კომენტარი

„არის თუ არა ეს ბილეთი?“

17 აგვისტო, 2012 • 1215
„არის თუ არა ეს ბილეთი?“

 

“ზოგიერთები ამბობენ ხოლმე: ამ მთავრობამ ვირტუალური რეალობა შექმნა, ყველაფერი მხოლოდ ტელეეკრანზე ხდება და ცხოვრებაში არაფერი იცვლებაო. კარგად მახსოვს 8 წლის წინანდელი რუსთავი – სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ყველანი, ჩემო მეგობრებო, დღეს. არის თუ არა ეს რეალობა? თუ ეს ჩვენი მოგონილი ტყუილია?” – ჩაეკითხა მიხეილ სააკაშვილი გაჩახჩახებულ მოედანზე შეკრებილ რუსთაველებს.

 

რა თქმა უნდა, ბატონო მიხეილ, რეალობაა. რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენია  რეალობაც.  ახლა მინდა მონოლოგისთვის რამდენიმე ფრთადაცვენილი ფრაზა კიდევ შემოგთავაზოთ:

 

სასამართლო არ არის თავისუფალი. ხოლო თავისუფალი სასამართლოს გარეშე არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო. არის თუ არა ეს რეალობა?

 

ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სამუშაოდ საზღვარგარეთ არის გაფენილი და მოსახლეობის ნახევარზე მეტს კი ძალიან უჭირს. არის თუ არა ეს რეალობა?

 

არის თუ არა რეალობა ის, რომ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა, მიუხედავად რამდენიმე კარგი ინიციატივისა და რეფორმისა, ისევ საშინელ დღეშია, ხოლო ქვეყნის განათლების დონე კი სავალალო, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებსაც თუ ვენდობით. რომელ მომავალზე ვლაპარაკობთ, როცა ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ბედი არ გვაინტერესებს.

 

უამრავი ადამიანის უფლებები იზღუდება, ირღვევა. არის თუ არა ეს რეალობა?

 

არის თუ არა რეალობა ის, რომ გაეროს კონცენციით დაცულ ტერიტორიას ნაკრძალის სტატუსს უხსნით და ახალი, საპორტო, მითიური ქალაქის გაუმართლებელ მშენებლობას იწყებთ, როცა იქვე ფოთს “თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად” გადაქცევას, აყვავებას, ცათამჯენებსა და ჩიტის რძეს პირდებოდით.  

 

არის თუ არა რეალობა ის, რომ თქვენ მიერ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის და არმიის მოდერნიზების შემდეგ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საომარ ოპერაციაში სრული კრახი განვიცადეთ?

 

მედია სურვილისამებრ გაბერილ საჰერო ბუშტს დაემსგავსა – ლოყებღაჟღაჟა, მხიარული  ჩინოვნიკების ხელში. არის თუ არა ეს რეალობა?

 

რეფორმატორი, ნოვატორი, რადიკალური რეფორმების გამტარებელი ხელისუფლებისა და მენტალური რევოლუციის პირობებში გაიზარდა ეკლესიის ავტორიტეტი და ფუნდამენტალისტური განწყობებები და მიმართებები კი გამძაფრდა. არის თუ არა ეს რეალობა?

 

საქართველოში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს საკუთარეი თავის რეალიზებას. არის თუ არა ეს რეალობა? ან ნაციონალური პარტიის მომხრე ხარ, ან რუსეთის აგენტი. არის თუ არა ეს რეალობა? ბეჰემოთები საკუთარ აუზებში ჩაიხარშნენ. არის თუ არა ეს რეალობა? ვარდების რევოლუციის შემქმნელებისგან – 7 ნოემბერი, 26 მაისი. არის თუ არა ეს რეალობა? თაობა თაობის გარეშე. არის თუ არა ეს რეალობა? ევროპა აქედან „შორია“, ენდი გარსიას როლია. არის თუ არა ეს რეალობა? არის თუ არა ეს ბილეთი?

 
ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

ავტორის შესახებ

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი