კომენტარი

გიორგი მელაძე: ბარათაშვილის არჩევა ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება იყო

26 დეკემბერი, 2012 • • 1689
გიორგი მელაძე: ბარათაშვილის არჩევა ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება იყო

გვაინტერესებს თქვენი შეფასება, მოგწონთ თუ არა არჩეული კანდიდატი და რატომ?

 

კი, მე მომწონს, ამ ეტაპზე წარმოდგენილი კანდიდატეიბიდან ყველაზე რეალურ კანდიდატად მეჩვენება ძალიან მარტივი რამდენიმე არგუმენტის გამო. ერთი, რომ ამ ადამიანს აქვს ძალიან კარგი ცოდნა შიდა სიტუაციის, მას აქვს მენეჯერული გამოცდილება და ტელევიზიაში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება.  ფაქტობრივად, მისი ხელით არის აწყობილი ამ წუთისთვის მეორე არხი, რომელიც ითვლება, რომ არის ერთ–ერთი მაღალი სტანდარტის მქონე ტელევიზია და უზურნველყოფს კარგ ხარისხს. ის არის კრიზისულ სიტუაციებში საკმაოდ კარგად ორიენტირებადი ადამიანი, რადგან ჩვენ როდესაც შეგვემნა კრიზისი და ფაქტობრივად დაიწვა სამართავი სასერვერო განყოფილება, რაც პირველ არხს გათიშვით ემუქრებოდა, მან შეძლო უსწრაფესად აღმოეფხვრა კრიზისები ისე, რომ არც დატყობია მაუწყებელს ხარისხზე. მას აქვს კონკრეტული ხედვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რასაც ის ინტერვიუებშიც აფიქსირებდა, გამოსვლებშიც დააფიქსირა. ჩემი აზრით, ის ამ დროისთვი ყველაზე ადეკვატური კანდიდატურაა. 

 

თქვენ რა არგუმენტებიც ჩამოთვალეთ, იგივე პლუსები არ ჰქონდათ სხვა კანდიდატებს?

 

ჩემი პირადი განწყობა იყო ძალიან დადებითი ქალბატონი მეგის მიმართ, ოღონდ მან ვერ აჩვენა ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება, რაც ამ წუთისთვის შეიძლება მისი ნაკლი იყო. რაც შეეხება  ზოგადად ყველა სხვა კანდიდატს, ახლა გვაქვს სპეციფიკური ვითარება მაუწყებელში. მე პირადად ვთვლი, რომ რთულია ექსპერიმენტების ჩატარება ამ ეტაპზე. კრიზისული ვითარებაა, ამიტომ, მე მგონი,  მეტი მდგრადობის უზრუნველსაყოფად იყო კარგი გადაწყვეტილება. 

 

კრიზისული ვითარება რით არის გამოწვეული?

 

კრიზისული ვითარება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. ერთი გახლავთ ამ წელს განხორციელებული მოქმედებები, რამაც ხაზინასთან მიმართებაში გარკვეული ვალდებულებების წარმოშობა გამოიწვია, წინა დირექტორი მედიაციით ცდილობდა ამ საკითხის მოგვარებას, მაგრამ ახალმა ფინანსთა მინისტრმა უარი თქვა რაიმე მოლაპარაკებაზე, მიუხედავად იმისა, რომ პროექტები, რომლებიც არხზე ხორციელდებოდა, იყო საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროექტები და ფაქტობრივად წარმოიშვა უცაბედი კრიზისი, თუმცა ეს არ არის გამოუვალი მდგომარეობა, არსებობს რამდენიმე გამოსავალი და მათ განხორციელებას ჭირდება ცოდნა.  მეორე– ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული გეგმა გაწერილი, საით უნდა წავიდეს ტელევიზია, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ამ ნაბიჯებთან მიმართებაშიც აღმოჩნდა, რომ ტელევიზია ვერ აღწევდა დასახულ მიზნებს, ამიტომაც დირექტორმა ჩათვალა საჭიროდ გადადგომა. 

 

საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა ენახა, ბორდის მსჯელობა როგორ მიმდინარეობდა. 

 

მე არ მგონია, რომ ეს არსებითი არგუმენტია.  ეს არგუმენტი ხშირად ისმის ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში– არის თუ არ მსჯელობა. მე მგონია, რომ ასეთი მსჯელობა რომც ყოფილიყო, პრინციპში, ღია არ უნდა ყოფილიყო, რადგან მეტნაკლებად ის უჩვენებს ბორდის განწყობებს და შესაძლოა, როდესაც ასეთი მსჯელობები ღიად გამოდის, მან გავლენა მოახდინოს ბორდის წევრებზე, ზეწოლის ფორმით იქნას გამოყენებული. ასევე შიდა მსჯელობები, მათ  შორის ერთი, უშუალოდ კანდიდატების შერჩევის დასრულების შემდეგ იყო, გაიმართა, მასში  ქალბატონი ნინო დანელიაც მონაწილეობდა. მასთან იყო განხილვა. ის თავის პოზიციას აფიქსირებდა იმ კანდიდატთან მიმართებაში, რომელიც მას მოსწონდა. მეც და რამდენიმე კოლეგამ ერთმანეთს გავაცანით ჩვენი წარმოდგენები.

 

ანუ შედგა ეს მსჯელობა დახურულად?

 

დახურულად ამას ვერ დავარქმევთ. ჩემი აზრით, დახურულია თუ ღიაა, მსჯელობა არ არის  პროცესის არსებითი ნაწილი, რადგან ყველა წევრმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება იმ ინფორმაციის შედეგად, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ. ეს არის ყველა წევრის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ეს არ არის კოლექტიური გადაწყვეტილება.  ამიტომაც ეს კონსესუსიზმით არ მიიღება. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.  ჩემი აზრით, თქვენ არ აქცევთ ყველაზე მთავარ ნაწილს ყურადღებას, ამ პროცესში რაც იყო. არსებითი ნაწილი იყო ის, რომ საზოგადოებას აქვს საშუალება, ნახოს პროცესის მიმდინარეობა მთლიანად და თავადაც გააკეთოს დასკვნები. ისევე, როგორც ბორდის წევრებმა გააკეთეს თავისი დასკვნები. როგორც  მე ვარ მზად, რომ აგიხსნათ ჩემი პოზიცია, რატომ  მივიღებდი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება პრობლემა სხვა წევრებთან მიმართებაში. 

 

ამას იმიტომ გეკითხებით, რომ 8 ხმა მოიპოვა გიორგი ბარათაშვილმა, ფაქტობრივად ერთსულოვანი იყო გადაწყვეილება. 

 

ფაქტობრივად ერთსულოვანი არ ყოფილა გადაწყვეტილება, საკმაოდ მნიშვნელოვანია ის 5 ხმა, რომელიც მან არ მოიპოვა, ასე რომ, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ერთსულოვანი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ უმრავლესობით და ამ შემთხვევაში პირველივე კენჭისყრაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა უმრავლესობით. თუმცა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება  არ არის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. 

 

საეთერო დებატების შემდეგ ნათია ამბრამიას კანდიდატურას ჰქონდა მხარდაჭერა, განსაკუთრებით გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში. 

 

მე არ მინდა შევაფასო, რომელიმე კანდიდატი უკეთ გამოვიდა, ნაკლებად კარგად წარმოაჩინა თავის პოზიცია.  ერთია უნარი,  ადამიანმა წარადგინო შენი თავი, მეორეა, ამ უნარის მიღმა არსებობდეს  სხვა მოცემულობები, რომლებიც შესაფერისს ხდის კანდიდატს გარკვეული თანამდებობისთვის. ეს არ არის პოლიტიკური თანამდებობა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. ეს არ არის პოლიტიკური თანამდებობა, როგორც განიხილება  ძალიან ბევრი აქტიური ჟურნალისტის მიერ. ეს არის ჩვეულებრივი მენეჯერული თანამდებობა. იმასთან ერთად, რომ ადამიანს შეუძლია იყოს რეპრეზენტატული, მას ჭირდება ასევე კონკრეტული ცოდნა საქმის. 

 

ცოდნაზე აპელირებდნენ ნათია აბრამიას მხარდამჭერები.

 

მესმის, მესმის, არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში აპელირებდნენ. კანდიდატმა შეძლო წარმოადგინა თავისი ბიოგრაფია საკმაოდ სრულყოფილად და ჩვენ გვქონდა საშუალება, კარგად განგვეხილა და შეგვესწავლა, არა მხოლოდ მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მე პირადად  ბევრი ინფორმაცია დამოუკიდებლადაც დავძებნე, ვკითხე  ძალინ ბევრ ადამიანს, რომელიც მას იცნობს. მინდოდა ძალიან კარგი შთაბეჭდილება მქონოდა საბოლოოდ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ასე რომ, მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით მე პირადად არ მიხელმძღვანელია. 

 

და მაინც მიგაჩნიათ, რომ გიორგი ბარათაშვილის უკეთესი კანდიდატურა იყო?

 

მე მიმაჩნია, რომ  ამ ეტაპზე ეს იყო ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი