აქვს თუ არა ლაფანყურის მოვლენებში მონაწილე შეიარაღებულ ჯგუფს რაიმე კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან?
ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და ალბათ უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მოხდა თუ არა შეირაღებული ჯგუფის მოკლული 11 წევრის ვინაობის დადგენა?
იდენტიფიცირების შემდეგ უნდა დადასტურდეს, არიან თუ არა ისინი რომელიმე დაჯგუფების წევრები. შემდეგ უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება კონკრეტულ დაჯგუფებასთან ან სპეცსამსახურთან. ამდენად, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება წინასწარ ზედმეტია. ამის შესახებ კომპეტენტური უწყებები გააკეთებენ კომენტარს.
უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გუშინ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა იმის შესახებ, რომ ლაფანყურთან მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ქართულმა მხარემ რუსეთს ინფორმაცია მიაწოდა შვეიცარიის შუამავლობით. როგორია რუსული მხარის რეაქცია?
ასეთი კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, ბუნებრივია, ყველანაირი საერთაშორისო ნორმები და ეთიკა მოითხოვს, რომ ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც, სავარაუდოდ, და ზოგ შემთხვევაში, დადასტურებულად, გარდაცვლილები არიან, უნდა ჩაგვეყენებინა საქმის კურსში. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან არ გვაქვს უშუალო დიპლომატიური ურთიერთობა, ამას ვახორციელებთ შვეიცარიის კონფედერაციის დახმარებით, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო და ამ ოპერაციის შედეგად ხელთ ჩაგვივარდა, მივაწოდეთ. თუ იქნება კიდევ დამატებითი მასალები გამოვლენილი, კიდევ მივაწვდით. ვიმედოვნებით, რომ ისინი ჩვენთან ითანამშრომლებენ. ეს ის შემთხვევაა, როცა, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უნდა ითანამშრომლონ.
რუსეთის მხარეს მიწოდებულ მასალებზე რეაქცია ჯერ არ ჰქონია? ხომ არ მიგიღიათ მათგან პასუხი?
სპეცოპერაცია ჯერ არ დამთავრებულა და, სავარაუდოდ, პასუხს ჯერ არ მოგვცემენ. ჩვენ იმ არხით, რა არხითაც ეს ინფორმაცია გადავეცით, პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
უშიშროების საბჭო არ იყო ჩართული კრიზისის მართვის შტაბის საქმიანობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. ეს რამ განაპირობა?
ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა ამ შტაბს და იქ ჩართულნი იყვნენ ის უწყებები, რომლებიც ოპერატიულ საქმიანობას ახორციელებდნენ. უშიშროების საბჭო არ არის ოპერატიული ორგანო, ჩვენ ვართ პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანო და, შესაბამისად, პოლიტიკურ ნაწილში უშიშროების საბჭო ჩართულია. რაც შეეხება უშულოდ ოპერატიულ მართვას ამ კრიზისისას, იყვნენ ჩართულნი ის უწყებები, ვის მოვალეობაშიც ეს შედის.
ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლაფანყურთან მიმდინარე მოვლენები ქვეყნის უსაფრთხოებას არ უქმნიდა პრობლემებს?
ასეთ დასკვნას ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. აბსოლუტურად სხვა საკითხია. ოპერატიული ფუნქცია უშიშროების საბჭოს არ გააჩნია. ეს იყო ოპერტიული შტაბი, რომელიც ოპერაციის დაგეგმვას ახორციელებდა. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა საფრთხე, ამაზე ამომწურავ პასუხს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციიდან მიიღებთ, სადაც ასეთი ტიპის საკითხები განხილულია, როგორც საფრთხე, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოზე.
კერძოდ, ის, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში პირდაპირ გვაქვს მითითებული, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობა გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე და ასევე მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების შემოდინება საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, ეს საფრთხე საბჭოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში პირდაპირ იყო იდენტიფიცირებული და, შესაბამისად, კონცეფცია დამტკიცებულია და სამოქმედოა იმ ყველა უწყებისათვის, რომელმაც უნდა განახორციელოს შემდგომი სტრატეგიული თუ ტაქტიკური ღონისძიებები იმისთვის, რომ ეს საფრთხე თავიდან იყოს აცილებული, ან ასეთი საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში მოახდინონ ადეკვატური ოპერატიული რეაგირება. სწორედ ასეთი ადეკვატური ოპერატიული რეაგირებისათვის უკვე შეიქმნა ის შტაბი, რომელიც ახორციელებდა ოპერაციას.
რა კეთდება ჩრდილოკავკასიიდან ასეთი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით?
მას შემდეგ, რაც კონცეპტუალურად განისაზღვრა ნებისმიერი საფრთხე, უკვე კონცეფციიდან გამომდინარე, ყველა უწყება ვალდებულია შეიმუშავოს თავისი სტრატეგიული გეგმა ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად თავისი კომპეტენციის პირობებში. ასევე, ის ტაქტიკური სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს განეიტრალება. ბუნებრივია, ასეთი ტიპის საფრთხეების მარტო ერთი უწყების მიერ განეიტრალება ვერ მოხდება, აქ არის კომბინაცია, როგორც საგარეო პოლიტიკური, საერთაშორისო, ასევე, უშუალოდ ოპერატიული თუ ტექნიკური საშუალებებით საფრთხეების განეიტრალება. ყველაფერი ეს კომბინაციაში გვაძლევს იმის საშუალებას, ან თავიდან ავიცილოთ ასეთი საფრთხე, რომლის პრევენციაც მოხდება, ან თუკი მოხდება, შესაბამისი უწყებები იქნებიან აღჭურვილნი და მომზადებულნი, რომ მოკლე დროში ადეკვატური პასუხი გასცენ ასეთ საფრთხეებს.
რამდენად არის დაცული საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთი?
საზღვარი რომ დაცული და კონტროლირებადია, ამ ოპერაციამაც თვალნათლივ აჩვენა. შეიარაღებული ფორმირების გამოჩენიდან უახლოეს წუთებში მოხდა რეაგირება და მოხდა რეგიონის იზოლირება და შეიარაღებული ჯგუფის ლიკვიდაცია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ აქტიურად ვუკეთებთ მონიტორინგს, როგორც ჩვენს საზღვრებს, ასევე გაგავაჩნია საშუალებები, რომ ეს საფრთხეები გავანეიტრალოთ. თვითონ ის ფაქტი, რომ ასეთი რამ მოხდა ერთხელ, მიუთითებს იმაზე, რომ შეიძლება მსგავსი განმეორდეს სამომავლოდ და, შესაბამისად, ის უწყებები, რომლებმაც ოპერატიულად უნდა იმოქმედონ, ამას გაითვალისწინებენ და ეს იქნება ერთ-ერთი მათი სამოქმედო სცენარი.
რა იყო ამ შეიარაღებული ჯგუფის საქართველოში გადმოსვლის მიზანი?
ჩვენ ჯერ არ ვიცით ზუსტად მათი ამოცანა და მიზანი და ვინ იდგა ამ კონკრეტული ჯგუფის უკან. შესაბამისად, რაიმე დასკვნების გაკეთება ნაადრევია. თუმცა ის ფაქტი, რომ რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე, კავკასიაში არის არეულობა და იქ რუსეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაამყაროს წესრიგი, წარმოადგენს საფრთხეს ჩვენთვის. რაც არ უნდა იყოს მოტივაცია, ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ჩვენი საზღვრის მაქსიმალური კონტროლი და ეს საფრთხე იდენტიფიცირებული გვაქვს უსაფრთხოების კონცეფციაში და მოვახდინოთ შესაბამისი ტიპის რეაგირება ყველა დონეზე, რათა ან თვიდან ავიცილოთ, ან უმოკლეს დროში მოვახდინოთ რეაგირება მასზე. კონკრეტულ მიზეზზე ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება რაიმე მსჯელობა იმდენად, რამდენადაც არ არის დასრულებული გამოძიება და უფრო მეტი დეტალების შემთხვევაში კონკრეტულ დასკვნებზე ვისაუბროთ.
ე.ი. ჯერ არ შეგიძლიათ გადაჭრით იმის თქმა, რომ ამ ჯგუფის მიღმა არსებობს რუსეთის სპეცსამსახურების კვალი?
ფაქტი არის ის, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიიდან მძიმედ შეიარაღებული მათი მოქალაქეები შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე და უკანონო ქმედებები განახორციელეს, როგორიც არის ადამიანების მოტაცება და ასევე შეიარებული გადაადგილება, თავისი გეგმებიდან გამომდინარე. ეს უკვე არის საფრთხე. ეს არის კონკრეტული საფრთხე, რომელზეც ჩვენ გვქონდა კონკეტული რეაგირება.
რუსეთი დგას ამ კონკრეტული ფაქტის უკან?
ეს ხალხი არიან რუსეთის მოქალაქეები, შემოვიდნენ რუსეთის ტერიტორიიდან, გაიარეს რუსეთის მესაზღვრეების და სეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი საზღვარი და შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიზე. ბუნებრივია, რუსეთის მოქალაქეები არიან, ეს იარაღი შეიძინეს რუსეთის ტერიტორიზე და შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიზე რუსეთის მხრიდან.
მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ეს შეიარაღებული ჯგუფი მათი ქვეყნის ტერიტორიიდან არ მოხვედრილა საქართველოში.
ჩვენ ამიტომაც გადავუგზავნეთ ეს მასალები მათ. და თუკი ისინი ამას უარყოფენ, მათ უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დამადასტურებელი მასალა. ის მასალა, რაც ჩვენს ხელშია, ადასტურებს, რომ ისინი შემოვიდნენ რუსეთის ტერიტორიიდან.
რა ვადებში უნდა მიიღოთ პასუხი იმ ინფორმაციაზე, რაც თქვენ გადაუგზავნეთ რუსულ მხარეს?
არ არსებობს კონკრეტული ვადები, უბრალოდ, არის გონივრული ვადა იმისა, თუკი თანამშრომლობის სურვილი აქვთ, კომუნიკაცია უნდა მოახდინონ ჩვენთან.
მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში მსგავსი ინციდენტების გაგრძელება ჩრდილო კავკასიიდან?
ასეთი რაღაცეები მოსალოდნელი იყო. წლის დასაწყისში, როცა ჩვენ უსაფრთხოების კონცეფცია დავამტკიცეთ, საფრთხეების დოკუმენტი განვიხილეთ, იქ იყო ეს სცენარები გათვალისწინებული. ეს რომ მოსალოდნელი იყო, ჩვენ თეორიულად ინფორმაციებზე დაყრდნობით ვიცოდით და გავთვალეთ. სამწუხაროდ, ეს გათვლები გამართლდა. ეს გათვლები იმიტომ იყო რეალისტური, რომ ეფუძნებოდა რეალური სიტუაციის შეფასებას, რასაც ადგილი აქვს ჩრდილოეთ კავკასიაში.
რას ითხოვდნენ ამ შეიარაღებული ჯგუფის წევრები, როცა მძევლები აიყვანეს?
ეს სხვა ორგანოების კომპეტენციაა, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩრთულნი.