კომენტარი

კულტურის მინისტრის მოადგილის განმარტებები საკუთარ გამონათქვამებზე ფეისბუქში

13 ნოემბერი, 2012 • 1869
კულტურის მინისტრის მოადგილის განმარტებები საკუთარ გამონათქვამებზე ფეისბუქში

ქალბატონო ხათუნა, ის, რაც ფეისბუქით გავრცელდა, ნამდვილად თქვენი დაწერილია? 

 

ნამდვილად მე მეკუთვნის. რაღაც ნაწილი ამ ფრაზების, რომელიც შედარებით ნეიტრალურია, ჩემი დაწერილია. ძალიან ხშირად მოხდა ჩემი “ექაუნთის” გატეხვა, ხშირად ჩნდებოდა ჩემთან პოსტი, რომელიც არ წამიშლია, ვაღიარებ. და მე რომ ამის შიში მქონოდა, ალბათ, წავშლიდი. ის ჟურნალისტი, რომელმაც ეს ამოატივტივა და გაავრცელა, 3-4 დღის წინ დავიმეგობრე. ვიცოდი, რომ ის იმიტომ დამიმეგობრდა, რომ ყველაფერი წაეკითხა ჩემი. ნამდვილად ვაგებ რამდენიმე ემოციურ ფრაზაზე პასუხს, რომელიც იქ იყო და მოვითხოვ, რომ ეს დაიწეროს.

 

ის ციხის კადრები, რომელიც გავრცელდა, ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. სიცხემ ამიწია და აბსოლუტური შოკი იყო ეს ჩემთვის. ვარ ემოციური ადამიანი, როგორც ყველა ხელოვანი, მაგრამ არა – აფექტური. კიდევ ვიმეორებ, მე ვაგებ პასუხს იმ ნაწილზე, რაც მე დავწერე. არის იქ ძალიან ბევრი “სქრინშოთი”, სხვადასხვა შრიფტით და ხელწერით დაწერილი, და მგონი იგრძნობა, რომ რაღაც ნაწილი ნამდვილად არ არის ჩემი. რაც ჩემია, ახლა ამის გაშიფვრას ვერ დავიწყებ. თუმცა, ვაგებ პასუხს, როგორც საერო პირი და არა – როგორც საჯარო პირი. მსგავსი რამ თუ ჩემს საჯარო ცხოვრებაში შემჩნეული იქნება, ამაზე, ალბათ, სხვანაირად უნდა ვაგო პასუხი. 

 

ახლა, როგორც საჯარო მოხელე, მიიჩნევთ თუ არა, რომ საჭიროა განმარტება გააკეთოთ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ამ ფრაზების წაკითხვის შემდეგ გაკრიტიკებთ?


ბოდიშს მოვიხდიდი, ალბათ, იმ შემთხვევაში, თუ როგორც საჯარო პირი, ისე დავწერდი ამ ფრაზებს. თუმცა, როგორც საერო პირი, სახლში, ჩემს მეგობრებთან, დასთან, ძმასთან როგორ ვიმეტყველებ, ეს სხვაა. 


თქვენს გვერდზე, გამოკითხვაში “ემხრობით თუ არა ბათუმში მეჩეთის აშენებას” თქვენი პასუხია – “არა.” რატომ ფიქრობთ ასე?


როგორც საერო პირი და ჩვეულებრივი ადამიანი, ნამდვილად მივიჩნევ, რომ იმხელა მეჩეთი არ უნდა აშენდეს ბათუმში. როგორც საჯარო პირმა კი, ვიცი, რომ ევროპის მოთხოვნაა და არის რაღაც მომენტები, რომელიც არის გადასახედი და იმისდა მიხედვით, როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი, ამაზე შემდეგ სხვანაირად გაგცემთ პასუხს.

 

ჩემი დის, რომელიც გერმანელზეა გათხოვილი, მეჯვარე იყო მუსულმანი, ერაყელი. შესაბამისად, არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება არც ერთ რელიგიასთან არ მაქვს. როდესაც მე ვიყავი არასაჯარო პირი, თვითონ მუსულმანებმა მითხრეს, რომ საქართველოში არის 150-მდე მეჩეთი და აბსოლუტურად არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ კიდევ აშენდესო. მე ვიცოდი ამ ყველაფერზე ბათუმელების განწყობა. დღეს კი, როგორც საჯარო პირი, ვამბობ, რომ ეს საკითხი არის გადასახედი და ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ამას მოითხოვს კანონი. როგორც ვაზროვნებდი აქამდე და როგორ აზროვნებას მოითხოვს ჩემი თანამდებობა კულტურის სამინისტროში, არის სხვადასხვა. 

 

კიდევ ერთ გამოკითხვაში, რომელიც ფეისბუქის თქვენს გვერდზე წავიკითხეთ, სახალხო დამცველის კანდიდატურად დიმიტრი ლორთქიფანიძე მოგწონთ. რატომ დაიმსახურა ამ კანდიდატურამ თქვენი სიმპათია?

 

ესეც ემოციურ ფონზე გაკეთებული არჩევანი ყო. მე ამდენი წლის მანძილზე ვცხოვრობდი გერმანიაში და პირადად ამ ხალხს არ ვიცნობ. ძალიან ემოციურად განვეწყვე ამ ადამიანის მიმართ. მისი ოჯახური სურათებიდან გამომდინარე. ლორთქიფანიძეს არ ვიცნობ და არც მისი გრანდიოზული საქმეების შესახებ მსმენია. ერთხელ კი დაიწერა, განა, შვიდი შვილი არის იმის საბაბი, რომ ის იყოს სახალხო დამცველი?! შეიძლება ასეც არის. მე თვითონ არ მაქვს ოჯახი და მეგონა, ოჯახი, სადაც შვიდი შვილია, ძალიან სრულყოფილია.

 

პირადად არც ერთ კანდიდატს არ ვიცნობ. შესაძლოა სხვა კანდიდატი უფრო ფასეული იყოს. დღეს, როგორც საჯარო პირმა უნდა გადავხედო მათ მონაცემებს და შემდეგ გავაკეთო არჩევანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ჩემი 5 დღის წინანდელი აზრი.

ხათუნა ხუნდაძის გამონათქვამები
ხათუნა ხუნდაძის გამონათქვამები

მასალების გადაბეჭდვის წესი