კომენტარი

პრეზერვატივი სექსუალური ხასიათის პროდუქციაში არ შედის

28 ნოემბერი, 2012 • 2440
პრეზერვატივი სექსუალური ხასიათის პროდუქციაში არ შედის

ნეტგაზეთი კანონპროექტის ავტორსა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვან სპეციალისტს, თამთა ჭუმბურიძეს დაუკავშირდა. 

 

კანონპროექტის ავტორის განმარტებით, რეალიზაციის მხრივ შეზღუდვები დაწესდება მხოლოდ იმ პროდუქციაზე, რომელიც ემსახურება სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მათ შორის, სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილ სამედიცინო ნაწარმს. 

 

“ეს ტერმინი განმარტებულია კანონში რეკლამის შესახებ, სადაც ასეთი პროდუქციის რეკლამა ჩარჩოშია მოქცეული. იმ განმარტებაში პრეზერვატივი საერთოდ არ შედის. ეს შეზღუდვა გულისხმობს იმას, რომ პროდუქცია, რომელიც სექსშოპებში იყიდება, არ უნდა იყიდებოდეს, მაგალითად, სკოლებთან, ისევე, როგორც თამბაქო, ალკოჰოლი, რომელიც მავნეა არასრულწლოვნის არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ასევე ფსიქოსოციალური ჯანმრთელი გარემოსთვის,”- ამბობს კანონპროექტის ავტორი.

 

კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ასეთი სამართლებრივი შეზღუდვა მაშინ, როცა საქართველოში სექსშოპები ისედაც არ არის და, შესაბამისად, სკოლებთან ასეთი სახის პროდუქცია არც იყიდება, თამთა ჭუმბურიძე ამბობს, რომ ბევრჯერ პირადად უნახავს, გარე ვაჭრობის შემთხვევაში,  საბავშვო პროდუქციის გვერდით პორნოგრაფიული დისკები.

 

“პირადად მაქვს ნანახი, გარე ვაჭრობის შემთხვევაში, ბავშვის ტანსაცმლის გვერდზე დადებულია ეს პროდუქცია, მაგალითად, დახლებით უდგათ პორნოგრაფიული დისკები ბავშვის ტანსაცმლის ან სათამაშოების გვერდით.”

 

მისივე განმარტებით, თუკი მავნე ზეგავლენისგან არასწრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში, რომელშიც ალკოჰოლზე და თამბაქოზეა საუბარი, ასეთი სახის პროდუქციაზე კი მხოლოდ წერია, რომ ის უნდა იყოს შეფუთული და ეწეროს 18 წლამდე, არაფერია ნახსენები მისი რეალიზაციის ადგილებზე, რაც, მისი თქმით, ხარვეზია კანონმდებლობაში.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატორი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტია. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში:

 

‘თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.

 

თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი ასაკის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისთივს განკუთვნილ დაწესებულება–ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო (გარდა სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა) და სასწავლო დაწესებულებაში გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.

 

თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია 18 წლამდე ასაკის პირზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.’

 

რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით კი “ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, სპორტული ინვენტარის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კვების პროდუქტების რეალიზაციისას თამბაქოს ან/და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი