კომენტარი

დეპუტატები სახალხო დამცველის კანდიდატზე [VIDEO]

7 ნოემბერი, 2012 • 1047
დეპუტატები სახალხო დამცველის კანდიდატზე [VIDEO]

ლია მუხაშავრიამ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ როდესაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე ოთხი ადამიანი მოიაზრებოდა, არაფორმალური შეხვედრა შედგა უმრავლესობის 4 წარმომადგენელთან. ლია მუხაშავრია, თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლაიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე სოზარ სუბარს, ეკა ბესელიას, მანანა კობახიძეს და ვიქტორ დოლიძეს შეხვდნენ.

„ ჩვენი თხოვნა იყო, რომ ნუ დაარღვევთ იმ ვადებს, რასაც კანონი ითვალისწინებს (არაუგვიანეს 30 დღეში უნდა მოხდეს ნომინირება და დამტკიცება სახალხო დამცველის), და მეორე თხოვნა იყო, თუ თქვენ პატივს სცემთ სამოქალაქო საზოგადოებას და ყურს უგდებთ მათ, ოთხივე ადამიანი, რომელიც მოიაზრებოდა, დაესახელებინათ არც ერთის გამოკლებით. სხვაგვარად ჩვენ არ ვიქნებით თანახმა, ისინი დაგვთანხმდენენ, ეს იყო არაფორმალური შეთანხმება”

ეკა ბესელიას თქმით, ეს იყო იდეა და არა შეთანხმება.

„ჩვენ, სამი ადამიანი ვერ მივიღებდით გადაწყვეტილებას უმრავლესობის სახელით, მაგრამ ეს იდეა იყო კარგი, ეს იდეა ჩვენ ვთქვით, თუმცა უმრავლესობამ მიიღო უმრავლესობით ეს გადაწყვეტილება. თუმცა იდეა მე ძალიან მომწონს, ძალიან დემოკრატიულია, როცა რამდენიმე კანდიდატის წარდგენა ხდება,“

ბესელიასგან განსხვავებით, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ამ პროცედურულ საკითხებზე მათთან საერთოდ არ ყოფილა საუბარი.

“ჯერ ეს ერთი ამ პროცედურებზე ჩვენ არ გვისაუბრია მათთან. საუბარი იყო, მსჯელობა, მათი პოზიციები მოვისმინეთ და ჩვენ ჩვენი ვუთხარით, ცხადია.”

პარლამენტის პრესპიკერის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის თქმით, ეს შეხვედრაზე მისული უმრავლესობის წევრების პოზიცია იყო, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ფრაქცია და უმრავლესობა იღებს.

„მე ვწუხვარ, რომ დღემდე ეს საკითხი ვერ გადაწყდა და ეს ძალიან ცუდია. ოფიციალურად პარლამენტმა უფლებამოსილება ვერ შეუწყვიტა ტუღუშს, დღეს უმცირესობამ საერთოდ დატოვა დარბაზი, ჩვენ კენჭისყრა ვეღარ ჩავატარეთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა ასეთი თემების განხილვისას“

კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ ყველა კანდიდატურა განიხილება, რომელსაც არასამთავროები აყენებენ.

„დღემდე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული რომელიმე მათგანზე, მე ვერ გეტყვით, რომ რომელიმე მათგანზე შეჯერდა ამ მომენტისთვის უმრავლესობა.“

კობახიძე აცხადებს, არასამთვრობო ორგანიზაცია წარმომდგენი სუბიექტი არ არის.

„აქ არის უბრალოდ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებაზე საუბარი, ანუ რა პოზიცია აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, როგორც წესი, ამას ითვალისწინებს უმრავლესობაც, უმცირესობაც.“

ნეტგაზეთის კითხვაზე, ხატისკაცისთვის მხარდაჭერა არის თუ არა საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინება, კობახიძე პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა განმარტავს, რომ ხატისკაცს ჰყავს თავისი მხარდამჭერები.

საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებაზე დღეს ნეტგაზეთთან ლევან ბერძენიშვილმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, უმრავლესობა ვალდებული არ არის ამა თუ იმ მოქალაქის და სხვების მოსაზრება გაითვალისწინონ.

„არასამთავრობოები ხატიკსაცსაც უჭერდნენ მხარს, ისიც იყო დაყენებული თვის დროზე, უბრალოდ იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოებრივ დონეზე განიხილებოდა, იქ მოხსნა თავისი კანდიდატურა, მაგრამ ეს რეალურად იგივე არ არის, რაც პარლამენტში განხილვა, აქ ვერ მოხსნის. ჩვენ არ ვართ ვალდებული გავითვალისწინოთ ამა თუ იმ მოქალაქის და სხვების მოსაზრება“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი