ყველა ქართული მედიასაშუალება, სახელისუფლებო თუ ოპიზიციური, ობიექტური თუ სუბიექტური, სპეცოპერაციის თემაზეა კონცენტრირებული, წალეკა მედია თუ ინტერნეტ სივრცე მასთან დაკავშირებულმა მასალამ, მაგრამ ამ ინფორმაციის სიუხვის პირობებშიც კი არ ვიცით, რა მოხდა/ხდება სინამდვილეში. როგორც ჩანს, საქართველოში კარგად მუშაობს მეთოდი, რომლის მიხედვითაც ჭარბი და მრავალფეროვანი ინფორმაციის გავრცელებით შესაძლოა ისევე თვალახვეული დარჩეს საზოგადოება ან ინდივიდი, როგორც ინფორმაციის შეზღუდვით.
ხელისუფლებამ უკანასკნელ წლებში ქართული საინფორმაციო სივრცის ფორმირება იმგვარად მოახდინა, რომ თავად იქცა ინფორმაციაზე სრულ მონოპოლისტად და, შესაბამისად, ინფორმაციის ავთენტურობასაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვრავს. თითქოს ქვეყანაში შექმნილია ინფორმაციის შეუზღუდავად წარმოებისა და გავრცელების პირობები. თუმცა რეალურად არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმში ჭარბი ინფორმაციის ილუზიას ქმნის, ერთი მხრივ, უამრავი პროპაგანდისტული მასალა, მეორე მხრივ კი, ვარაუდებზე და ჭორებზე აგებული ინფორმაციის გავრცელება, რაც სრულიად შლის ზღვარს სიმართლესა და სიცრუეს შორის და საბოლოო ჯამში გაურკვევლობაში ტოვებს საზოგადოებას. გაურკვევლობა კი თავის მხრივ იწვევს შიშს. საინფორმაციო სისტემის ამგვარად მოწყობა კი შედის მმართველი ელიტის ინტერესებში, რადგანაც სწორედ საზოგადოების გაურკვევლობაში შეყვანისა და შიშის დათესვის შედეგად მიიღებს ხელისუფლება იმ ვითარებას, რომელიც მას ყველაზე მეტად აწყობს წინასაარჩევნოდ.
ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ხელისუფლებას თვითგადარჩენისთვის ესაჭიროება ომი, რაც აბსურდია, სააკაშვილმა 2008 წლის ომით პოზიციების გამყარება მაშინდელი ოპოზიციური სპექტრის უნიათობის მეშვეობით შეძლო. ძლიერი ოპოზიციის შემთხვევაში ის ამ ომს უნდა გადაჰყოლოდა. დღეს კი სიტუაცია სხვაგვარია, ოპოზიცია ისე ძლიერია, როგორც არასდროს, საპროტესტო მუხტი კი გაცილებით დიდი, ვიდრე 2008 წელს. შესაბამისად, ახალი ომი რუსეთთან მმართველი გუნდისთვის შეიძლება არჩევნებზე სახიფათო აღმოჩნდეს, ამიტომაც მათ უნდათ არა ომი, არამედ მომდინარე ომის საფრთხე. ლოპოტას ხეობაში ჩატარებული ოპერაციის მსგავსი ინციდენტები კი ქმნიან საფრთხის იმიტაციას და ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს.
ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ინტერესებში შედის ამგვარი ინციდენტების ბუნდოვანი ხასიათი. რაც უფრო ბურუსით მოცული იქნება ოპერაციის დეტალები, მით უფრო მეტ მითქმა-მოთქმას, გამოხმაურებას გამოიწვევს საზოგადოებაში და მით უფრო იქცევა განხილვის საგნად. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მხოლოდ არასრული ინფორმაციის „გამოგდება“ და მოსახლეობა თუ სოკოებივით მომრავლებული ექსპერტები ზემოდან მითითების გარეშეც თავად დაუკავშირებენ საკითხს სხვადასხვა მხრიდან მომდინარე საფრთხეებს, რაც შიშს დათესავს საზოგადოებაში.
ამ მოსაზრების ფარგლებში ლოპოტას ინციდენტი რომ განვიხილოთ, ხელისუფლებამ კონკრეტულ დეტალების გახმაურებაზე თავის არიდებით განზრახ მისცა ოპერაციას ბუნდოვანი სახე. ზუსტი ინფორმაციის არარსებობა კი მოსახლეობის ერთ ჯგუფს უბიძგებს, საკითხი დაუკავშიროს დაღესტნის საზღვართან მომდგარ რუს სამხედროებს. მეორე ჯგუფი საფრთხეს ჩრდილოეთ კავკასიელი მოჯაჰედების შესაძლო შურისძიებაში ხედავს. მესამე ჯგუფი მოჯაჰედების და რუსული სპეცსამსახურების ერთობლივ პროვოკაციაზე საუბრობს, ხელისუფლება კი ამ მოსაზრებებს არც უარყოფს და არც ადასტურებს, რადგანაც მის ინტერესებში არა საკითხისადმი ნათელის მოფენა, არამედ სწორედ გაურკვევლობის შენარჩუნებაა, რომელიც საზოგადოებაში შიშს თესავს.
„წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად ხელისუფლება მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა, მან მოსახლეობას დაანახა საფრთხის რეალობა და ასევე დაუმტკიცა, რომ მას შესწევს ძალა ამ საფრთხის განეიტრალებისა. სინამდვილეში, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ინციდენტი, დადგმული თუ რეალური, ხელისუფლებამ ის დაუყოვნებლივ პიარაქციად აქცია, როდესაც სააკაშვილმა კავკასიის მთების ფონზე ტრიბუნა დაიდგა და „ლეკიანობის“ ახალი მცდელობის წარმატებით აღკვეთაზე ისაუბრა. შესაძლოა, ბევრი შემომედავოს და ყველაფერში შეთქმულებების თეორიების ძიება დამწამოს, მაგრამ მე მაპატიეთ, თუ იმ ხელისუფლებას ვერ ვენდობი, რომელმაც განმუხურის სპექტაკლი დადგა და „მოდელირებული ქრონიკა“ შემოგვთავაზა. ეჭვის საფუძველს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვისა და ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტის არსებობაც მაძლევს.
მაინტერესებს, თავად სახელისუფლებო არხების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაღესტანში, საქართველოს საზღვართან მობილიზებულ დიდი რაოდენობით რუსულ სამხედო კონტინგენტს როგორ გადმოეპარა ბოევიკთა 17– კაციანი დაჯგუფება ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერი გაიგეს? ხოლო თუკი პირიქით, რუსების შემოგზავნილი ჩრდილო კავკასიელი დივერსანტები იყვნენ, რატომ თხოვდნენ ისინი მძევლებს არა რომელიმე ქართულ სტარტეგიულ ობიქტამდე მიყვანას, არამედ საზღვრის გადაკვეთაში დახმარებას? მაშინ, როდესაც ოპერაცია წარმატების დასრულებულად გამოცხადდა, რატომ არაფერი ვიცით ცოცხლად გადარჩენილი 6 ბოევიკის შესახებ?
საეჭვოდ მეჩვენება ის ფაქტიც, რომ ოპერაციის დროს მოხდა 11 ბოევიკის ლიკვიდაცია და ვერც ერთი მათგანი ისე ვერ გამოიყვანეს წყობიდან, რომ მისი ცოცხლად ტყვედ ჩაგდება ყოფილიყო შესაძლებელი. თუკი ანტიტერორისტული ოპერაციების მკვლევარს მაიკლ ჩენდლერს დავუჯერებთ, ოპერაციების დროს სპეცდანიშნულების რაზმები უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ იმ დაჯგუფების წევრების ლიკვიდაციას ახდენენ ბოლომდე, რომლებთანაც პირადი ანგარიშსწორება აკავშირებთ. ასევე საინტერესოა ნეტგაზეთთან ინტერვიუში სოფელ ლაფანყურის მკვირდის განცხადება, რომლის თანახმადაც ის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო 1-2 თვის განმავლობაში ხედავდა მებრძოლთა გარეგნობის თავგადაპარსულ და წვეროსან ჩრდილოეთ კავკასიელებს, რომლებიც ქართული სანომრე ნიშნებიანი მანქანებით მოძრაობდნენ.
ხელისუფლების მაღალჩინოსნები კი მაქსიმალურად არიდებენ თავს დეტალური ინფორმაციის გამჟღავნებას და ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს, თუმცა, დიდი ეჭვი მაქვს, გამოძიება 1 ოქტომბრამდე არ დასრულდება და სიმართლეს (ან „სიმართლეს“) საზოგადოება არჩევნების შემდეგ გაიგებს.
P.S. ლოპოტის ხეობაში ჩატარებულმა იდუმალებით მოცულმა ოპერაციამ და მისი დასულების შემდეგ ახალი პერსონაჟის “დატყვევებული მესაზღვრის“ გამოჩენამ, მე პირადად ABC-ის სატელევიზიო სერიალი „დაკარგულები“ გამახსენა, რომლის პირველი სეზონის დიდი წარმატების შემდეგ სცენარისტები მაქსიმალურად ცდილობდნენ სიუჟეტის გაწელვას და უკვე აბდაუბდად ქცეულ სცენარზე მაყურებლის მიჯაჭვას ახალი პერსონაჟების შემოყვანით ცდილობდნენ. 6 ბიევიკის უკვალოდ გაუჩინარებაც შსს-ს სცენარისტებს კარგ საშუალებას აძლევს მომდევნო სერიებისთვის.
ავტორის შესახებ ვასო კუჭუხიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი |