კომენტარი

ზაქარეიშვილი: რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე აფხაზებმა უარი თქვეს

19 დეკემბერი, 2012 • 1464
ზაქარეიშვილი: რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე აფხაზებმა უარი თქვეს

ბატონო პაატა, მას შემდეგ, რაც მინისტრი გახდით, კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადადგმული კონფლიქტების მოგვარების კუთხით?

 

კი, არის კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობთ, ველოდებით უკურეაქციას. არის საკითხები, რომელიც მუშაობის პროცესშია და როგორც კი მხარეების მიერ იქნება მიღებული, ამაზე მერე ვილაპარაკებთ. როგორც კი ვთქვი რაღაც კონკრეტული, მაშინვე დაიწყო რაღაც სხვა ლაპარაკი, იდეის დონეზე, რომ რაღაცას ვამბობდი, მაბრალებდნენ, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება. სჯობს არ ვილაპარაკოთ და საქმეებმა ილაპარაკოს ჩვენზე.

 

დაახლოებით მაინც რომ ვთქვათ, რაზე კეთდება აქცენტი ამ მოლაპარაკებების დროს?

 

სამშვიდობო პროცესებზე. იმაზე, რომ გამორიცხული იქნება ყოველგვარი აგრესია და იქნება ნაბიჯები აფხაზი და ოსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ საქართველოს სუვერენიტეტს არ დაარღვევს. 

 

ლავროვი ბოლო განცხადებებში ამბობდა, რომ საქართველომ რუსეთთან საუბარი არ უნდა დაიწყოს აფხაზეთსა და ოსეთზე საუბრით და არ უნდა მოიხსენიოს ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებად, ამ რიტორიკის პირობებში რამდენად შესაძლებელია რუსეთთან საუბარი?

 

ეს არის უშუალოდ ჩემი საკითხი, პირველი შეხვედრებია და ნამდვილად არ მინდა ამ შეხვედრებს დავასწრო და რაღაც განცხადებები გავაკეთო.

 

ბატონო პაატა, NDI-ის ნოემბრის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 68 პროცენტი მომხრეა რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისა აფხაზეთის გავლით, რას ფიქრობთ ამ საკითხზე, რამდენად შესაძლებელია, რომ სწორედ ამ ნაბიჯით დაიწყოს აფხაზეთთან საუბარი? 

 

არ არის ამაზე საუბარი, რადგან აფხაზებმა უარი თქვეს, ეს ჩვენ არ გვაინტერესებსო. თუ მათ არ აინტერესებთ, ჩვენ თავზე ვერ მოვახვევთ ვერაფერს. 

 

მაშინ რაზე უნდათ საუბარი, რა არის მათი პრიორიტეტი?

 

ვიცით და ვმუშაობთ ამაზე. 

 

რა დრო სჭირდება, რომ ამაზე დაიწყოს საუბარი?

 

მინიმუმ ხუთი-ექვსი თვე.

 

ამ ბოლო დროს ისევ გაჟღერდა დსთ-ში საქართველოს შესაძლო დაბრუნების საკითხი, როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს?

 

რატომ გვაქვს ხოლმე იმაზე რეაქცია, რას იტყვის რუსეთი ან სხვა ვინმე? თუ ჩვენ არ ვაპირებთ დსთ-ში შესვლას, თუ გინდა მთელმა მსოფლიომ ილაპარაკოს. ის იტყვის ერთს, მე ვიტყვი მეორეს. გვაქვს ქართველებს ეს არტისტიზმი, რომ სულ ის გვაინტერესებს, გარედან როგორ ვჩანვართ. სულ გვაქვს ის მომენტი, რუსეთმა რა თქვა და აუ, დავიღუპეთ! ან აფხაზებმა რაღაც განაცხადეს, ჩვენ პირი არ გვაქვს? ჩვენც ვთქვათ რაღაც. მაგრამ თქმით არ კეთდება არაფერი, ამიტომ ვილაპარაკოთ იმაზე, ვინ რას გააკეთებს. ევროპა ამის მშვენიერი მაგალითია, რუსეთს აკრიტიკებს იმის გამო, რომ აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ მაინც თანამშრომლობს მასთან. მათ რომ უთხრან რუსეთს, ჩვენ არ ვივაჭრებთ თქვენთან მანამ, სანამ საქართველოს დეოკუპაციას არ მოახდენთ, ეს უკვე საქმე იქნება. ამიტომ, რუსეთმა თქვა, რომ საქართველოს დაველაპარაკები, მაგრამ მან უნდა გაითვალისწინოს რეალობები, ჩვენ ვუპასუხოთ, რომ გელაპარაკებით იმ ფორმით, რომ რეალობას არ ვითვალისწინებთ. საქართველო გაწევრიანდება თუ არა ნატოში, ეს რუსეთის საქმე არ არის. რუსეთთან ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ბაზარზე ღვინის შეტანის საკითხი, ესაა დღეს მნიშვნელოვანი. 

 

გამოდის, ერთადერთი სალაპარაკო თემა რუსეთთან მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებია? 

 

რატომ ასეთი რადიკალიზმი? მილიონი სხვა საკითხია. დავიწყოთ ბაზრით, ვიზები შეიძლება იყოს, საჰაერო მიმოსვლა იქნება, უამრავი რამე შეიძლება იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი