რუსეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელიც საოცარი ფანტაზით წინასწარმეტყველებდა რუსეთის აღსასრულს, თუკი არჩევნებში პუტინი არ გაიმარჯვებდა. არ ღირს ყურადღების გამახვილება იმ აბსურდულ ჰიპოთეზებზე, თუ როგორ უნდა შეძლოს საქართველომ, თუნდაც კატასტროფის წინაშე მდგარი, რუსეთის ორი რეგიონის, კრასნოდარის მხარისა და ჩრდილოეთ ოსეთის ოკუპირება, ან თუნდაც 2014 წელს ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება, რომლის ინფრასტრუქტურის აშენებას რამდენიმე წელი სჭირდება, მითუმეტეს, რომ ლაზიკაც ასაშენებელი გვაქვს.
ჩემი ყურადღება მიიქცია მხოლოდ ვიდეორგოლის იდეოლოგიურმა მსგავსებამ 2010 წლის გაზაფხულზე იმედის მიერ შექმნილ „მოდელირებული“ ქრონიკასთან. ავტორიტარული რეჟიმების მიერ წარმოებული პროპაგანდის მეთოდები რომ ხშირად იდენტურია, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ორი მასალის მსგავსებამ სერიოზულად დამაფიქრა და გამიჩინა შეკითხვა, ვინ ვის ბაძავს. მართალია, რუსეთი საბჭოთა კავშირის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა, თუმცა, როგორც ჩანს, გარდაცვალების წინ საბჭოთა იმპერიამ პროპაგანდის მანქანა ჩვენ დაგვიტოვა ანდერძით. ამის მაგალითია ძველი კომუნისტური სლოგანი „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, რომელსაც ჩვენი პროდასავლური, ლიბერალი ხელისუფლება მშვენივრად იყენებს.
რიტორიკულმა შეკითხვამ, ვინ ვის ბაძავს, პირველ რიგში ქვეყნის პირველ პირებს შორის არსებული მიმბაძველობა გამახსენა, რაც ძირითადად პიარ–კამპანიებში გამოიხატება. დამეთანხმებით, მსგავსება დიდია, გამოჩნდა თევზაობით გართული წელს ზემოთ შიშველი პუტინი, მალევე საცურაო კოსტუმის ამარა ვიხილეთ ჩვენი პრეზიდენტი ბათუმის პლიაჟზე. გამოჩნდა კიმონოში გამოწყობილი პუტინი, მალევე თხილამურებზე დადგა ბატონი მიშა(რისთვისაც მე პირადად მისი დიდი მადლობელი ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ არ დაკავდა, მაგალითად, მკლავჭიდით, რადგანაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაც პრეზიდენტმა მთელი ქვეყნის წინაშე სრიალი დაიწყო, თხილამურებზე დადგომის სურვილმა 40 %-ით იმატა). გამოჩნდა ცხენზე მოჯირითე პუტინი, მალევე ველოსიპედზე ვიხილეთ ჩვენი პრეზიდენტი. გამოჩნდა პილოტის ქუდით ბომბდამშენში მჯდარი პუტინი, მიშაც მალე გახდა პილოტი, მაგრამ არა ბომბდამშენის, არამედ ფორმულა 2-ის თბილისი–გორის ახალგახსნილ მაგისტრალზე. ცხადია, მსგავსება დიდია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველაფერში დაგვასწრეს და ინდივიდუალურ დონეზე თითქმის ყველაფერში ჩვენ მოგვიწია მიბაძვა, სანამ ჩვენი პრეზიდენტი “დელიკატური ამანათის“ გაგზავნის ინიციატივით არ გამოვიდა რამდენიმე დღის წინ…საინტერესოა, როგორ მიბაძავს მას რუსი კოლეგა და რას გამოუგზავნის სანაცლოდ.
სამაგიეროდ გუნდურ ორთაბრძოლებში საკმაოდ დიდი ფორით ვლიდერობთ. სად იყო მაშინ რუსეთი, როდესაც ჩვენ მტრის ხატებს ვქმნიდით და სოციალური კატასტროფის გამო ქუჩაში გამოსული მომიტინგეების შეკრებას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ვაბრალებდით, მოსკოვმა ეს ტაქტიკა ჩვენგან ახლახან გადაიღო, ანუ ამ მხრივ რამდენიმე წლით ჩამოგვრჩა. მოდელირებული ქრონიკის ფარგლებშიც ორი წელი ვლიდერობდით და რუსებმა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოახერხეს ჩვენთან ანგარარიშის გათანაბრება. მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ტუზი, რომელსაც რუსეთი, სავარაუდოდ, ვერასდროს ამოგვიქაჩავს, კერძოდ, ბუქარესტის სამიტზე აღებული „მაპზე უკეთესი“. რაც შეეხება სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას, მას სულ რაღაც 14 წელიწადში 2028 წლის ლაზიკას ზაფხულის ოლიმპიადით დავაბალანსებთ.
P.S. 2011 წლის აგვისტოში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ქერჩის სრუტეში ერთ–ერთი დაივინგის დროს პუტინმა „შემთხვევით“ არქეოლოგიური აღმოჩენა გააკეთა, იპოვა რა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნის ბერძნული განძეულობა, რისი საშუალებითაც მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. მიმბაძველობის ტენდეციას თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, 2012 წლის არჩევნების წინ ბაზალეთის ტბის ფსკერზე ჩაყვინთოს მიშამაც და ოქროს აკვანი ამოიტანოს. ამას კი იბერიის გაბრწყინება მოჰყვება. თუმცა ბოლო დროს პრეზიდენტის რიტორიკაში სიტყვა „მუმიები“-ს არაერთგზის გაჟღერებამ მეტი დამაჯერებლობა შესძინა მოარულ ხმებს, რომ ძალიან წარმატებული „აგვისტოს 5 დღე“-ს შემდეგ ჰოლივუდი მოლაპარაკებებს აწარმოებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „მუმია 4“-ის გადასაღებად, სადაც ბატონი პრეზიდენტი ო’კონელის როლს შეასრულებს და პუტინის ჯიბრზე ეგვიპტურ მკვდარ ქალაქ ჰამუნაპტრას აღმოაჩენს, რის სანაცვლოდაც ეგვიპტური არქიტექტურის ქურუმი იმჰოტეპი მას ლაზიკას უფასოდ უპროექტებს.
ავტორის შესახებ ვასო კუჭუხიძე არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი |