კომენტარი

„ისტორია, ისტორია, გვერდზე გადამისროლია“

29 მაისი, 2012 • 1572
„ისტორია, ისტორია, გვერდზე გადამისროლია“

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ წიგნის ფესტივალისთვის სახელდახელოდ მომზადებულ კატალოგში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ტომის ავტორად ფრედერიკ ბეგბედერია მითითებული, გახმაურებული რომანის „99 ფრანკის“ შემქმნელი. თავიდან მართლა შემეპარა ეჭვი, გამიხარდა კიდეც და წარმოვიდგინე, რას დაწერდა ეს ბოჰემური ფრანგი ჭაბუკი. წესით, ყველაზე მეტად ლაშა-გიორგის პერსონაჟი დააინტერესებდა და აღწერდა ორგიებსა და უთავბოლო თრიაქის წევას.

კატალოგი ყურადღებით გადავათვალიერე იმ იმედით, რომ კიდევ სხვა, ჩემთვის უცნობ ლიტერატურულ მოვლენას აღმოვაჩენდი, მაგრამ მხოლოდ დათო ტურაშვილს ახალ წიგნს, „ბასტი-ბუბუს“ წავაწყდი. ისე მართლა საინტერესოა, როგორ აღწერდნენ თანამედროვე უცხოელი ავტორები საქართველოს ისტორიას.

მაგალითად, ჩაკ პალანიკი ცოტნე დადიანის შესახებ დაწერდა, ანონიმურ თაფლწასმულთა კლუბზე, რომლის შესახებაც ყველამ გაიგო – ერთი ადამიანი შეიძლება იყოს სულელი, მაგრამ არაფერი შეედრება მასის კოლექტიურ სისულელეს.

სტეფანი მეიერი კი ოთხმოცდაათიან წლებში მოთარეშე ვამპირებზე გამოაცხობდა გემრიელ საგას. ამ დროზე ისე სტიურტ ჰოუმსაც მშვენიერი ნოველა გამოუვიდოდა. ჯოან როულინგი საპატრიარქოს აქცევდა რამდენიმე ტომად.

დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი სტივენ კინგის რომანსაც, სადაც სათაფლიიდან გამოქცეულ დინოზავრზე დაწერდა, რომელიც ქუთაისში ახალაშენებულ პარლამენტთან შეუდგებოდა სეირნობას. „გადააყენე! გადააყენე!“ – განწირული უყვირის პატრული. რუსთავი ორი კი აცხადებს, რომ ეს დინოზავრი ბიძინა ივანიშვილმა შეაქმნევინა რუსულ საიდუმლო ლაბორატორიაში.

უმბერტო ეკო, წესით, ისევ შუა საუკუნეებს დაირეზერვებდა. ხოლო ჯეფ ნუნი ისევ ჩვეულ კიბერ-პანკის ჟანრში აღწერდა საქართველოს ჰოლოგრამულ მთავრობას, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს, სახელად „ოქროს ვერძი.“

ბრეტ ისტონ ელისი, „ამერიკელი ფსიქოპატის“ ავტორი, ახლა ქართველ ფსიქოპატს დააჭერინებდა თავის ორლულიან სიტყვებს.

პიერ გიიოტა ოცდაჩვიდმეტი წლის საბჭოთა რეპრესიებს დაგვიხატავდა საუკეთესოდ. ხოლო მარკესი უქარქაშო ხმლებს მიამატებდა კიდევ ერთი 5 ტომს.

ისე თანამედროვე ისტორიული რომანი მართლაც არ არსებობს, რომანი, რომელშიც  კრიტიკული თვალით, სარკაზმითა და გროტესკით იქნებოდა დანახული საქართველოს ისტორია. ჩემი აზრით, ეს აუცილებელია.

ყველას გემახსოვრებათ იმედის მოდელირებული ქრონიკა, სადაც გამოგონილმა ომმა ქვეყნის მოსახლეობა ისეთ შოკში ჩააგდო, რომ რეალური ომი მართლაც მონაგონი იყო. მაშინ დავწერე, რომ ბოროტ ხუმრობასთან ერთად, რასაც ემოციურ ნიადაგზე რამდენიმე ადამიანს სიცოცხლე შეეწირა, შეიძლება ეს დადებითი მოვლენაც იყო, რადგან ქვეყნის მოსახლეობამ დაინახა მასმედიის მუშაობის პრინციპი.

შეიძლება ისიც ითქვას, რომ ლიტერატურაც ასე უნდა მუშაობდეს. ვგულისხმობ, რომ ის ისეთ თემებს უნდა უტრიალებდეს, რომელთაც ღრმად გაუდგამთ ფესვი ჩვენს ტვინებში. ჩვენი ისტორია კი სწორედ ასეთი თემებისგან არის მოქსოვილი.

რაც შეეხება იმ მოვლენებს, რაც ახლა ვითარდება, ამ კოლექტიური ნარატივის შექმნაში ყველა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და ეცადოს, გახადოს ის ლირიკული, მსუბუქი, ანალიტიკური, ჭკუის სასწავლებელი და, რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს ის ბმულები და მინიშნებები, რაც უხვად მიმალულა ჩვენს ბედკრულ ისტორიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი