კომენტარი

რატომ გაიხსენა პრეზიდენტმა ლეკიანობა

30 აგვისტო, 2012 •
რატომ გაიხსენა პრეზიდენტმა ლეკიანობა

“კავკასიური სახლის” სამშვიდობო პოლიტიკისა და უმცირესობების ინტეგრაციის პროგრამების კოორდინატორი გიორგი შაიშმელაშილი ამბობს, რომ პრინციპულად დაუშვებელია ლაფანყურში განვითარებული მოვლენების ლეკიანობის პერიოდთან შედარება: 

“ზოგადად, ყველამ იცის, რომ დაღესტნელები და ქართველები საუკუნეების მანძილზე თანაცხოვრობდნენ. იყო პერიოდები, როცა ამ ურთიერთობებში იყო პრობლემები და ეს პრობლემები ძირითადად უკავშირდებოდა საყოფაცხოვრებო ადათ-წესებს. იყო ცხენების და საქონლის ქურდობა, ასევე იყო პერიოდი, როცა დაღესტნელებს ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლე აუღიათ, მაგრამ ამ, ლაფანყურის ამბებს პრინციპულად არ მინდა დავუკავშირო ლეკიანობის პერიოდი”.

მისივე თქმით, მართალია, არის ვარაუდი, რომ დივერსანტები საქართველოში დაღესტნიდან შემოვიდნენ, თუმცა დაღესტანში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს და არავის დაუდასტურებია, რომ დივერსანტები დაღესტნელები არიან და “რომც იყვნენ დაღესტნელები, დივერსანტების მიზნები და ხედვები არ არის დაკავშირებული მათ ეთნიკურობასთან.” 

 

ამის მიუხედავად, შაიშმელაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ტერმინი – ლეკიანობა იმის ხაზგასასმელად გამოიყენა, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, რომელშიც იყო კრიმინალი და კორუფცია, ქვეყანა, სადაც არსებობდა პანკისის რეგიონი: 

“პრეზიდენტმა უბრალოდ იხმარა ცნობილი ტერმინი ლეკიანობა, ვინაიდან ყველამ იცის ეს ისტორული მოვლენა. ჩემი აზრით, მას მიზნად არ ჰქონდა ლეკი ხალხის დისკრიმინაცია”, – აცხადებს გიორგი შაიშმელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში. 

 

კითხვაზე – შესაძლოა თუ არა გატარებული სპეცოპერაცია ქართველებსა და დაღესტნელებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდეს, “კავკასიური სახლის” წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამ მომენტისათვის ვითარების შეფასება რთულია: 

“ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი გამოხმაურება ექნება ამ მოვლენას დაღესტანში, როგორი იქნება ანალიზი. მე არა მგონია, ამ შემთხვევამ რამე რადიკალურად შეცვალოს დაღესტანში, რიგით ადამიანებში და ანტიქართული განწყობა გააჩინოს. უკანასკნელი პერიოდის მანძილზე კავკასიური ურთიერთობები დადებითი მიმართულებით ვითარდება”. 

შაიშმელაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ პოლიტიკას განავითარებს საქართველოს მთავრობა ჩრდილო კავკასიის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი