კომენტარი

ჩვენი დროის პავლიკ მოროზოვები

18 მარტი, 2012 •
ჩვენი დროის პავლიკ მოროზოვები

საქართველო რომ პარადოქსების ქვეყანად ჩამოყალიბდა, ეს ალბათ უკვე სადავო საკითხი აღარ არის, მაგრამ იმ პარადოქსების კასკადმა, რაც თსუ-ში თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტების ცემას მოჰყვა თან, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საოცარია, დასავლური ღირებულებებისკენ ისწრაფვოდე  და იმავდროულად ჰიტლერიუგენდის პრინციპებით ზრდიდე ბავშვებს, ბოლონიის სისტემაში შედიოდე  და იმავდროულად უნივერსიტეტი მმართველ პარტიას დაუქვემდებარო, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ უნივერსიტეტის „მოწოდების სიმაღლეზე“ მყოფი დაცვის სამსახური ვერ ახერხებს უნივერსიტეტის შენობის შიგნით სტუდენტების უსაფრთხოების ელემენტარულ დაცვას.

პირველ რიგში, აღმაშფოთებელი და პარადოქსული ფაქტია უნივერსიტეტში, რომელიც თავისუფალი აზრის ფორმირების ცენტრს წარმოადგენს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, სტუდენტებს საწინააღმდეგო აზრის ქონის გამო უსწორდებიან იმ თვითმმართველობის  წარმომადგენლები, რომლებიც წესით თავად სტუდენტების მიერ უნდა იყვნენ არჩეულნი. მაგრამ როგორც თსუ დიდი ხანია აღარ წარმოადგენს დაწესებულებას, სადაც სტუდენტისთვის სრულყოფილი და თანამედროვე განათლების მიცემა ხდება, ისე თვითმმართველობა არ წარმოადგენს ორგანოს, რომელიც სტუდენტის ინტერესებს იცავს.

პარადოქსულია ასევე ის შემთხვევა, როდესაც 15 წლის მოზარდს მეგობრის თანადგომისთვის სკოლიდან რიცხავენ და პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის დროს მთელი ქვეყნის თვალწინ ხულიგნად მოიხსენიებს, ხოლო იმ ინდივიდების მიმართ, რომლებიც მართლა ქუჩურ გარჩევებს უწყობენ და ფიზიკურად უსწორდებიან სტუდენტებს, სამართალდამცავი ორგანოები მხოლოდ გამაფრთხილებელი ოქმის შედგენით შემოიფარგლებიან. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს არ ყოფილა სტუდენტებზე თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ერთადერთი შემთხვევა, თუმცა ისინი ყოველთვის სუფთად იძვრენენ თავს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ თსუ-ს რექტორი ამ ინცინდენტის შემდეგაც გამოვიდოდა და სტუდენტებს შემდეგი ფრაზით  შეუტევდა, „ვისაც არ უნდა, რომ გაილახოს, სხვა უნივერსიტეტში გადავიდეს“. მაგრამ საბედნიეროდ შევცდი, რექტორის გამოსვლა, წინა გამოსვლის მსგავსად, არ ყოფილა შეურაცხმყოფელი, მაგრამ იყო პარადოქსული. სხვას ვერაფერს დავარქმევ მისი სიტყვის შინაარს, დამნაშავე სტუდენტები დაისჯებიან, თუნდაც ამან რექტორის გადადგომა გამოიწვიოს. რომელ დასავლურ ქვეყანაში ეწირება რექტორი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე სტუდენტის გარიცხვას?! თორემ ასეთი შემთხვევის შემდეგ რექტორი რომ თავისი ნებით  გადადგეს, ამაში პარადოქსულს ვერაფერს ვხედავ.

თუმცა ქართველები შევეგუეთ პარადოქსებს, ისევე როგორც უსამართლობას, ჩვენი უფლებების უხეშ დარღვევას, სირაქლემის პოზიციაში ყოფნას და ა.შ. ისევე როგორც არსებული ხელისუფლება შეეჩვია ჩვენს დაშინებას და აბუჩად აგდებას. სწორედ სტუდენტების და მთელი საზოგადოების მასხრად აგდება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თვითმმართველობის მოძალადე წევრების მიმართ გაფრთხილებლით შემოფარგვლა. ამ ინციდენტის შემდეგ უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა ფრთის წარმომადგენლობა თსუ-ში, რომელსაც ევალება საწინააღმდეგო აზრის განადგურება უნივერსიტეტში და პრეზიდენტთან შეხვედრებისთვის ისეთი სტუდენტების შერჩევა, რომელთაც კრიტიკული კითხვები არ უჩნდებათ და ტაშის დაკვრაც არ ეზარებათ. საპასუხოდ კი თვითმართველობის წევრები ღებულობენ რამოდენიმე ასეულიათასიან გაუმჭვირვალე ბიუჯეტს და მომავალი სარფიანი სამსახურის პერსპექტივას.

არც არის გასაკვირი მათი დაუსჯელობა, ყველა ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს მისდამი ლოიალური თაობის გამოზრდას, რომელიც იქნება პავლიკ მოროზოვის მსგავსი იდეოლოგიური მონის მენტალიტეტის, გადათელავს ყველას და ყველაფერს, თუკი ეს სისტემას და ბელადს დასჭირდა. მართალია, ჩვენი თვითამმართველობის წევრებს წითელი ყელსახვევები არ უკეთიათ, მაგრამ ისინი არანაკლები საბჭოთა ახალგაზრდები არიან, ვიდრე თავის დროზე პიონერები/ახალგაზრდა კომკავშირლები იყვნენ. როგორც ხელისუფლება ეფარება დემოკრატიის შუქურას, ისევე არიან ეს ახალგაზრდები ამოფარებული სტუდენტის სტატუსს, თუმცა თუ ავტორიტარიზმისკენ ამ ტემპით გავაგრძელეთ სვლა, მათთვის უახლოვეს მომავალში შეიკერება  ყავისფერი ან შავი პერანგები.

თუმცა ვითარების ამ მდგომარეობამდე მისვლაში თითოეულ ჩვენგანს მიუძღვის ბრალი, განსაკუთრებით სტუდენტებს.  ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სტუდენტი არის კრიტიკული აზროვნების მატარებელი პროგრესული ძალა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ბურჯს წარმოადგენს და საჭიროების შემთხვევაში პირველი ილაშქრებს ხელისუფლების მხრიდან უსამართლო ქმედებების წინააღმდეგ. საქართველოში კი რა ხდება ამ მხრივ, ჩემი აზრით, სტუდენტთა დიდი ნაწილი დღეს არის უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის მადლიერებით ხელისუფლების წინაშე  მუხლებზე დაჩოქილი ახალგაზრდობა, რომელთა ერთი ნაწილი კარგად ხედავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მთელი სიმწვავით შეიგრძნობს იმ უსამართლობას, რაც მის გარშემო ტრიალებს, მაგრამ კარგად აქვს გათავისებული  ხელისუფლების  დაუნდობელი დამოკიდებულება კრიტიკული აზრის მიმართ და მომავალი სამსახურის იმედად ჩირგვში ჯდომას ამჯობინებს. სტუდენტთა ნაწილს კი პროტესტის გრძნობა საერთოდ არ გააჩნია, ვერც ამჩნევს მის გარშემო არსებულ მწარე რეალობას,რადგანაც მისი გონება ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა პატრიოტული ბანაკების ირგვლივ არსებული ბუჩქნარიდან.

ყველაზე გულდასაწყვეტი კი სტუდენტთა ყველაზე ინტელექტუალური ნაწილის პასიურობაა, რომელიც კარგად ხედავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მაგრამ დუმან და მათი დუმილი არ არის გამოწვეული ანგარებით, ისინი ხელისუფლებისგან არაფერს ელიან, არც აპირებენ „სისტემის ჭანჭიკად“ ყოფნას. უბრალოდ, მათ თავი საკუთარ წარმოდგენაში განვითარების სხვა საფეხურზე ყავთ აყვანილი, ისინი ვერ დაეშვებიან  სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური პრობლემების დონეზე. მათი პროტესტი ძირითადად სოციალურ ქსელებში სტატუსად არც ისე ცნობილი ფილოსოფიური ტრაქტატებიდან ციტატის მოყვანით შემოიფარგლება.

თუმცა ბოლო დროს გამოჩნდა სტუდენტების სრულიად განსხვავებული ნაწილი, „ლაბორატორია 1918“-ის სახით, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ არაკონფორმისტ სტუდენტებს აერთიანებს. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ახალგაზრდული/სტუდენტური დაჯგუფება, რომელიც არ იბრძვის მერკანტილური გათვლებიდან გამომდინარე და არავის პოლიტიკურ დაკვეთებს არ ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი გარკვეული ნაწილის იდეოლოგია ძალიან ახლოს დგას სოციალ-დემოკრატების იდეოლოგიასთან. ამ ძალამ კი გააქტიურებისკენ უბიძგა სხვა სტუდენტებს, შეიქმნა სხვადასხვა ბლოგი თუ ჯგუფი სოციალურ ქსელებში, რომლეთა საშუალებითაც პროტესტის გამოთქმა ისწავლეს.

სწორედ ასეთი პროგრესული ძალის გამოჩენამ და პროტესის ხმამაღლა გამოხატვამ გამოიწვია გარკვეული ძალების გაღიზიანება უნივერსიტეტში და მის ფარგლებს გარეთ, რადგანაც ამ ახალგაზრდებს გააჩნიათ პოტენციალი, მომავალში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნას შეუწყონ ხელი, რაც აუცილებელია დემოკრატიული ქვეყნის არსებობისთვის. მაგრამ რეჟიმი, რომელიც ქვეყნის კიდევ უფრო ავტორიტარული პრინციპებით მართვას გეგმავს, ვერ დაუშვებს ისეთი სტუდენტური ჯგუფის მოძლიერებას, რომელიც სხვა სტუდენტების გამოფხიზლებას შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ჩემდა სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტში სტუდენტების დაშინებისა და მათზე სხვადასხვა მეთოდებით ზეწოლის შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს.

ავტორის შესახებ

ვასო კუჭუხიძე არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი