კომენტარი

როკ–კლუბის დირექტორი პოლონეთის ციხეში შიმშილობს

19 ოქტომბერი, 2012 • 1136
როკ–კლუბის დირექტორი პოლონეთის ციხეში შიმშილობს

როგორც ეკატერინე ლემონჯავა “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, პოლონეთის ციხეში 20 დღეა იმყოფება და 78 სხვა პატიმართან ერთად ბოლო სამი დღის განმავლობაში შიმშილობს. მისი განმარტებით, პატიმრები ციხეში არსებულ რთულ პირობებს აპროტესტებენ:

 

“მე მაქვს შენგენის ვიზა, რომელიც პოლონეთის საელჩომ გასცა, თუმცა მე არ მინდოდა პოლიტიკური თავშესაფარი მომეთხოვა პოლონეთისგან, რადგან, ჩემი აზრით, პოლონეთს არ აქვს რესურსი, რომ მიიღოს ლტოლვილები და ისინი გამოკვებოს, ამიტომ მე შვედეთს და მანამდე ნორვეგიას ვთხოვე პოლიტიკური თავშესაფარი, თუმცა მათ უარი მითხრეს საქმის განხილვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მე საფრთხე მემუქრებოდა ჩემს ქვეყანაში და ვამტკიცებდი იმასაც, რომ საფრთხე მემუქრებოდა პოლონეთშიც. მათ უპირობოდ გამომიშვეს აქ შვედეთის საემიგრაციოს დახმარებით, ჩამოვფრინდი და აეროპორტში დამაკავეს საჰაერო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით”, – აცხადებს ეკატერინე ლემონჯავა.

 

მისი თქმით, ის საზღვრის დაცვის სამსახურმა დააკავა, რის შემდეგაც წინასწარი დაკავების იზოლატორში და ციხეში გადაიყვანეს:

 

“ერთი ღამე იზოლატორში წამიყვანეს, 24 საათის განმავლობაში გაიმართა სასამართლო და 2- თვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯეს. ყველაზე დამამცირებელი ის იყო, რომ ჯერ აეროპორტში, შემდეგ იზოლატორში და შემდეგ ამ ციხეში გადმოყვანისას სამჯერ გამაშიშვლეს მთლიანად, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე სამსახური სხვადასხვა ადგილას ერთმანეთს არ ენდობა და შენ ამის გამო გაყენებს შეურაცხყოფას, როცა სამჯერ უნდა გაშიშვლდე და ასე იდგე მათ წინაშე. მე ვუთხარი, ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებდი”, – აცხადებს ეკატერინე ლემონჯავა.

 

მისი განცხადებით, ციხეში გადაყვანის შემდეგ მან მსგავსი ტიპის ექვსი დაწესებულებიდან ოთხთან დაკავშირება შეძლო, რის შემდეგაც 78 სხვა პატიმართან ერთად არსებული პირობების გაპროტესტების მიზნით შიმშილობა დაიწყო:

 

“მე ვიმყოფები ქალების და ოჯახების ციხეში, დავუკავშირდი ბიჭების ციხეებსაც და სულ 78 ადამიანი ვშიმშილობთ, შემდეგ, როგორც გავიგე, ბიჭებს სპეცნაზელები შეუვარდნენ, მასკიანები, დუბინკებით და ცემეს. ჩვენ ვითხოვთ გათავისუფლებას და ღია ბანაკებში გადაყვანას, რადგან ჩვენ გვექცევიან როგორც კრიმინალებს, ასევე ვითხოვთ, რომ რადგანაც პოლონეთს არ აქვს იმის არც საკადრო და არც ფინანსური რესურსი, რომ დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები, რაც ევროპაში არსებობს, გაირიცხოს დუბლინი 2–ის ქვეყნებიდან. გარიცხული რომ იყოს, მას საერთოდ არ ექნება უფლება, რომ თავშესაფრის მაძიებლები მიიღოს. საბერძნეთი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაირიცხა და მას უკვე ეკრძალება მიიღოს თავშესაფრის მაძიებლები. პოლონეთი კი იმის გამო, რომ დუბლინი 2–ის ქვეყნებში შედის, დიდი ფინანსებს იღებს ევროსაბჭოდან და გაეროდან თითოეულ ჩვენგანზე, ვინც ოფიციალურად ირიცხება ამ ქვეყანაში”, – აცხადებს ეკატერინე ლემონჯავა.

 

ლემონაჯავამ უკვე მიმართა საქართველოს ახალ მთავრობას და წარმოებაში საქმის ხელახლა მიცემა მოითხოვა:

 

“როგორც კი საქმე დაიძვრება და იმ სამ ადამიანს დააკავებენ, რომელთა გამოც მე ასე ბოშასავით მიწევს ხეტიალი, მე ჩამოვალ ჩემს ქვეყანაში, თუმცა საქართველოშიც რომ ვიყო, მთვარეზეც რომ ვიყო, ყოველთვის ვიომებ იმისთვის, რომ პოლონეთი გაირიცხოს დუბლინი 2–ის ქვეყნებიდან”, – აცხადებს ეკატერინე ლემონჯავა.

 

ეკატერინე ლემონჯავამ საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც, მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მასზე ზეწოლა განახორციელეს. ლემონჯავა ამბობს, რომ 25 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, რუსთაველის 28 ნომერში მდებარე როკ–კლუბიდან მისთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა ძალის გამოყენებითა და მისი სურვილის საწინაამდეგოდ, ყოველგვარი ახსნა–განმარტებისა და საბუთის წარდგენის გარეშე, გადაიყვანა  იმავე მისამართზე (რუსთაველის 28 ნომერში) მდებარე შენობის მეოთხე სართულზე. მისი თქმით, უშიშროების თანამშრომლებმა მას განუცხადეს, რომ 3–4 დღის მანძილზე გამოამწყვდევდნენ აღნიშნულ შენობაში, თუკი მათთან თანამშრომლობის შესახებ “ხელშეკრულებას” არ გააფორმებდა.

 
 
“განცხადება, რომელიც დავწერე, იყო დაახლოებით ამ სახის: მე, ეკატერინე ლემონჯავა ომიანეს ასული, ნებაყოფლობით კონსპირაციულად ვითანამშრომლებ შსს–სთან. განცხადებაშივე ჩამაწერინეს მათ მიერვე შემოთავაზებული ზედმეტი სახელი „როკერა“, – ამბობს როკ–კლუბის დირექტორი.
 
 
ლემონჯავას თქმით,  ამ ფაქტიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ გაათავისუფლეს და გააფრთხილეს, რომ ინფორმაცია უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენების განვითარებაზე პასუხს არ აგებდნენ.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი