კომენტარი

ამურის ისარი თუ გზის მანიშნებელი ჯოჯოხეთში?

19 მაისი, 2012 • 1882
ამურის ისარი თუ გზის მანიშნებელი ჯოჯოხეთში?

“მშვენიერი ამინდია.

ცა – უკიდეგანო.

მე მყავს ორი მეგობარი,

რომლებიც შეყვარებულნი არიან ჩემზე

და ჩვენ სხვა საქმე არ გვაქვს, გარდა იმისა

რომ ერთმანეთი გვიყვარდეს.”


შენთვის იბრძოდა დავით აღმაშენებელი? რას გვამადლიან კაცო ამ ბრძოლებს ვერ ვხვდები. ცირკია რა ჩვენი ქვეყანა. ცირკში კი მასხარები წყვეტენ პრობლემებს. ამიტომ შევეცადე, იმ ფაქტზე რაც გუშინ მოხდა არაფერი დამეწერა, სანამ არ დავმშვიდდებოდი.  


გუშინ მართმადიდებელ მშობელთა კავშირმა და წმინდა მეფე ვახტანგ მგელთავას საძმომ მშვიდობიან აქციას გზა გადაუკეტა. ტრანსფარანტები ჩამოუგლიჯა და ფეხით გაუთელა. და რომ არა შიში იმისა რომ დაიჭერდნენ და ციხეში უკრავდნენ თავს,  აუცილებლად ფიზიკურადაც გაუსწორდებოდნენ.


აქციის მონაწილეები უბრალოდ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავდნენ. ანუ ამბობდნენ, რომ ნუ გძულვართ თანამოქალაქენო, ამხანაგებო, მეგობრებო, მშობლებო, პარლამეტარებო, ჟურნალისტებო, მღვდლებო, ერო და ბერო, გვინდა, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნოდეს, ისევე როგორც თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ თქვენიო.


მხიარულად მოდიოდნენ. ხელში ფერადი დროშები ეჭირათ. (ისე მაინტერესებს რატომ ჯიპებზე მომჯდარ სასულიერო პირებს არ უღობავს გზას მართადიდებელ მშობელთა კავშირი? ქრისტე ხომ ამბობდა: “ნეტარ არიან ღარიბნიო?” თუ რაც გვინდა და რაც გვაწყობს მხოლოდ იმ სიტყვებს ვირჩევთ „წმინდა წერილიდან“ და იმის მიხედვით განვსაზღვრავთ და განვასაზღვინებთ რელიგიურ მრწამსს?)


ხომ შეიძლება, ამ აქციის მონაწილეები სულაც არ იყვნენ მართმადიდებლები? რა უფლება აქვს მართადიდებელ მღვდელს და მრევლს ბუდისტ ტრანსექსუალს მიუთითოს როგორ იცხოვროს?


და ისედაც, თუნდაც ქრისტიანები ყოფილიყვნენ, ბიბლიაში 6-ჯერ აფრთხილებენ ჰომოსექსუალებს, ხოლო ჰეტეროსექსუალებს –  362-ჯერ!  ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ღმერთს ჰეტეროსექსუალები უფრო აღიზიანებს?  

ალფრედ კინსი ამბობდა, რომ „ბუნებრივად მხოლოდ ის სექსუალური აქტი ვერ ჩაითვლება, რომლის განხორციელებასაც ვერ შევძლებთო.“


ავადმყოფებო! – ისტერიკულად გაჰკიოდნენ ქართველი ერის ორიენტაციაზე მზრუნველი მორწმუნეები. რეალურად კი ავადმყოფი ის ადამიანია, ვისაც სურს, რომ საკუთარი მორალური პრინციპები სხვისთვის კანონად გადაქციოს.


სიყვარული ბრმააო, გაიძახით. თუ ბრმაა, ხომ შეიძლება სქესიც აერიოს?!


რატომ ჩნდება ჰომოფობია? მიზეზი – შიშია. ბუნდოვანი ტრადიციების დაკარგვის შიში, დომინანტური  მდგომარეობის დაკარგვის შიში, საკუთარი ჯავშანის განადგურების შიში. უგემოვნოდ გაკეთებული შამპანურის რეკლამიდან ამოვარდნის შიში, სადაც დიდი, ძლიერი ოჯახი ერთ მაგიდას უზის. შვილები და მშობლები ერთნაირი ვარცხნილობით, ერთნაირი ჩაცმულობით, ერთნაირი შეხედულებებით. ყველა ზეიმობს. განსხვავებულიც – კი მიმსგავსებულია. მთავარია კადრი არ გაფუჭდეს და მერე თუ გინდა თავში ტყვია გიხლია.


პ.ს.  ნეტავ რა დაჯდა პატრიარქის და მისი 200 კაციანი ამალის ვიზიტი საფრანგეთში? (რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ერთად აფინანსებს) რამდენი ადამიანია საქართველოში ვისაც გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება?  რამდენ ადამიანს არ აქვს ნორმალური სადილი? რამდენი ადამიანი ვერ იღებს განათლებას? რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში. მგონი იმ ფულით რაც ეს ტურნე დაჯდა, რამდენიმე თვის განმავლობაში, სულ მცირე ათასი ბავშვი შეჭამდა გემრიელ სადილს, რაც მათი ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელია. მოდი, თუ ასე გვაწუხებს ჩვენი მომავალი თაობა, ის მილიონები რასაც ბიუჯეტიდან და მორწმუნე „ბობოლებიდან“ იღებთ, იქნებ თანაბრად გაუნაწილოთ გაჭირვებულ ადამიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი