კომენტარი

გია ნოდია: ალასანიას სურვილი აღმოჩნდა დასჯადი

24 იანვარი, 2013 •
გია ნოდია: ალასანიას სურვილი აღმოჩნდა დასჯადი

ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ირაკლი ალასანიას სურვილი, რომ ყოფილიყო კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, არ იყო მასთან შეთანხმებული, მას მოუვიდა პატარა შეცდომა და ამის გამო გადააყენა ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან. როგორ უნდა გავიგოთ ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება? არის თუ არა ეს იმის ხაზგასმა, რომ ერთპიროვნული ლიდერია და მასთან შეუთანხმებლად არაფერი უნდა გაკეთდეს?

ცხადია ასეა. ყველა პრინციპულ საკითხზე ბიძინა ივანიშვილი იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ, როცა მინისტრთა კაბინეტი იქმნებოდა, როდესაც მან ღიად თქვა, რომ ასე ვთქვათ, მან თავის გონებაში შექმნა ეს კაბინეტი 15 წუთში. თუ განხილვა იყო, ეს 15 წუთს გაგრძელდა, ანუ უბრალოდ აცნობა ადამიანებს, ვინ რა თანამდებობას დაიკავებდა, ნუ, ამ შემთხვევაშიც ამას გაუსვა ხაზი. თუმცა ცოტა უცნაური იყო ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რამდენადაც მე ვიცი, ირაკლი ალასანიას საჯაროდ არ განუცხადებია, რომ ის აპირებს პრეზიდენტობას. თავისთავად სურვილი აღმოჩნდა დასჯადი.

ივანიშვილმა ღიად მიანიშნა ამ გადაწყვეტილებით, რომ მან შეუმცირა ირაკლი ალასანიას კოალიციის შიგნით გავლენის სფერო? როგორ შეიძლება ამის შემდეგ განვითარდეს მოვლენები? “თავისუფალი დემოკრატების”, ანუ ალასანიას გუნდის წარმომადგენელია მთავრობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელი, მინისტრი: თავად ალასანია – თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ასევე, ამავე პარტიის ქვოტით სოლიდური წარმომადგენლობაა შესული საქართველოს პარლამენტში. როგორ შეიძლება გადანაწილდეს კოალიციის შიგნით ძალთა თანაფარდობა?

გია ნოდია
გია ნოდია

თავისთავად ეს ნაბიჯი შეიძლება გავიგოთ, როგორც ერთგვარი გაფრთხილება ალასანიას მიმართ, აი, თუ ცუდად მოიქცეევი, რაღაც უფრო შემდეგი სანქციები იქნება, მაგრამ შესაძლებელია ამ ეტაპზე სხვა სანქციები და დამსჯელობითი ზომები ალასანიას მიმართ მიღებული არ იყოს. თუმცა რაღაცნაირად, არაფორმალურად ალასანიას პარტიის, “თავისუფალი დემოკრატების” პარტიის წონა კოალიციის შიგნით რამდენადმე შესუსტებულად შეიძლება მივიჩნიოთ.

ვინ შეიძლება ასეთ შემთხვევაში იყოს წარმმართველი ძალა?

წარმმართველი ძალა არის ერთი, ეს არის ბიძინა ივანიშილი. არანაირი სხვა წარმმართველი ძალა არ არსებობს, როგორც პარტია. შეიძლება ირაკლი ალასანიას ჰქონდა ილუზია, რომ მისი პარტია სხვებთან შედარებით უფრო ძლიერია, როგორც პარტია კოალიციის შიგნით, მაგრამ ეს ილუზია მას ალბათ აღარ ექნება.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირაკლი ალასანია მისი პროდასავლური კურსის გამო დაისაჯა და ისინი საუბრობენ იმ საფრთხეზე, რომ პრემიერმა შესაძლოა ეს კურსი შეცვალოს. რამდენად შეიძლება ამ მიზეზებზე საუბარი?

თავისთავად ალასანიას გადაყენება, თუ შევიწროვება, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში არის დამთხვევა, ანუ დაემთხვა ეს ამბავი ივანიშვილის განცხადებას ერევანში. ერთი და იმავე ინტერვიუში წარმოიშვა ეს ორივე პრობლემა. ალასანიას მხრიდან საპრეზიდენტო ამბიციები და ამავე ინტერვიუში მან თქვა, რომ სომხეთი არის საქართველოსთვის მისაბაძი ნიმუში საგარეო პოლიტიკის აგების რანგში, რაც გამორიცხავს პროდასავლურ ორიენტაციას, ცხადია. ასე რომ, ჩემი აზრით, ეს არის დამთხვევა გარკვეულად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის დამთხვევა, მაგრამ ისიც მართალია, რომ რაკი ამ კოალიციაში ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკური პარტია” არიან ის პარტიები, რომლებიც ასე თუ ისე გამოხატავენ ამ პროდასავლურ კურსს, ამიტომ ალასანიას დასუსტება, ამ პარტიის, დაჯგუფების დასუსტება შეიძლება რაღაც კოლერაციაში იყოს იმასთან, რომ სამომავლოდ გაგრძელდება ეს ტენდეცია, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი სულ უფრო ნაკლებად იყოს გამოხატული.

ასეთ დროს საპარლამენტო უმცირესობას რა ბერკეტები აქვს?

საპარლამენტო უმცირესობას პირდაპირი ბერკეტები ვერ აქვს ვერც ერთ ქვეყანაში, მაგრამ მას შეუძლია აპელირება საზოგადოებრივ აზრთან და კერძოდ, იმის ხაზგასმა, რომ თუ არჩევნების წინ კოალიცია, როცა ის ოპოზიცია იყო, პირდებოდა საზოგადოებას, რომ შეინარჩუნებდა საგარეო კურს, აღმოჩნდა, რომ ის ამას არ აპირებს და გარკვეულად გამართლდა ეჭვები “ნაციონალური მოძრაობის”, რომ ისინი სინამდვილეში აპირებენ კურსის შეცვლას, ასე ვთქვათ, სალაპარაკო მიეცა თუ შეიძლება ითქვას, “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ ის სწორი იყო და შესაბამისად, მას აქვს შეიძლება გარკვეულად შანსი, რომ გაზარდოს მისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამის ხარჯზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი