ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნორვეგიის დედაქალაქში ანდერს ბრეივიკის „ჯვაროსნულმა გალაშქრებამ“ 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღემდე აქტიურად მიმდინარეობს იმის განხილვა, თუ რა გახდა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. ერთნი საკმაოდ ზედაპირულად უდგებიან საკითხს და ბრეივიკის ფსიქოპატად შერაცხვით ასრულებენ ანალიზს. მეორენი საზარელი ქმედების ქსენოფობიასთან დაკავშირებით ხსნიან მოტივს. თუმცა საკითხის ღრმა ანალიზის საფუძველზე თავად ნორვეგიელები ცდილობენ ყველაფრის ბრეივიკზე გადაბრალებით თავი არ მოიტყუონ და სირაქლემის პოზიციაში არ აღმოჩნდნენ, ამიტომაც ისინი პრობლემას სწორედ საკუთარ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკურ სისტემაში არსებულ ხარვეზებში ეძებენ.
სკანდინავიელ ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ოსლოს ტრაგედიის ფესვებს ნორვეგიულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოხატვის თავისუფლებასა და ტოლერანტობას შორის ბალანსის დარღვევაში ხედავს. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში უკიდეგანო პოლიტკორექტულობა საზოგადოებრივი წნეხის იარაღად იქცა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. ტოლერანტობის ჩარჩოებს გარეთ მოქცეული ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება ფობიებად ირაცხებოდა და საზოგადოების რისხვა ატყდებოდა თავს.
ტენდენცია არც პოლიტიკური სისტემისთვის გახლდათ უცხო და 2009 წელს საპარლამენტო არჩევნებში თითქმის 23%-ით არჩეული პროგრესის პარტია სტურტინგში იზოლირებული აღმოჩნდა. იმის გამო, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის იდეოლოგია ქსენოფობურად და პოპულისტურად შეფასდა, მასთან თანამშრომლობაზე ყველა პარტია უარს ამბობდა. ეს კი ნორვეგიისთვის დამახასიათებელი კოალიციური მთავრობების პირობებში პარტიის პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყვას უდრიდა.
ტოლერანტობის მხოლოდ ერთი მიმართულებით ორიენტირებამ ქსენოფობებად შერაცხული ინდივიდები თუ საზოგადიებრივი ჯგუფები პოლიტიკური ცხოვრებიდან განდევნა და ირიბი ზეწოლით გამოხატვის თავისუფლება წაართვა. ლიბერალების მხრიდან რეაქციონერების დემონიზირებამ ეს უკანასკნელნი უკიდურეს მარგინალებად აქცია. სწორედ ამ პროცესის ყველაზე სასტიკ პირმშოდ ითვლება ბრეივიკი.
რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ნორვეგიელთა შეცდომას ქართველი ლიბერალებიც იმეორებენ. ბოლო პერიოდში რამდენიმე სასულიერო პირისა და მაჟორიტარად წარდგენილი კანდიდატის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟიც ამის ნათელი მაგალითია. ქსენოფობებად შერაცხული პოლიტიკოსების/მღვდლების გააქტიურებამ ზოგიერთის შეფასებით ქვეყანა კატასტროფის წინაშე დააყენა. მართალია, რადიკალური (ქსენოფობურიც კი) განცხადებები მართლაც საკმაოდ ხშირად ისმის ამ ადამიანების მხრიდან, მაგრამ სწორედ ამაზე განგაშის ატეხვა უფრო მეტად არის ცეცხლთან თამაში, ვიდრე თავად ეს რადიკალური განცხადებები. აუცილებელია მათი მოსმენა-გაანალიზება და არა გარიყვა-იზოლირება. ზემოდ მოყვანილი ნორვეგიის მაგალითიდანაც კარგად ჩანს, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას რეაქციონერების გარიყვა-დემონიზირებამ.
რეაქციონიზმი ზოგადად დამახასიათებელია პოლიტიკისთვის და მისი ელემენტების გამოჩენა საგანაგაშო მდგომარეობაში არ გვაგდებს. თვით ევროპაშიც, რომლისკენაც მივისწრაფვით, ეს არ ხდება განგაშის საფუძველი. რომელი ქართველი სასულიერო პირის თუ რეაქციონერი პოლიტიკოსის რიტორიკის შედარება შეიძლება ჰოლანდიური თავისუფლების პარტიის ლიდერ გეერტ ვილდერსის განცხადებებთან. მისი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ფიტნა“ კი მართლაც რომ ქსენოფობიის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს, მაგრამ ამას მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისგან გარიყვა არ გამოუწვევია. პირიქით, მისი პარტია ამჟამად პარლამენტში წარმომადგენლების რაოდენობით მესამეა და სამთავრობო კოალიციაში შესვლაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს. ეს კი შედეგია იმისა, რომ ნიდერლანდებში არსებობს ოქროს ზღვარი ტოლერანტობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის და გადაცდომას აფასებს საზოგადოება და არა ინტელექტუალ ლიბერალთა კონკრეტული ჯგუფი.
იგივე შეიძლება ითქვას დანიის სახალხო პარტიაზეც, რომლის იდეოლოგიაც ხშირად არც თუ ისე შორს დგას ქსენოფობიისგან, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში იმოდენა როლს თამაშობს, რომ 2011 წლის ზაფხულზე მათი მოწოდებების საფუძველზე მთავრობამ „არაბული გაზაფხულის“ შედეგად ევროპაში შემოსულ მიგრანტთა დიდი ტალღისგან თავის დასაცავად შენგენის ხელშეკრულება დაარღვია და საზღვრის კონტროლი აღადგინა გერმანიასთან და შვედეთთან. დანიური საზოგადოების დიდი ნაწილი სახალხო პარტიის მიმართ პოზიტიურად არ არის განწყობილი, მაგრამ მიიჩნევს, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება მათაც ისევე უნდა ჰქონდეთ, როგორც სხვა, პოზიტიური იმიჯის მქონე პარტიებს.
გარდა ამისა, დანიელთა აზრით, ქსენოფობური განცხადებების მიუხედავად, არ შეიძლება პარტიის თუ ჯგუფის გარიყვა საზოგადოებიდან, რადგანაც მათი იზოლირება აუცილებლად გამოიწვევს მათი მხარდამჭერების (სახალხო პარტიის შემთხვევაში 13%) უფლებების დარღვევას და არაჯანსაღ საზოგადოებრივ პროცესებს დაუდებს საფუძველს. როგორც დანიელი ანალიტიკოსები ამტკიცებენ, პოლიტიკურ ცხოვრებაში ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისა და პარტიების ჩართვა მათ რიტორიკას თუ ქმედებებს ზომიერების ფარგლებს უბრუნებს, რაც საუკეთესო საშუალებაა ბრეივიკის მსგავსი მონსტრების თავიდან ასაცილებლად.
ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში რამდენიმე რადიკალური შეხედულების მქონე ადამიანის გააქტიურება და მათ განცხადებებზე დაყრდნობით ქსენოფობიის შემოტევაზე და დიდ ხიფათზე საუბარი, არა პრობლემის მოგვარების, არამედ მისი გამწვავების პოტენციალის მატარებელია.
გარდა ამისა, ქართულ რეალობაში საფრთხეების სიმცირეს ნამდვილად არ განვიცდით, რომ კიდევ ერთი გამოვიგონოთ და თავი დავიზაფროთ. მით უმეტეს, როცა ეს საფრთხე არარეალურია. ქართულ საზოგადოებას, სხვა მრავალი ნაკლის მიუხედავად, მულტიკულტურალიზმის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას ვერ დავაბრალებთ. განვითარების გაცილებით მაღალ დონეზე მყოფი სხვა მრავალი საზოგადოებისგან განსხვავებით, საქართველოში ე. წ. სკინჰედური დაჯგუფებებიც კი არ არსებობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოება ბუნებით არის ტოლერანტი უცხო ეროვნებების მიმართ და განგაშის ზარების შემოკვრისა და აკრძალვების გარეშეც „გადახარშავს“ ქსენოფობურ მუხტს ქვეყანაში. რაც შეეხება ბოლოდროინდელ განცხადებებს, ნეგატიური ხასიათის მიუხედავად, მათი ქსენოფობურად შერაცხვა და მათ წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფების დარაზმვა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებაა. თავისუფალი აზრის ჩახშობა კი შესაძლოა თავად ქსენოფობიაზე მეტი თუ არა, ნაკლები ბოროტება არ იყოს.




