კომენტარი

მიუნჰაუზენიადა პარლამენტში

29 თებერვალი, 2012 •
მიუნჰაუზენიადა პარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი ყოველწლიური მოხსენება „ჩააბულბულა“ პარლამენტში. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სხდომამ ემოციურ ფონზე ჩაიარა,  იყო ტაში, მხურვალე ტაში, ტაში მგზნებარე, იყო წამოდგომებიც და პრეზიდენტის ხუმრობებზე ოვაციებიც. მოკლედ რომ ვთქვათ, იყო სიამაყე და იყო ზეიმი.

სხდომამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პრეზიდენტის მიმართ საკუთარ გუნდში ოდნავი კრიტიკაც კი არ არსებობს, რამაც წლების განმავლობაში სააკაშვილის დებატებში გამოსვლის უნარი ისე მოადუნა, რომ თვით ჯონდი ბაღათურიას  არცთუ ისე ძლიერ შეტევას რამდენიმე წუთიც ვერ გაუძლო შეურაცხყოფების მიყენებისა და დარბაზის დატოვების გარეშე. აბსურდულად მიმაჩნია ხელისუფლების მომხრეთა მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული არგუმეტი, თითქოსდა მან პატრიარქის გაცილების მიზეზით დატოვა დარბაზი რამდენიმე წუთით. ნათელი იყო, რომ პრეზიდენტმა არასასურველი კრიტიკის ატანა არ მოინდომა და დარბაზი დატოვა. თუმცა, როგორც ჩანს, მალე მიხვდა (ან ურჩიეს), რომ ეს მისივე იმიჯისთვის იქნებოდა საზიანო და უკან დაბრუნდა.

თავად პრეზიდენტის გამოსვლამ, როგორც უკვე მიჩვეული ვართ, მონოლოგის რეჟიმში ჩაიარა, თუმცა დაპირებების სიმრავლემ შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ მისი გამოსვლა არა   პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენება, არამედ საარჩევნო მარათონის ნაწილი იყო. თითქმის ერთსაათიანი შეხვედრა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო და ამის შემდეგ მონოლოგი ტრადიციული სტილით წარიმართა. „მოთელვა“ ბნელი წარსულის ხაზგასმით დაიწყო. შევარდნაძის პერიოდი: „კლანური დიქტატურა“, „ტოტალური კორუფცია“, „უფსკრულში გადაჩეხილი, არშემდგარი ქვეყანა“, „დამყაყებული სისტემა“, „უპერსპექტივობის შავი ღრუბლები“, თითქოსდა იმ რეჟიმის სამსახურში თავად და დარბაზში მსხდომი მაღალჩინოსნების ნაწილი არ ყოფილიყვნენ.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა სიტყვები არ დაიშურა „ვარდების რევოლუციის“ საკრალური მნიშვნელობის განსადიდებლად. სწორედ ამ მოვლენამ დაგვაშორა ბნელ წარსულს და ნათელი მომავლისკენ  ტრანზიციულ პერიოდში გადაიყვანა გაჩანაგებული ქვეყანა: „ყინული დაიძრა“, „გატყდა ნავსი“ და გატყდა თუ არა ეს ნავსი,  ეკონომიკური ბუმი დაწყო, მაგრამ რაც დაიწყო, მხოლოდ უკანასკნელ წელს: „35%-იანი ზრდა სოფლის მეურნეობაში“, „გაზიფიცირება“, „ათობით ჰიდროელექტროსადგური“, „130 საავადმყოფო“, „3 მილიონი ტურისტი“ და ეს ყველაფერი რის ფონზე: „პირველად უკანასკნელი ასწლეულების მანძილზე“, „არსად მსოფლიოში“, „მისაბაძი და მოწინავე რეგიონში“, „სამაგალითო ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ“, მიღწევები  დაპირებებმა შეცვალა: „შორს არ არის ის დღე“, „გაზრდილი ხელფასები და პენსიები“,“აღმოფხვრილი უმუშევრობა“, „5 მილიონი ტურისტი“, „დაზღვევები“, ვაუჩერები“ და უცებ ჩვეულ მტრის ხატზე გადავდივართ: „ბოღმიდან იხრჩობიან“, „ჯავრით კვდებიან“, „ვერ მოუნელებიათ“, „გასკდნენ გულზე“. ამ ტრადიციული მონოლოგის ფონზე, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე შეეჩვია, იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ნამდვილად ღირს ყუარდღების გამახვილება.

პირველ რიგში, როდესაც საახალწლო მილოცვაში პრეზიდენტი გვმოძღვრავდა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დავივიწყოთ და  შეხსენების ებრაულ წესს მივმართოთ, უნდა შემოვუძახოთ ერთმანეთს „მომავალ წელს აფხაზეთში“ , ორიოდე თვის შემდეგ მას თავად „გამორჩა“ ეს საკითხი მხედველობიდან საკმაოდ ვრცელ მოხსენებაში. ეს კი მაშინ, როცა ტერიტორიულ მთლიანობას ქართველი ხალხი ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს პრობლემად მიიჩნევს. სავარაუდოდ, დავიწყებასთან არ უნდა გვქონდეს საქმე, უბრალოდ, წინასაარჩენო სვლად ქცეულ გამოსვლაში არამომგებიანი იყო იმ საკითხების ხსენება, რომლებშიც 8 წლის მანძილზე არათუ წინ, არამედ უკან წავედით. დღეს უკვე ცხადზე ცხადია, რომ ტერიტორიების დაბრუნების ალბათობა სულ უფრო არარეალური ხდება მისი მმართველობის პირობებში.

მეორე საკითხია ურთიერთობის აღდგენის მცდელობა რუსეთთან, რაც სხვა არაფერია, თუ არა წმინდა წყლის პოპულიზმი. როგორ შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაში ქვეყანა ნომერ პირველ მტრად გყავდეს გამოცხადებული და მას ცალმხრივად უხსნიდე სავიზო რეჟიმს. ამგვარი შეუთავსებლობა კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ ეს იყო სპონტანურად წამოსროლილი სიტყვები კეთილი ჟესტის გამოსახატად და იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ რუსეთის მიმართ კონსტრუქციული დამოკიდებულება გაგვაჩნია, მაგრამ ამ საკუთარ სიტყვებს საერთაშორისო ფორუმზე  პირველსავე შესაძლებლობის გაჩენისთანავე რუსეთის მიმართ ისტერიული დამოკიდებულებით გადაუსვამს ხაზს.

დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, პრეზიდენტმა გამოსვლაში რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ 2015 წელს გეგმავს ახალი რეფორმების დიდი ნაწილის დასრულებას, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის ხელისუფლებაში დარჩენას აპირებს, ხოლო მის მიერ ნათქვამი ფრაზა: „შემდეგ მოხსენებას ქუთაისის პარლამეტში ჩაგაბარებთ“, ამის დასტურია. ალბათ ეს ის დროა, ყველა დავემშვიდობოთ ხელისუფლებიდან მის ნებაყოფლობით წასვლის იმედს და თვალი გავუსწოროთ დემოკრატიის საბოლოო მარცხს ქვეყანაში.

P.S. ლაზიკას იდეის  შემდეგ თუკი რამე გამაკვირვებდა, ნამდვილად აღარ მეგონა, მაგრამ კაფეში ჯაზის ჰანგების ფონზე  ყავის და პასტორტის  ერთდროულად შეკვეთის იდეამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

P.S.S. ბატონო პრეზიდენტო, სახელმწიფო სტრუქტურების ახალგაზრდა თანამშრომლები მოსახლეობას ბროშურების დარიგების საშუალებით კი არ უნდა აცნობდნენ სამინისტროს მნიშვნელობას და ფუნქციებს, ხალხი მათ გამართულად ფუნქციონირებას საკუთარი კეთილდღეობით და უსაფრთხოებით უნდა გრძნობდეს.

ვტორის შესახებ

ვასო კუჭუხიძე არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი