კომენტარი

კუბლაშვილი: ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზე რეაგირება უნდა მოხდეს

25 მაისი, 2012 •
კუბლაშვილი: ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზე რეაგირება უნდა მოხდეს

პავლე კუბლაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
პავლე კუბლაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

“ყველა შემთხვევაში ჟურნალისტებზე ძალადობა ან ხელის შეშლა ჟურნალისტების საქმიანობაში არის ის ქმედება, რომელსაც განსაკუთრებული მკაცრი რეაქცია უნდა მოჰყვეს. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ფაქტებზე რეაგირებას აქვს მნიშვნელობა, მათ შორის იმისათვის, რომ პრევენცია იყოს მომავალში. დეტალებთან დაკავშირებით პროკურატურას შეიძლება მიმართოთ”, – განაცხადა იუსტიციის სამინისტროდან გამოსულმა კუბლაშვილმა. ის მაშინ გამოვიდა სამინისტროდან, როდესაც სამინისტროს წინ ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობდა. 

 

თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ზოგიერთი ფაქტი, უმეტესად რეგიონებში მომხდარი, გაზვიადებულია.

კუბლაშვილმა განსაკუთრებული უწოდა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ფაქტს და განაცხადა – “მე მგონი, თქვენი შემთხვევა განსაკუთრებულია და მასზე რეაგირება, ალბათ, აუცილებლად მოხდება” და იქვე დასძინა, რომ თვალს მიადევნებს ამ პროცესებს.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი დააკავეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

საპროტესტო აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა კუბლაშვილს საპროტესტო ბანერიც აჩუქეს წარწერით ”გამოიძიეთ ძალადობის ფაქტები!”, რის გამოც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა.
 

დღეს სხვადასხვა მედიასაშუალების, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან გააპროტესტეს და მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი