კომენტარი

არასამთავრობოების განცხადება საგარეო კურსის უცვლელობის უზრუნველყოფაზე

13 თებერვალი, 2013 • 1309
არასამთავრობოების განცხადება საგარეო კურსის უცვლელობის უზრუნველყოფაზე

“2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებს გადაუხვიოს ქვეყნის პრო-დასავლურ ორიენტაციას და საგარეო პოლიტიკურ კურსს. დღეს შექმნილია უნიკალური ვითარება, როდესაც შესაძლებელია საკანონმდებლო გარანტიების გზით ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის დაფიქსირება საგარეო პოლიტიკის ვექტორის უცვლელობასთან დაკავშირებით. 

ქვეყნის უსაფრთხო განვითარებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია საქართველოს დემოკრატიულ კურსს, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გასვლას და დევნილების ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებას. საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მკაფიოდ გამოხატული და დადასტურებული ნებაა, ამიტომ საქართველომ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს ინტერესებში არაა და, შესაბამისად, ქვეყანა არასოდეს უნდა შევიდეს დსთ-ში, ევრაზიულ კავშირში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ან პოსტ-საბჭოთა სივრცეში აღმოცენებულ რომელიმე სხვა გაერთიანებაში, სადაც მკაფიოდ არის გამოხატული რუსეთის დომინანტური როლი. 

მისასალმებელია, რომ ქვეყნის ეს პრიორიტეტები ნათლად არის ასახული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, ასევე სხვა სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტებში. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანში სრული სიცხადის შესატანად კარგი იქნება, თუ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მოახდენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის უზრუნველყოფას რაც შეიძლება მაღალი დონის საკანონმდებლო აქტით. 

მოხარული ვართ, რომ როგორც უმრავლესობა, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, ისე უმცირესობა და პრეზიდენტი თავიანთ განცხადებებში ადასტურებენ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დაუშვებლობას. ამ კონტექსტში ჩვენ მივესალმებით როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსულ ინიციატივას, რომ შედგეს ინტერ-ფრაქციული შეთანხმება საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, ისე საპარლამენტო უმცირესობის მიერ გაცხადებულ წინადადებას, რომ მოხდეს საგარეო პოლიტიკური კურსის საკონსტიტუციო დონეზე გამყარება.

 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს როგორც უმრავლესობიდან, ისე უმცირესობიდან, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი და სამივე შესაძლებელი ფორმით (ინტერ-ფრაქციული შეთანხმება, კანონი საგარეო პოლიტიკის შესახებ და საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება) გაამყარონ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ თემის ირგვლივ მიმდინარე სამოქალაქო განხილვის პროცესში, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ.” 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

GRASS (საქართველოს რეფორმების ასოციაცია) 
სიდა (სამოქალაქო განვითარების სააგენტო)
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)
სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი
პოლიტიკის ანალიზის ცენტრი (TCPA)
ახალი ეკონომიკური სკოლა
კოალიცია ევროპული საქართველოსთვის
რელიგიათა კვლევის ცენტრი
ქართველ თავადაზნაურთა საზოგადოება
ქართველთა და საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაცია
ცოდნის ფონდი
სუფთა პოლიტიკა
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
დემოკრატიის და უსაფრთხოების ინსტიტუტი (IDS)

მასალების გადაბეჭდვის წესი