რას ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფცია და იძლევა თუ არა ეს ახალი დოკუმენტი შეიარაღებული სარეზერვო ჯგუფების არსებობის შესაძლებლობას? – ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ღიბრაძეს ესაუბრა. სწორედ უშიშროების საბჭოსთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა ახალი კონცეფცია, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა.
ბატონო გიორგი, რატომ გახდა აუცილებელი საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის ახალი კონცეფციის შემუშავება?
უშიშროების საბჭოს აპარატი აწარმოებს ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესს, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრას, სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შექმნას, შესაბამისად, პირველ რიგში, რაც შეიქმნა, ეს იყო საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც საიდუმლო დოკუმენტია და მასში აღწერილია საფრთხეები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ასევე, მომზადებულია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ეს დოკუმენტი, პირველისგან განსხვავებით, ღიაა და მისი შექმნის პროცესში იყო ჩართული ძალიან ფართო სპექტრი დაინტერესებული ხალხისა, ესენი იყვნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები საქართველოში, პოლიტიკური პარტიები. ეს პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო.
ამ ორი ძირითადი დოკუმენტის შექმნის შემდეგ კეთდება უკვე სხვა დოკუმენტები, სტრატეგიები. რაც შეეხება რეზერვის კონცეფციას, ეს არის ღია დოკუმენტი და ამის საჯარო განხილვებიც, რა თქმა უნდა, მოხდება.
პროცედურა ასეთია, ჯერ შიგნით უწყებრივად ვთანხმდებით პროექტზე, რომელიც არის უკვე იმისთვის მზად, რომ მოხდეს მისი განხილვა. ანუ, ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყებების პოზიციები დაფიქსირებულია, შემდეგ ვითვალისწინებთ სხვა დანარჩენი არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ დიპლომატიური კორპუსის წრმომადგენლების მოსაზრებებს აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით.
რეზერვის სისტემა ახალი არ არის, რეზერვის განახლების აუცილებლობა ყველასთვის ცნობილია რატომაც გახდა: 2008 წლის მოვლენებმა გვაჩვენა ამ სისტემის გაუმართაობა. ხოლო რა დასკვნებიც გამოვიტანეთ იქიდან, იმის საფუძველზე სისტემა რეფორმირებას განიცდის.
რეზერვის ახალ კონცეფციაზე მუშაობა ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს. თავიდან არსებობდა რამდენიმე დოკუმენტი, რომელსაც ხედვა ერქვა და თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო შემუშავებული, მაგრამ ამისთვის არ გვქონდა მიცემული საბოლოო სახე, რადგან ერთობლივად, საბოლოო ჯამში, ჩავთვალეთ, რომ ჯერ ადრე იყო იმიტომ, რომ ბოლომდე არ იყო სხვადასხვა კომპონენტები შესწავლილი. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდეა შესწავლილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს გაცილებით უფრო ნათელი სურათი შეიძლება დავარქვათ ამას, ვიდრე იყო მაშინ.
რა სახის რეზერვზეა საუბარი კონცეფციაში?
აღნიშნული კონცეფციით, რომელიც არის ზოგადი ჩარჩო და პოლიტიკური ხედვა, რეზერვი პირობითად ორ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი არის სახმელეთო ჯარების რეზერვი, რომლის ძირითადი ფუნქცია ჯარის დახმარება და საჭიროების შემთხვევაში, ჯარის შევსებაა. ანუ ეს არის ხალხი, რომელსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ (გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური, ის ხალხი, რომელსაც გააჩნია სამხედრო უნარ–ჩვევები, რაც უნდა ჰქონდეს სამხედრო მოსამსახურეს). ეს იქნება სახმელეთო ჯარების რეზერვი, რომლის მართვის სისტემაც პირდაპირ მიბმულია სახმელეთო ჯარებზე.
ამასთანავე, თვითონ სახმელეთო ჯარების რეზერვიც არის როგორც სავალდებულო, ასევე – ნებაყოფლობითი. ანუ აქ რა იგულისხმება: იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა პირის გაწვევა სავალდებულო რეზერვში, იმ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, რომელიც არის განსაზღვრული სავალდებულო სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (ასაკი იქნება ეს, თუ ფიზიკური შესაძლებლობა), მაშინ მას შეუძლია პირადად, საკუთარი სურვილით მიმართოს თავდაცვის სამინისტროს და ჩაირიცხოს სახმელეთო ჯარების ნებაყოფლობით რეზერვში, თუკი დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც აქვს სახმელეთო ჯარების რეზერვს.
მეორე სახის რეზერვი, რომელიც არის ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი, აბსოლუტურად ნებაყოფლობითია. მათი მომზადება კი არსებული კანონმდებლობით არის წლის განმავლობაში 45 დღემდე. ასე რომ, ის ხუთდღიანი იქნება თუ რამდენდღიანი, ამას უკვე თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს და მისი პრეროგატივაა.
ნებაყოფლობითი რეზერვის მონაწილეებისთვის ხელფასის გადახდა არ მოხდება, უბრალოდ მათზე, რეზერვში ყოფნის პერიოდში, გავრცელდება ის სოციალური შეღავათები, რაც გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის, თუმცა კონცეფციაში ამ საკითხებზე საუბარი არ არის, ეს დეტალები შემდგომ დოკუმენტებში იქნება გაწერილი.
კონცეფცია მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრავს ჩარჩოს იმისას, თუ როგორ ხედავს ქვეყანა მისი რეზერვის მოწყობას. ანუ ეს არის ორი ძირითადი კომპონენტი. პირველი კომპონენტია – სახმელეთო ჯარების რეზერვი, რომელიც არის სავალდებულო და მათ შორის ნებაყოფლობითიც შეიძლება იყოს და მეორე – ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი, რომელიც არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი.
რა პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნება რეზერვი?
აქ ძალზე მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რომელზე დაყრდნობითაც ეს რეზერვი უნდა შეიქმნას. ეს არის სიმარტივე, მოქნილობა, ხარისხი ამ ხალხის გაწვრთნის, ეკონომიურობა. იმიტომ, რომ მშვენივრად ვიცით, რომ გარკვეულწილად ფინანსები შეზღუდულია ჩვენთვის. რეზერვის ქონა არის საკმაოდ ძვირადღირებული და ქვეყანას ძალიან დიდი სახსრები უჯდება ამ რეზერვის სისტემის შენახვა.
ერთ–ერთი კომპონენტი, რომელიც ამაში არის ჩადებული პრინციპის სახით, არის ის, რომ მინიმალური დანახარჯით შევძლოთ მაქსიმალური ეფექტის მიღება. ერთ–ერთ პრინციპად, ასევე, ჩადებულია დეცენტრალიზებული მართვის შესაძლებლობის ქონა. ყველაფერი ეს კი აწყობილია იმ გამოცდილებაზე, რომელიც მივიღეთ 2008 წელს.
ყველა ამ რეზერვის კომპონენტს ექნება წინასწარ გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია იმოქმედოს თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც კავშირი არ არსებობს და ვერ ხერხდება მათთვის დამატებითი ბრძანებების მიღება.
ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ უნდა გაკეთდეს კონკრეტული სტრატეგია, დოქტრინები, თუ აუცილებლობა იქნება, კანონმდებლობაშიც შევიდეს ცვლილება იგივე რეზერვისტის წოდებებთან დაკავშირებით, იმ ვადებთან დაკავშირებით, რამდენ ხანს ვიწვევთ ამ ხალხს რეზერვის წვრთნებში, იმიტომ, რომ ამ ყოველივეს საფუძვლად უნდა დაედოს კონკრეტული პროგრამა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის ხალხი, რომლებიც, მაგალითად, სამეგრელოში უკვე მიყავთ ნებაყოფლობით რეზერვში, გაივლია ხუთდღიან მომზადებას…
ახლა რაც არის ნახსენები, ნებაყოფლობით რეზერვში ხუთდღიანი გაწვევები, ეს შეიძლება ჩავთვალოთ საპილოტე პროგრამებად, რომლის საფუძველზეც კიდევ მიმდინარეობს ამ სისტემის შესწავლა იმისათვის, რომ ყველა ნიუანსი, არგუმენტი იქნას გათვალისწინებული.
“ქართული ოცნების” განცხადებით, ხელისუფლებამ დაიწყო რეზერვისტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, კერძოდ, მუშავდება ნებაყოფლობითი რეზერვის კონცეფცია, რითიც ხელისუფლება ცდილობს დააკანონოს უკანონობა, საუბარია სამეგრელოში გასამხედროებულ ჯგუფებზე…
შეგახსენებთ 2011 წლის 31 ოქტომბრის განცხადებას, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, ეტაპობრივად გადაამზადოს ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის მსურველები. ანუ
ის თემა, რომ ეს რეზერვი დაიწყო ახლა და მხოლოდ იმ განცხადების შემდეგ, რაც ალასანიას მხრიდან გაკეთდა, სრული აბსურდია. 2010 წლის 28 ოქტომბერს ვაზიანში იყო გასვლითი სხდომა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშრობის კომიტეტის, სადაც ასევე საუბარია ნებაყოფლობითი რეზერვის კომპონენტზე და მათ ჩამოყალიბებაზე. ანუ ეს არ არის ახალი დაწყებული თემა. უბრალოდ, თუ ვინმეს სურს, რომ დახუჭოს თვალი და თქვას, რომ ახლა მოიგონეს, ეს არასწორი მიდგომაა.
იქნება თუ არა საქართველოში გამოყენებული რომელიმე ქვეყნის გამოცდილება რეზერვის ფორმირების კონკრეტული მოდელის შესარჩევად?
რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრი ქვეყნის საკითხი იქნა განხილული ამ საბოლოო პროექტის შემუშავებისთვის, მაგრამ ყველა ქვეყანაში ამ მხრივ განსხვავებული სიტუაციაა. მშვენიერი რეზერვი ჰყავს ნორვეგიას, მაგრამ სახსრებთან არის ეს დაკავშირებული. ჩვენ ქვეყანას არანაირად აქვს იმის ფუფუნება, რომ იგივე რაოდენობის თანხა დაიხარჯოს. ამერიკის რეზერვი კიდევ სხვა მოწყობისაა. მოდი, ამას დავარქვათ ადაპტირებული ვარიანტი, სადაც აღებულია ყველა ის კომპონენტი სხვადასხვა ქვეყანაში არსებული, რომელიც შესაძლოა გამოსაყენებელი იყოს ჩვენს პირობებში.
სახმელეთო ჯარების რეზერვის ძირითადი ფუნქცია არის ჯარის მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში, ჯარის შევსება.
ექნება თუ არა შეიარაღება ნებაყოფლობით რეზერვს?
იარაღის დაცვა მკაცრად კონტროლირდება. მე რეზერვისტი ვარ და ჩემი ავტომატი მომეცით, სახლში უნდა წაავიღო, ასეთი რამ გამორიცხულია. ამისთვის არის გამოყოფილი სპეციალური ადგილი. როდესაც მობილიზაციაა, რეზერვისტი მიდის და იღებს თავის იარაღს, არანაირი იარაღი მას არ ურიგდება. უბრალოდ, მასზე არის გაწერილი იარაღი, რომელიც ინახება სპეციალურად დაცულ ადგილას.
როდის გახდება საჯარო რეზერვის ახალი კონცეფცია?
ზუსტ თარიღს ვერ დაგისახელებთ. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ეს დოკუმენტი უკვე გავლილია და ახლო მომავალში იგეგმება ის პროცედურები, რომელიც აღვნიშნე – ანუ ფართო განხილვები. შემდეგ არსებული კანონმდებლობით ამ კონცეფციის საბოლოო ვარინტს ამტკიცებს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი კომისია, რომელსაც ხელს პრეზიდენტი აწერს.