კომენტარი

გია ხუხაშვილი: სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ ტყავზე ფიქრობს

18 იანვარი, 2013 •
გია ხუხაშვილი: სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ ტყავზე ფიქრობს

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

როგორც გია ხუხაშვილი აცხადებს, სააკაშვილის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ 2013 წლამდე ქვეყანაში სიტუაცია კრიმინალიზებული იყო:

“გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება. მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში ის საუბრობდა, რომ ლეგალიზებული იყო ყველაფერი, რომ გადასახადები იკრიბებოდა ქვეყანაში, რომ დეკრიმინალიზებული იყო ყველაფერი და ბიზნესი იყო თავისუფალი. ფაქტიურად გუშინ მან აჩვენა ერთი რამ – სისტემური სიმახინჯე. 2013 წლამდე მთლიანად კრიმინალიზებული იყო სისტემა და დღეს ის ითხოვს ამნისტიას, ამნისტიას ითხოვს არა ბიზნესისთვის, არამედ საკუთარი დანაშაულებრივი სისტემისთვის”, – აცხადებს ხუხაშვილი. მისი თქმით, ბოლო წლებში ყველაფერი და მათ შორის ბიზნესიც ხელისუფლებისთვის მუშაობდა:

“ბოლო წლებში ყველაფერი მუშაობდა ერთ სალაროზე, მათ შორის ბიზნესიც, რასაც ერქვა სახელისუფლებო სალარო. ყველგან იყო წილები, კრიმინალიზებული იყო ეს ურთიერთობები. ეკონომიკური დანაშაული ატარებდა სისტემურ ხასიათს და, როგორც ჩანს, სააკაშვილმა ამის შესახებ იცის. როგორც მას ახასიათებს, ის შეეცადა კრავის ქურქში გახვეულიყო და ნიანგის ცრემლებით ეტირა, სინამდვილეში მხოლოდ საკუთარ ტყავზე ფიქრობს. მიხეილ სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ ამნისტია გამოუცხადოს მიხეილ სააკაშვილს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილი თვლის, რომ რეჟიმი აუცილებლად უნდა გასამართლდეს:

“ბიზნესი შეიძლება ქართველმა საზოგადოებამ განიხილოს როგორც მსხვერპლი, თუმცა ეს არ არის ასეთი მარტივი საქმე, რომ ერთი ხელის მოსმით ჩამოიწეროს ყველაფერი. მე ვფიქრობ, ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა გაიმართოს, თუ როგორი უნდა იყოს ეს ამნისტიის პროცესი”, – აღნიშნა ხუხაშვილმა. ის თვლის, რომ მიუხედავად იმისა, შინაგანად ვეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ ინიციატივას, ეს მისი მხრიდან ცინიკური განცხადება იყო:

“რაც შეეხება სამხედროების თემას, ეს ძალიან ცინიკური განცხადებაა. ჩვენ ყველას გვახსოვს კადრები, როდესაც ვეტერანები გმირთა მოედანზე უმოწყალოდ დაარბია მისმა ხელისუფლებამ. ჩვენი ვალდებულებაა ამ ხალხის დაფასება და სოციალური დაცვაც, მაგრამ მისი მხრიდან ამის ლაპარაკი ძალიან ცინიკურად ჟღერს. ხოლო რაც შეეხება პირადი მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მის ინიციატივას, მე ვარ პირადად მსხვერპლი იმისა, თუ მისმა სპეცსამსახურებმა როგორ ჩაბურღეს ჩემი სახლის თავზე, ყველამ იცის, როგორ ხდებოდა მოსმენები და შემდეგ ტირაჟირება ამის. რა თქმა უნდა, იდეაში მის ინიციატივას ყველა ვეთანხმებით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პირიდან ამის მოსმენა ძალიან აუტანელია იმიტომ, რომ მისი სისტემა ამაზე იდგა”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს სამ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს, რომელთა შესახებაც მან დღეს, 17 იანვარს ტელევიზიების ჟურნალისტებთან ისაუბრა. პირველი კანონპროექტი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ეხება, მეორე საკანონმდებლო ინიციატივა -პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ხოლო მესამე კანონპროექტი- სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ გარანტიებს.


მასალების გადაბეჭდვის წესი