერთობის, გაბატონება, სადაც წარმოება და არსებობა ხდება კაპიტალის აკუმულაციის იმპერატივით და არა არაიგივეობრივის, იმ სიცოცხლის, რომელიც ცოცხლობს, რეალიზაციით, ის თავადაა იმ ლტოლვის განუწყვეტელი მოკვეთის წყარო, რომელიც თითქმის გარდაუვლად იწვევს, სუპერ-ეგოს გამძაფრებული ზეწოლის ქვეშ, საკუთარი ჩაგრული ლტოლვის გამო სხვათა არაიგივეობრივი სიცოცხლის სიძულვილს.

 

“შემდგარი” სახელმწიფო, რომელიც ფორმალურად იცავს ადამიანის უფლებებს, ადამიანთა გამოცდილების ისეთ რეგლემენტაციას ეფუძნება, მათ ქცევასა და მოთხოვნილებებს მხოლოდ საზოგადოებრივი რეპროდუქციის, თვითრჩენის, მაქსიმებს რომ უქვემდებარებს. ეს ლევიათანი, რომელიც სანსლავს ინდივიდის არაიგივეობრივ ტანს, ნაციონალსოციალისტური ბეჰემოთის თვითგამანადგურებლურ პოლიტიკურ შეშლილობას შინაგანად ენათესავება, თუმცკი განსხვავება მათ შორის არსებითი და, ამავე დროს, უეჭველად დასაცავიცაა. მაგრამ ნებისმიერი ლევიათანის დაცვა ვერ იქნება თვითმიზანი. ვისაც საქართველოს საფრანგეთად გადაკეთება სურს, ის განდევნის საფრანგეთის იმ არარეალიზირებულ მომენტს, რომელიც მის ბურჟუაზიულ რევოლუციაში უტოპიური ელემენტის სახით უკვე იყო აღმოცენებული და რომელიც თავად საფრანგეთმა, ისევე როგორც სხვა დასავლურმა სახელმწიფოებმაც, თავადვე არ განახორციელა.

 

თუკი პოლიტიკური პრაქტიკის მიზანი არ იქნება ისეთი მდგომარეობა, სადაც ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი კარგადაა, მაშინ მას არავითარი აზრი არ აქვს. საქონლურ ფორმაში, ანუ შრომაში, არაიგივეობრივი საზოგადოებრივი ზეწოლით დაიყვანება იგივეობრივ ნივთებზე, სახმარ ღირებულებებში გამოხატულ საცვალ ღირებულებებზე. მათ აყოლილი სურვილი უკვე მორგებულია ნეგატიური ტოტალობის ბატონობას, მაგრამ როცა მავანი გადის ქუჩაში, რომ გააპროტესტოს სექსუალურად განსხვავებული ლტოლვის უფლება არსებობაზე, ის, ცნობიერად თუ არა, სწორედ ამ უტოპიურ სულისკვეთებას მიჰყვება. მისი რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ნებისმიერი პოზიტიური უტოპიის უარყოფით. მათ რიცხვს ეკუთვნის არა მარტო სავარაუდო ნორმალური დემოკრატია ევროპაში, არამედ, განვითარებული საქართველოს სახელმწიფოც. ეს რეალიზაცია, შერიგება საზოგადოებაში, იქნებოდა იმ მდგომარეობის მოხსნა, სადაც, მაიაკოვსკის თანახმად, საზოგადოების თითოეული წევრი იძულებულია, ამა თუ იმ სახით, რეგლემენტირებულ გამოცდილებაში იცხოვროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი