კომენტარი

ნიკა ჩიტაძე: პრემიერის ხისტი განცხადებები არ წაადგება კოჰაბიტაციის პროცესს

4 მარტი, 2013 •
ნიკა ჩიტაძე: პრემიერის ხისტი განცხადებები არ წაადგება კოჰაბიტაციის პროცესს

“თვითონ ის ფაქტი, რომ არსებობს გარკვეული შეხების წერტილები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები ერთიანობაში და არ შეიზღუდოს მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილება, მისასალმებელია. ბუნებრივია, როცა მოლაპარაკება იწარმოება, არსებობს განსხვავებული პოზიციები. შესაბამისად, სრულიად ადეკვატური მგონია პრეზიდენტის მხრიდან მისი პოზიციის დაფიქსირება, რომ შეწყდეს ზეწოლა მედიაზე, სასამართლო ხელისუფლებაზე და ასევე ყოფილი ჩინოვნიკების დაბარება დაკითხვაზე. თვითონ იმ ფაქტს, რომ ეს პრობლემები პრეზიდენტის მიერ იყო გახმოვანებული, პრემიერი და მისი გუნდი გაგებით უნდა მოეკიდოს. მეორე მხრივ, სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ შეხვედრას უწოდა შეხვედრა შეხვედრისთვის. თუმცა კარგია, რომ პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა მომავალი შეხვედრებისთვის”, – განუცხადა ნიკა ჩიტაძემ “ნეტგაზეთს”.

 

საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნეგატიურად აფასებს ივანიშვილის ბოდიშს „მეგობარი სახელმწიფოებისადმი“ სააკაშვილის განცხადებების გამო.

 

“კონკრეტულად რაც შეეხება რუსულ დელეგაციასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ონიშენკომ ცოტა ხნით ადრე საქართველოს უწოდა კვაზისახელმწიფო და ქართველებს – ზარმაცი ერი. შესაბამისად, პრეზიდენტის განცხადება იყო ამის პასუხი. რაც შეეხება ივანიშვილის პოზიციას და ბოდიშის მოხდას, ეს არ არის კარგი, რადგან საერთაშორისო საზოგადოება იგებს, რომ კოჰაბიტაციის პროცესი საქართველოში ვერ ვითარდება პოზიტიურად და, შესაბამისად, არსებობს გარკვეული პრობლემები, რის გამოც პრეზიდენტისა და პრემიერის შეხედულებები საგარეო და საშინაო კურსთან დაკავშირებით ერთმანეთს ვერ ეთანხმება.

 

თვითონ ის ფაქტი, რომ მხარეები თანხმდებიან მოლაპარაკებას და არსებობს საფუძველი, რომ გარკვეული შეთანხმება შედგეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მისასალმებელი ფაქტია, თუმცა პრემიერის ხისტი განცხადებები, რომ ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის და სააკაშვილის გუნდის წევრები დამნაშავეები არიან, არ წაადგება კოჰაბიტაციის პროცესს”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.  

მასალების გადაბეჭდვის წესი