კომენტარი

შოკიდან გაურკვევლობამდე

7 თებერვალი, 2012 • 1199
შოკიდან გაურკვევლობამდე

როგორც მოსალოდნელი იყო, ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე არ გაკეთებულა ისეთი მკაფიო განცხადებები, რომლებიც  ქართული პოლიტიკის ბუნდოვან მომავალს ნათელს მოჰფენდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულმა დახურულმა შეხვედრამ კი მდგომარეობა კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახადა. არც დასავლურ პრესას გაუშუქებია საკითხი იმგვარი წინასწარმეტყველებებით, როგორც ეს ქართულ მედიას ჩვევია ხოლმე. საკმაოდ მოკრძალებული იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ვიქტორია ნალანდის ბრიფინგიც, იგი ჩვეული ბიუროკრატიული თავდაჭერილობით ცდილობდა, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის მნიშვნელოვანი დეტალების გახმაურებისგან თავი შეეკავებინა. ყოველივე ამან გააჩინა ოფიციალური ინფორმაციის ვაკუუმი და როგორც ხშირად ხდება, ქართულ ხელისუფლებასა თუ ოპოზიციას დასკვნების სათავისოდ გაკეთების საშუალება მისცა.

პრეზიდენტის ამერიკული ვოიაჟის განსაკუთრებული წარმატებების შესახებ ფაქტების ინტერპრეტაციით ხელისუფლებისგან კონტროლირებადი მედიასაშუალებები გამოირჩევიან. ზოგადად, მათთვის არც კადრების საპირისპირო მნიშვნელობით თარგმნაა უცხო, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობით მაინც სიუჟეტში იმ ფაქტების “დაჰაილაითება” სარგებლობს, რომლის გახმაურებაც ხელისუფლებას აწყობს. ამის საშუალებას ობამა-სააკაშვილის შეხვედრა კი ნამდვილად იძლეოდა, რადგანაც მეგობარი ქვეყნების მაღალჩინოსნებს შორის ოფიციალური შეხვედრის დროს  დიპლომატიური ტრადიცია ითვალისწინებს ერთმანეთის, თუნდაც მცირედი წარმატებებისთვის ხაზის გასმას. სწორედ ამიტომაც გამახვილდა ყურადრება საქართველოს წარმატებებზე დემოკრატიის დამკვიდრებაში, თორემ თეთრ სახლში პირველი უწყიან ჩვენი დემოკრატიულობის ხარისხის შესახებ. ამის დასტურია ობამას მიერ გამოთქმული იმედი იმის შესახებ, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება.

აქ კიდევ ერთი საკითხია, თუკი დემოკრატიის მისაბაძი ქვეყანა ვართ რეგიონში, რატომ გვჭირდება ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება და იმის შეხსენება, რომ სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს?! რთული წარმოსადგენია, თუ რამოდენა დიპლომატიური სკანდალი შეიძლება მოჰყვეს, ობამამ არჩევნების დემოკრატიურად ჩატარების შესახებ სლოვენიის, ესტონეთის, ჩეხეთის და ა.შ. (ახალგაზრდა დემოკრატიების) სახელმწიფო მეთაურებთან ოფიციალური შეხვედრის დროს რომ გაამახვილოს ყურადღება, აღარაფერს ვამბობ დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე, სადაც დემოკრატია ავტომატურად ასოცირდება სამართლიანი არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლასთან.

გარდა ამისა, ხელისუფლების მომხრეები თავს იმშვიდებენ იმით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში საუბარი თითქოსდა  არ შეხებია სააკაშვილის გაპრემიერებისა თუ ხელისუფლების გადაბარების საკითხს და ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ის სამხედრო ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლაზე, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას: „ შეიძლება ყოფილიყო რაიმე განსაკუთებული წუხილი სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგანაც ის იმავეს აკეთებს, რაც პუტინმა გააკეთა. და მე არ მახსენდება რაიმე გამოთქმა იმის გარდა, რომ გვინდა დავინახოთ დემოკრატიული პროცესი“, პრეს-სპიკერმა ნალანდმა უპასუხა: „ და მე ვფიქრობ, რომ იყო-„ პასუხიდან კარგად ჩანს, რომ ამ თემაზე საუბარი იყო და საკმაოდ სერიოზულიც.

რაც შეეხება თავად სააკაშვილს, ოფიციალური გამოსვლებიდან და  „Washington Post“-თვის მიცემული ინტერვიუდან  შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა გეგმები აქვს მას. კითხვებზე საკმაოდ ორაზროვნად გაცემული პასუხების შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ის არ გამორიცხავს პრემიერად დარჩენის ალბათობას, რაც „Washington Post”-ის ჟურნალისტმა სტატიის სათაურადაც კი გამოიტანა. პრეზიდენტის მიერ პრემიერის სავარძელში გადაჯდომის ალბათობას სააკაშვილის მიერ ზემოთხსენებულ ინტერვიუში აღნიშნული ფაქტიც ამყარებს, რომ ის სწორედ ახლა აპირებს ახალი რეფორმების გატარებას.

ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ სააკაშვილის განცხადების თანახმად, მან შეიძლება მიიღოს რჩევები, მაგრამ არჩევანი მხოლოდ თავად უნდა გააკეთოს….თუმცა ხშირად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, თუ ვინ გაძლევს რჩევას. საქართველოში კი კარგად იციან აშშ-ის ხელისუფლების რჩევის ფასი, განსაკუთრებით კი მმართველ გუნდში. შესაბამისად, ვაშინგტონის შეხვედრების შემდეგ ყველაზე ბუნდოვანი ვითარება მათთვის არის. თუკი მოსახლეობის დეზინფორმირება ჯერ კიდევ ხერხდება, ზედა ფენებში კარგად უწყიან მწარე რეალობის შესახებ. შეხვედრამ, რომელსაც ნათელი უნდა მოეფინა, კიდევ უფრო გაურკვეველი და რთულადპროგნოზირებადი გახადა მდგომარეობა. ამ გუნდის ნაწილმა კი მომავალზე უნდა იზრუნოს, ვითარების დროულად შეფასება და სწორი არჩევანის გაკეთება ხომ მათი კეთილდღეობის გარანტია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე დიდი გამოცდა გაზაფხულზე ელის, ივანიშვილის გამოჩენით მიღებული შოკი ვაშინგტონის შეხვედრამ გაურკვევლობაში გადაზარდა, ამიტომაც მკვეთრი ნაბიჟები ჯერ არ ჩანს, თუმცა ახლო მომავალში გამოჩნდება, იქნება თუ არა განხეთქილება სახელისუფლებო გუნდში. ამასობაში კი კონტროლირებად მასმედიის საშუალებებს დაეტყოთ ოპოზიციის მიმართ აგრესიის ოდნავ შერბილება, რაც ორი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული. 1. ვაშინგტონში მიღებული რჩევების გათვალისწინება უკვე დაიწყო და 2. ტელევიზიებშიც თვითგადარჩენის ინსტიქტით მოქმედებენ.

მეორე პუნქტმა ერთი ისტორიული მაგალითი გამახსენა, როდესაც ნაპოლეონმა 1815 წლის მარტში კუნძულ ელბადან რამოდენიმე ათეულ ერთგულ მებრძოლთან ერთად საფრანგეთის კონტინენტური ტერიტორიისკენ აიღო გეზი, ერთ–ერთი ფრანგული გაზეთის  “Moniteur”-ის მიერ გამოშვებული პირველი ინფორმაცია შემდეგნაირი იყო: „მონსტრი ელბადან გამოიქცა“,  შემდეგ კი ეპითეტები სულ უფრო რბილდებოდა და ინფორმაციები შემდეგი თანმიმდევრობით იწერებოდა: „ კორსიკელი გველეშაპი ჟანის კონცხზე გადმოვიდა“, „მხეცმა გრენობლი დაიმორჩილა“, „ტირანი ლიონში შევიდა“,“უზურპატორი პარიზისკენ დაიძრა“, „ბონაპარტე პარიზს უახლოვდება“ „ნაპოლეონი პარიზში ხვალ შემოვა“ „გუშინ მისი უდიდებულესობა იმპერატორი პარიზში შემოვიდა, ვერაფერი დაჩრდილავს ამ სიხარულს“.

P.S. ზემოთხსენებული მაგალითი და ქართული მედიასაშუალებების მაკონტროლებელი „ელიტის“ მორალური პრინციპები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თუკი სცენარი მათთვის არასასურველი სცენარით განვითარდა, სწორედ ისინი შერაცხავენ ივანიშვილს „ახდენილ ქართულ ოცნებად“, რომლებიც დღეს მას „ჭორვილელ ბორიად“ მოიხსენიებენ.

ავტორის შესახებ

ვასო კუჭუხიძე არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი