კომენტარი

ნოდია: თუ განცხადება მართლაც დათა ახალაიას ეკუთვნის, სახიფათოა ნაციონალური მოძრაობისთვის

17 აპრილი, 2013 • 1291
ნოდია: თუ განცხადება მართლაც დათა ახალაიას ეკუთვნის, სახიფათოა ნაციონალური მოძრაობისთვის

გია ნოდია
გია ნოდია

ბატონო გია, შესაძლებელია თუ არა, დათა ახალაიას პოსტმა, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გარკვეული დაჯგუფებები შექმნას, რა პროცესები შეიძლება ამან გამოიწვიოს? 


თუ ვივარაუდებთ, რომ ეს განცხადება მართლაც დათა ახალაიას ეკუთვნის, ცხადია, ეს არასასიამოვნო და სახიფათო რამეა ნაციონალური მოძრაობისთვის. მანამდეც გარკვეული ჭორები და ხმები ვრცელდებოდა ბაჩო ახალაიასა და მერაბიშვილს შორის გარკვეული განხეთქილების შესახებ. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ასეც იყოს.  რა თქმა უნდა, ნებისმიერი განხეთქილება პარტიის შიგნით სასიამოვნო არ არის. განსაკუთრებით, თუ ის გარკვეული, გარე ზეწოლის ქვეშაც იმყოფება. შემდეგი საკითხია, რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ეს განხეთქილება. დაპირსპირების ღია სტადიაში გადასვლას და საფრთხეებს მე არ ველი ამ ეტაპზე. საფრთხე იქნებოდა მაშინ, თუ უთანხმოება მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს შორის იქნებოდა.


ანუ ახალაია არ არის ისეთი გავლენიანი ფიგურა, რომ მასთან დაპირისპირებამ სერიოზული რყევები გამოიწვიოს? 

 

ჩემი აზრით, არა. მიიჩნეოდა, რომ ის პრეზიდენტის პირადი პროტეჟე იყო, ფავორიტი და ეს იწვევდა გარკვეულ უკმაყოფილებას ნაციონალური მოძრაობის სხვა წამყვან წევრებს შორის. მაგრამ დათა ხალაია არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა. თუ ამ პირობებში პრეზიდენტსა და მერაბიშვილს შორის მოხდა რაიმე უთანხმოება, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ სერიოზულ განხეთქილებაზე. პრეზიდენტის მხარდაჭერის გარეშე, ბაჩო ახალაია არ არის საკმარისად გავლენიანი ფიგურა.


რაც შეეხება 19 აპრილის აქციას –  ხომ არ შეიძლება ამ ფაქტორმა იმ ადამიანების რიცხვი შეამციროს, ვინც აქციაზე მისვლას აპირებდა ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად? 


შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს მიმართვა გარკვეულწილად ამასაც უკავშირდებოდეს. ყოველ შემთხვევაში, ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ამ მიმართვის გავრცელება შეიძლება რაღაცნაირად ნაციონალური მოძრაობის შიგნით განხეთქილების პროვიცირებას ისახავდეს მიზნად. ის, ვინც ბაჩო ახალაიას გულშემატკვირობს, შეიძლება ისინი არ მივიდნენ აქციაზე. მაგრამ ახალაიას ფანების რიცხვი მცირეა. საზოგადოებაში ის ნაციონალური მოძრაობის ნეგატიურ მხარეებს უკავშირდება. თუ ის ნაციონალურ მოძრაობას გაემიჯნა, შეიძლება, ვიღაცას უფრო გაუადვილდეს ნაცმოძრაობის მხარდაჭერა.


პრეზიდენტმა განაცხადა გუშინ, რომ მას სულ 2-3 ჯერ ჰყავს ნანახი დათა ახალაია. რისი მიმანიშნებელია ეს, ხომ არ გააკეთა პრეზიდენტმა გარკვეული დისტანცირება? 


დათა ახალაიას არასოდეს ჰქონია ისეთი მაღალი თანამდებობა, რომ ხშირი შეხვედრები ჰქონოდა პრეზიდენტს. ეს არ გამორიცხავს, რომ ჰქონოდა, მაგრამ თანამდებობრივად არ ეკუთვნოდა. სავსებით შესაძლებელია, რომ პირადი კონტაქტი მასთან არ ჰქონოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი