კომენტარი

უნდა ჰქონდეს თუ არა დეპუტატს პარლამენტში ხანჯლის ტარების უფლება?

6 თებერვალი, 2013 • • 961
უნდა ჰქონდეს თუ არა დეპუტატს  პარლამენტში ხანჯლის ტარების უფლება?

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ უხანჯლო ჩოხით სიარულს თავის წარსულს და წინაპრებს ვერ აკადრებს:

“თუ ჩოხა ჩამაცვეს და ხანჯალი არ გამიკეთეს, ახლა ეგეთ ჩოხაში მე ვერ გავივლი და ვერ ვაკადრებ ჩემს წარსულს და ჩემს წინაპრებს, რომ ჩოხით, ყაწიმებით, აზიაცკებით, თუ რაც ქვია იმას, მოვიდე და ხანჯალი არ მეკეთოს, ახლა… თუ ხანჯალი გამიკეთეს და ეხლა ის ორპირად ლესილი არ იყო და რაღაცა იქ ბუტაფორია ჩამომკიდეს, ესეც ძალიან შეურაცხმყოფელი იქნება”.

 

ინიციატივის ავტორის,  “ქართული ოცნება–კონსერატორების” წევრის ბიძინა გუჯაბიძის განმარტებით, ხანჯალი ცივ იარაღად არ ითვლება:

 

“აქაც ყველაფერი კომპრომისის სახით იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ვიმსჯელებთ ამის თაობაზე უმცირესობასთანაც, უმრავლესობასთანაც. კომიტეტებზე იქნება განხილული. თუ პარლამენტი დაადგენს, რომ ხანჯალი მაინცდამაინც არ შეიძლება დარბაზში შეიტანო, კი ბატონო, ამაზეც თანახმა ვართ, ოღონდ სერიოზული არგუმენტები მათ მოუწევთ წარმოაჩინონ ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ხანჯალი არ არის იარაღი, ამ შემთხვევაში ის არის ეროვნული ტანსაცმლის შემადგენელი ერთ-ერთი აქსესუარი. “

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, საკითხი ძალიან სპეციფიკურია:

 

“ხანჯლის გარეშე ჩოხა ხომ შეიძლება ჩაიცვას ადამიანმა? ხოდა ჩაიცვას ხანჯლის გარეშე. “

 

 საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საშიშროებას ვერ ხედავს:

 

“მაღაზიაში, სადაც იყიდება დანები და სხვა ცივი იარაღი, გამყიდველსაც შეიძლება დავუსვათ ეს შეკითხვა, ხო? რამდენად  უსაფრთხოდ  იგრძნობს მყიდველი, როდესაც გამყიდველს ხელი მიუწვდება ამდენ, ასე ვთქვათ, ცივ იარაღთან, ან თუნდაც ცეცხლსასროლ იარაღთან. ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, არასერიოზულია.”

მისივე თქმით, თუ დეპუტატი იმ ჭკუამდე მივა, რომ კოლეგისთვის ზიანის მიყენება მოუნდა, ამას საწერი კალმითაც გააკეთებს.

 

განსხვავებული პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არაა დარწმუნებული, რომ ხანჯლის ტარება უსაფრთხო იქნება:

“როგორ მოხდება ამის გამოყენება, კაცმა არ  იცის. “

 

დავით დარჩიაშვილის თქმით, ბასრი იარაღი საშიშია:

“ამ ადამიანების ხელში მჭრელი, ბასრი იარაღი არის სარისკო. ისინი ვერ აკონტროლებენ თავის თავს, ძალიან ხშირად არ იქცევიან, როგორც პარლამენტის წევრს შეფერის. შესაბამისად, ძალიან დიდ შარში შეიძლება ჩაიგდონ თავი.”

 

დღესვე,  რამდენიმე წუთის წინ,  პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.  უმრავლესობის წევრების გაღიზიანება უმცირესობის წევრ ტარიელ ლონდარიძის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მასზე ზეწოლას შეეხებოდა. ინციდენტის გამო დეპუტატი ცუდად გახდა და პარლამენტში სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი