კომენტარი

ავტოპილოტზე გადართული ქვეყანა

15 ივნისი, 2012 • 1704
ავტოპილოტზე გადართული ქვეყანა

 საქმე იმაშია, რომ ხელისუფლების ძირითადი მოვალეობა სახელმწიფოს წინაშე არსებულ საშინაო თუ საგარეო გამოწვევებზე რეაგირებაა, მაგრამ დღეს მაქსიმალურად იგნორირებულია ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესი, თუკი ის არჩევნებს არ უკავშირდება.

 

მთელი სახელმწიფო აპარატი რეჟიმის თვითგადარჩენაზეა მიმართული,  ყველა სტრუქტურა მუშაობს მხოლოდ ორი მიმართულებით – პიარი და ძალადობა. გასულ წლებშიც არ ყოფილა ეს ორი ელემენტი უცხო, მაგრამ დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ისინი მმართველი გუნდის უკანასკნელ საყრდენს წარმოადგენენ. განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანა ავტოპილოტზე არის გადართული და ხელისუფლების ერთადერთი მიზანი პიარისა და ძალადობის საშუალებით ოქტომბერში გასამართ არჩევნებში როგორმე გამარჯვება და ძალაუფლების შენარჩუნებაა.

 

განათლების სამინისტროც კი, რომელსაც წესით არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს არჩევნებთან, ცდილობს მისი ყველაზე წარმატებული რეფორმა, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაც კი გაანადგუროს, რომ უნივერსიტეტში გამარტივებული წესით მოხვედრის დაპირებით წინასაარჩევნოდ ელექტორატის გარკვეული ნაწილის გული მოიგოს. აღარაფერს ვამბობ შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რომელიც უკვე ძალიან დაშორდა ძირითად მოვალეობას – სამართლისა და წესრიგის დაცვას – და  ტერორისა და პროპაგანდის მანქანად იქცა.

 

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რეჟიმის მიერ ნაცადი „კვერისა და მათრახის“ პოლიტიკა  აღარ მუშაობს. ქართულ საზოგადოებას აღარ სჯერა დაპირებების და აღარ ეშინია რეპრესიების. პირიქით, ორივე მათგანი მძაფრ ანტისახელისუფლებო მუხტს აღვივებს მოსახლეობაში, რაც კარგად გამოჩნდა თბილისისა და ქუთაისის აქციებზეც. მიუხედევად ამისა, ხელისუფლება შედეგის მიღწევას არა ამ მეთოდების შეცვლით, არამედ მათი კიდევ უფრო გამკაცრებით ცდილობს, რაც მეტად ართულებს მათივე მდგომარეობას. ეს ყოველივე კი იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მმართველი გუნდის არსენალში, უბრალოდ, არ მოიპოვება მოსახლეობასთან ურთიერთობის ალტერნატიული საშუალებები.

 

ხელისუფლებაში გამეფებულია შიში, რომლის სააშკარაოზე გამოტანისთვის ხელის შეშლას დიდი მონდომებით ცდილობენ. ეს ის მომენტია, როდესაც თითქოსდა საკმაოდ მშვიდად უჭირავთ თავი, მაგრამ მათივე ქცევა მმართველ ელიტაში არსებულ პანიკას სულ უფრო თვალშისაცემს ხდის. სხვა რა შეიძლება დაერქვას პრეზიდენტის ვიზიტს ოზურგეთში, მაშინ, როცა წინა დღით „ქართული ოცნების“ ლიდერმა დააანონსა, რომ ოპოზიციის შემდეგი მასშტაბური შეკრება სწორედ ოზურგეთში გაიმართება.

 

ხელისუფლების ქაოტური მდგომარეობა ივანიშვილის 148 მილიონი ლარით დაჯარიმებაშიც იგრძნობა. ეს ნაბიჯი რამდენიმე მიზეზის გამო თავად მმართველი რეჟიმისთვისაა საზიანო. პირველ რიგში, აბსურდული განაჩენი ლახავს ხელისუფლების  საერთაშორისო იმიჯის. როგორც ცნობილია, სასამართლო პროცესს ამერიკის საელჩოს წარმომადგენელიც ესწრებოდა და ოფიციალური ინფორმაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა  მმათველი გუნდის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერას კიდევ უფრო შეამცირებს.

 

გარდა ამისა, თავად ხელისუფლება  ისე აშკარად ვეღარ გამოიყენებს ამომრჩევლის მოსყიდვის მეთოდებს, რომლებსაც გასულ წლებში მის წინასაარჩევნო  სტრატეგიაში გაყალბებებთან ერთად წამყვანი ადგილი ეჭირა. სოციალურად დაუცველი და შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უყოყმანოდ თანხმდებოდა რამდენიმე ათეული კოლო შაქრისა და ფქვილის სანაცვლოდ ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას. თუმცა დღეს უკვე აშკარაა, რომ მმართველი ძალა ამ ტაქტიკას ვეღარ გამოიყენებს. უბრალოდ მათ ამის საშუალებას  მკვეთრად გაძლიერებული და გამოფხიზლებული ოპოზიცია აღარ მისცემს.

 

საჯარიმო თანხის რაოდენობა და საკუთარი საერთაშორისო იმიჯის უგულვებელყოფა ბადებს იმის ეჭვს, რომ რეჟიმის მიერ განხორციელებული დაჯარიმების ოპერაციის მიზანი არა მოწინააღმდეგის დასუსტება ან ჩამოშორება, არამედ საკუთარი „ყულაბის“ შევსება გახლავთ. ეს კი ცხადყოფს იმას, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ფინანსურ კრიზისს განიცდის, რასაც ვერ ვიტყვით მის მოწინააღმდეგე გუნდზე, რომელიც ამ თანხის გადახდის შემთხვევაშიც კი ფინანსურად საკმაოდ სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებს. თუმცა, არა მგონია, ხელისუფლებამ ეს თანხა ისე იოლად მიიღოს, როგორც თავად გეგმავს.

 

ამავდროულად, მმართველი ძალის ფინანსური კრიზისის გამოაშკარავება მის ქვეშევრდომებსაც უკარგავს ხელისუფლების მიმართ ნდობას. არა მგონია, ძალოვან სტრუქტურებში და პროპაგანდისტულ მანქანაში ჩართული ადამიანები პრეზიდენტის სიყვარულით მოქმედებდნენ, მათი მამოძრავებელი ძალა არის ფული და ხელისუფლების ფინანსური კრიზისი ყველაზე მეტად სწორედ ამ ხალხში შეიტანს დესტრუქციას. მმართველი გუნდისთვის ნამდვილად არ იყო ხელსაყრელი  იმის გამჟღავნება, რომ ამ ხალხმა საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის ტერორში და დეზინფორმირებაში, შეიძლება, ხვალ ხელფასები და პრემიები ვეღარ მიიღოს.

 

გაკვეული მოსაზრების თანახმად, მმართველი გუნდის გათვლა შეიძლება საერთოდ არ უკავშირდებოდეს წინასაარჩევნოდ „ყულაბის“ ივანიშვილის ხარჯზე შევსებას და ოპონენტის უპრეცენდენტო თანხით დაჯარიმება ოპოზიციის წყობიდან გამოყვანას და პროცესების ქუჩაში გადატანას ემსახურებოდეს, სადაც ხელისუფლებას მოქმედება შედარებით უადვილდება და ძალადობის ლეგიტიმაციასაც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იოლად ახერხებს.

 

იდეოლოგიური სიძლიერით მმართველი გუნდი არასდროს გამოირჩეოდა. მათი პროპაგანდა მუდამ რუსეთისგან მტრის ხატის შექმნასა და დასავლეთის იდეალიზირებაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ბოლო დროს დასავლეთის კრიტიკულმა დამოკიდებულებამ რეჟიმს სუსტი იდეოლოგიური დასაყრდენიც გამოაცალა ხელიდან, რის გამოც ხელისუფლების მხრიდან სულ უფრო გახშირდა   დასავლეთის საპასუხო კრიტიკა. რეჟიმისვე სამწუხაროდ, საქართველო არ არის ლიბიის, ერაყის ან ირანის მასშტაბის ქვეყანა, მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, რომ თვითიზოლაციას მიეცეს და  ყველა ირგვლივ მყოფი მტრად გამოაცხადოს. საგანგაშო მდგომარეობაში მყოფი საქართველოს ეკომონიკა ისედაც უცხოურ დახმარებებსა და ინვესტიციებზე დგას. სწორედ ამიტომაც, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, რეჟიმი დასავლეთის წიაშე აშკარად ვერ ილაშქრებს და მხოლოდ მედიასაშუალებებით ცდილობს მის დისკრედიტაციას.

 

ხელისუფლების წინასაარჩევნო პროგრამა, რომლის დიდი ნაწილის პრეზენტაციაც რატომღაც დახურულ შეხვედრებსა და რესტორნებში ხდება, თითქოსდა იმდენად ორიენტირებული გახდა უმუშევრობის აღმოფხვრასა და სოციალურ საკითხებზე, რომ სკანდინავიური “Welfare State”-ის შემოქმედ მამებსაც კი შეშურდებოდათ.  რეაქციონერი ხელისუფლების წინასაარჩევნო მემარცხენე რიტორიკის მიხედვით მოსახლეობის დასაქმებისა და კეთილდღეობის გარდა ქვეყანაში არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. საინტერესოა, სად იყო ეს ხალხი რვა წლის განმავლობაში?!

 

მედიასთან დაკავშირებითაც დიდი პრობლემების წინაშე დგას ხელისუფლება. თბილისის სამარშრუტო ტაქსებში გათიშული რადიოები და მეცხრე არხის ბლოკირების მცდელობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლებასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გამოცხადებული, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში სულ უფრო მეტად შლის საზღვრებს ინფორმაციასა და დეზინფორმაციას შორის. რომელ „Must Carry“-ის პრინციპებზეა საუბარი მაშინ, როცა პარლამენტის მშენებარე შენობასთან დაკავშირებული ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგაც კი უცნობია, რა ჩამოინგრა, სად ჩამოინგრა, რატომ ჩამოინგრა და ასევე ჯერ კიდევ დაუდგენელია  მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა.

ვასო კუჭუხიძე
ვასო კუჭუხიძე

ავტორის შესახებ

ვასო კუჭუხიძე არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი