კომენტარი

პატრიარქი: დღეიდან უნდა შეწყდეს სამუშაოები ბაგრატის ტაძარზე

17 ივნისი, 2012 • 1183
პატრიარქი: დღეიდან უნდა შეწყდეს სამუშაოები ბაგრატის ტაძარზე

ილია მეორე ამბობს, რომ პარიზში, სადაც ის რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა, ჰქონდა შეხვედრა და ბაგრატის ტაძრის შესახებ საუბარი იუნესკოს პრეზიდენტთან, თუმცა თავისი უარყოფითი პოზიცია პატრიარქმა მხოლოდ მას შემდეგ გამოხატა ბაგრატზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოების შესახებ, რაც იუნესკოს წინასწარი შეფასება გამოქვეყნდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილება და რომელშიც ნათქვამია, რომ არასწორად ჩატარებული სამუშაოების გამო, ბაგრატის ტაძარი იუნესკოს კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს.

 

“მე რამდენიმე ხნის წინ ვიყავი საფრანგეთში და მე მქონდა შეხვედრა იუნესკოს პრეზიდენტთან, მე მქონდა საუბარი ბაგრატის ტაძარზე. მე მინდა დავეთანხმო აი, ამ კრიტიკოსებს, რომლებიც აკრიტიკებენ ამ მშენებლობას თუ რესტავრაციას და მე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის არასწორად გაკეთებული და ეს ყველაფერი მოხდა იმისათვის, რომ მშენებლობა თუ რესტავრაცია კეთდებოდა, კეთდება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად”, – განაცხადა დღეს, 17 ივნისს, საქართველოს პატრიარქმა.

 

თუმცა აქამდე ხელისუფლება მუდმივად აპელირებდა იმ თემაზე, რომ ბაგრატის ტაძრის გადახურვის აუცილებლობა სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მასში შესაძლებელი ყოფილიყო სასულიერო რიტუალების ჩატარება. ამავე მიზანზე საუბრობდა საპატრიარქოს სახელით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე. იგივე გაიმეორე დღესაც ილია მეორემ, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც მან განაცხადა, გამოსცა ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში: 

 

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ტაძარი აშენებულია ლოცვისათვის და წირვისათვის, არა იმისთვის, რომ ჩვენ ვუყუროთ მას, როგორც ისტორიულ ან კულტურის ძეგლს, არამედ ხალხის სულიერი ამაღლება უნდა ხდებოდეს ტაძარში წირვა-ლოცვის დროს. ჩვენ თვითონ ვუჭერდით მხარს ამ იდეას, რომ ის დახურული ყოფილიყო, მაგრამ ამ ბოლოს დროს გავრცელდა ხმა, რომ ბევრი რამ კეთდება ისე, რომელიც შეიძლება აფუჭებს მის ფასეულობას, ბევრი დარღვევები არის ამ რესტავრაციის დროს.

 

აი, ამიტომ მე გავეცი ბრძანება, დაიწერა ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში, სანამ ჩვენ არ გავერკვევით, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს მართლაც მსოფლიოში ცნობილი დიდი ისტორიული ძეგლია და ტაძარია და კულტურის უდიდესი ნიმუშია და ამიტომ ასე უბრალოდ, ჩვენ არ უნდა მოვკიდოთ ხელი”, – განაცხადა ილია მეორემ.

 

მისივე თქმით, საპატრიარქო გამართავს ამ საკითხზე შეხვედრებს იუნესკოს წარმომადგენლებთან, მშენებლებთან და ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პროცესში კომისია, რომელიც მუდმივად მუშაობს საქართველოს საპატრიარქოში.

 

“ეს უნდა იცოდეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ და დღეიდან უნდა შეწყდეს ეს მუშაობა, სანამ არ იქნება გარკვეული ყოველი დეტალი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ისე, რომ ბაგრატის ტაძარი იყოს ამოღებული იუნესკოს ყურადღებიდან.

ასე რომ, მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება, ყოველი დეტალი დაწვრილებით შესწავლილი იქნება და ჩვენ მივიღებთ ისეთ ტაძარს, რომელიც საჭიროა ჩვენთვის”, – განაცხადა ილია მეორემ. 

 

”ბაგრატის ტაძარი იმ დონეზე შეიცვალა, რომ დაირღვა მისი ავთენტურობა და ის ვეღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რისთვისაც შეტანილი იქნა დაცული ძეგლების ნუსხაში,” – წერია იუნესკოს წინასწარ შეფასებაში.

 

საქართველოს ხელისუფლება განახლებული ბაგრატის ტაძრის გახსნა შემოდგომაზე გეგმავს.

 

ამავე თემაზე:

ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სესიის წინ [Photo]

მასალების გადაბეჭდვის წესი