კომენტარი

ელ-მთავრობის შესახებ

12 მაისი, 2012 • 1216
ელ-მთავრობის შესახებ

“მე პატარა რობოტი ვარ,
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ ERROR ERROR”

საქართველოს პრეზიდენტი ელექტრონული მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ პრეზიდენტი მკვირცხლია, ეგრე ვაშაძე უფრო მკვირცხლია. ვინ არის ფლეში (კომიქსების ყველაზე სწრაფი სუპერგმირი) ქართველ მინისტრებთან შედარებით? ვინ არის ქართველ მინისტრებზე ფეხმარდი და ღირსი 3D გამოსახულებისა?  


ვთქვათ, მოგინდა მინისტრთან ლაპარაკი. სხვა ვის უნდა გადაუშალო გული, თუ არა მინისტრს? აჭერ ღილაკს და შენ წინაშე მოცულობითი, 3D გამოსახულებით ჩნდება მინისტრი მინი-კაბაში. წარმოიდგინეთ კიბერ-ლამპარში გამომწყვდეული ჩინოვნიკი, რომელიც თქვენს ნებისმიერ სურვილს აასრულებს. წარმოიდგინეთ ვერა ქობალიას ჰოლოგრამა, რომელიც გავაზივით მიმოირწევა თქვენ წინაშე…


ჰოლოგრამა ყოველ მონაკვეთში შეიცავს მთლიან ობიექტს, ჩართულს ტალღების წყობის სახით, რომელიც მასზე მინათებული შუქის მეშვეობით შეიძლება გაიშალოს. ასე რომ, ერთ მინისტრში მთელი მინისტრთა კაბინეტი იქნება გაერთიანებული. ერთ გამოხედვაში კი მთელი სახელმწიფო პოლიტიკა მოექცევა.


ჩვენ თვითონ ხომ ვერაფერს მოვიფიქრებთ, პრეზიდენტს თუ არ გაუბრწყინდა თავთან ასვატიანი ნათურა: „ჩვენ გვყავს ფეხმარდი და მკვირცხალი მინისტრები, თუმცა ეს შეიძლება მუდამ ასე არ იყოს. ოდესმე ჩვენც დავდინჯდებით, ამდენს ვეღარ გადავადგილდებით. ამიტომაც გამოსავალი ერთია – ელექტრონული მთავრობა.“

ელექტრონული მთავრობა საკმაოდ გავრცელებული ტერმინია და აღნიშნავს სხვადასხვა ქვეყნების ინფორმატიზაციის ნაციონალურ პროგრამებს. მაგრამ აქ გადამწყვეტი ამ პროცესის პრეზიდენტისეული, ორიგინალური, სახასიათო და საფირმო ინტერპრეტაციაა.


რეალურად ელექტრონული მთავრობა ხელისუფლების და საზოგადოების ელექტრონულ ურთიერთობამდე დაიყვანება, რათა ბიუროკრატიული წინააღმდეგობები შემცირდეს და გადაწყვეტილების მიღება დაჩქარდეს. ანუ ელ-მმართველობამ მოქალაქეებს და ბიზნესს ხელისუფლებასთან უფრო მოქნილი ურთიერთობის საშუალება უნდა მისცეს. ასევე,  სახელმწიფო და მუნიციპალური მართვა უფრო გამჭვირვალე გახადოს და შეამციროს ხელისუფლების ბიუროკრატიზაცია და დაუახლოვოს ხელისუფლება მოქალაქეებს.


მაგრამ ვის მოუვიდოდა აზრად 3D-ში აშლილი მინისტრები და ჩინოვნიკთა ჰოლოგრამები?


ვერ დავმალავ და ვიტყვი, აღტაცებული ვარ პრეზიდენტის ამ ინიციატივით – ელ-მმართველობის კონცეფციისთვის ახალი სულის ჩაბერვის. ჩვენ ხომ შეცდომებზე ვსწავლობთ და შემდეგ კიდევ უფრო მეტ შეცდომას ვუშვებთ, რომ უფრო მეტი ვისწავლოთ.

 

ავტორი

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი

მასალების გადაბეჭდვის წესი