ნეტგაზეთი: რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრობლემა და აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ იქნება მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი?
ზვიად ქორიძე: თუ დავაკვირდებით ბოლო რვა წლის განმავლობაში, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს, დავინახავთ ერთ მნიშვნელოვან მომენტს: ამ ტელევიზიას მაშინ უდგება შიდა კრიზისული ვითარება, როცა ქვეყანაში ან პოლიტიკური კრიზისია, ან სამთავრობო კრიზისი, ან ხდება ისეთი რაღაც, რაც მოხდა 1 ოქტომბერს – ერთი მთავრობა შეცვალა მეორე მთავრობამ. ამანაც გამოიწვია მცირე, მაგრამ მაინც კრიზისული ვითარება ქვეყანაში. როცა ეს ხდება, კრიზისი მომენტალურად უჩნდება საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამან ჩვენ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველობის წესი, რომელსაც კანონი განსაზღვრავს და წესი, რომლითაც მაუწყებლი მუშაობს, არის მანკიერი და პირდაპირ არის მიბმული პოლიტიკურ კონიუნქტურაზე.
როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია?
უნდა შეიცვალოს მექანიზმი არა მარტო საბჭოს ამ შემადგენლობისა, არამედ შესაცვლელია საბჭოს დაკომპლექტების წესი და მისი ვალდებულებები. ამდენად, სამეურვეო საბჭო ანგარიშვალდებული უნდა იყოს საზოგადოების წინაშე, რა ფორმით უნდა მონაწილეობდეს ის მაუწყებლობის მართვაში და უნდა იყოს განსაზღვრული მისი პასუხისმგებლობა. სამეურვეო საბჭო ამჟამად არის სრულიად უპასუხისმგებლო ორგანო. მათ ახლა განაცხადეს სხვათაშორისად, კი, იყოო საგადასახადო დავალიანებაო, იყოო რაღაც გადახარჯვაო და აი, დირექტორი გაუშვეს, დააკმაყოფილეს მისი განცხადება და რა, ამით დამთავრდა ყველაფერი? ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ამჟამინდელ სამეურვეო საბჭოს არა აქვს არანაირი პასუხისმგებლობა, ეს არის რაღაც ლეღვის ფოთოლი. ახლა დგას საკითხი, რომ ამ საბჭოს მართლა დაეკისროს პასუხისმგებლობა, მართლა ისეთი ორგანო აირჩეს, სადაც მთლიანად იქნება გამორიცხული ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს მონაწილეობა, სადაც ასევე იქნება გამორიცხული სასამართლოს მონაწილეობა. ეს უნდა იყოს პარლამენტის მიერ მაღალი სანდოობით არჩეული ორგანო, სადაც საბჭოს ცალკეულ წევრებს ექნებათ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციური ძალების ნდობა. კოალიცია მედიის ადვოკატირების მიერ მომზადებულ კანონპროექტში, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება, გვაქვს მექანიზმები, როგორ უნდა იყოს დივერსიფიცირებული სამეურვეო საბჭოს წევრთა შემადგენლობა, რომ იქ არ მოხდეს კონტროლი პოლიტიკური ძალების მიერ. რა თქმა უნდა, ამას უახლოეს მომავალში განვიხილავთ მედია ადვოკატირების კოალიციაში და წარმოვუდგენთ საზოგადოებას.
როგორ შეაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შერჩევის პროცესს? რამდენად სწორად წარმართავს მას სამეურვეო საბჭო?
ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელ საბჭოს, შეაჩეროს მან მაუწყებლის დირექტორის შერჩევის ცაიტნოტურ რეჟიმში მიმდინარე პროცესი, რადგან ასეთი სასწრაფო ვითარება არ არის. არსებული კანონი მათ აძლევს საშუალებას, პროცესი უფრო ხანგრძლივი იყოს, უფრო მეტად მონაწილეობდეს მასში საზოგადოება და უფრო მეტი ინტერესი იყოს. თავისთავად ეს საბჭო არც არის დაინტერესებული, საზოგადოება მონაწილეობდეს ამ პროცესში. საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე მეოთხე დირექტორი უნდა შეირჩეს და ეს პროცესი ყოველთვის მიდის საზოგადოების სრული იგნორირებით. სწორედ ამიტომ არ მიმაჩნია საჭიროდ პირადად მივიღო ამ კონკურსში მონაწილეობა და ჩემმა ძალიან ბევრმა ღირსეულმა კოლეგამ, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობის, უარი თქვეს ამაზე. ახლა რასაც აკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, ეს არის პროცესის კარიკატურიზაცია. ჩვენ არ უნდა დავანებოთ ეს იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ამ საბჭოსი არ არის. საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ ისიც უნდა გაიაზროს, რომ საზოგადოებას სჭირდება ტელევიზია და საზოგადოებისგან გაღებული თანხებით ფინანსდება ეს საბჭოც. სწორედ ამიტომ მათ არ უნდა დაიწყონ ამ პროცესის კარიკატურიზაცია, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს დაანგრევს როგორც სისტემას.
თუ პარლამენტმა კანონი შეცვალა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დაშალა, ხომ არ გახდება ეს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მაუწყებელზე მოხდა პოლიტიკური ზეწოლა?
ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი 8 მილიონს გაფლანგავს 2 წელიწადში, ეს ზეწოლა არ არის საზოგადოებაზე? ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აკეთებს ისეთ გადაცემებს, რომელიც საზოგადოებას სჭირდება, არ არის ზეწოლა საზოგადოებაზე? ან როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა ინფორმაციას მალავს და არ აწვდის საზოგადოებას, არ არის ზეწოლა საზოგადოებაზე? რა ტიპის პოლიტიკურ ზეწოლაზეა საუბარი? ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზოგადოებამ მიიღოს ნორმალური ტელევიზია, თუ არა და უფრო გლობალური მასშტაბის დისკუსია უნდა დავიწყოთ ქვეყანაში, გვჭირდება საერთოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც იქნება მხოლოდ პოლიტიკური ინსტიტუცია?