ნეტგაზეთი | BREXIT, ევროკავშირი და საქართველო BREXIT, ევროკავშირი და საქართველო – Netgazeti
RU | GE  

BREXIT, ევროკავშირი და საქართველო

რას ნიშნავს “ბრექსიტი”, ანუ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლა გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირისთვის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით და რა გავლენას მოახდენს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს გასვლა იმ გაერთიანების მომავალზე, საითკენაც საქართველო მიისწრაფვის? – “ბათუმელების” შეკითხვებს პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი პასუხობს?

 

[ბრექსიტი] თვითონ ბრიტანეთისთვის როგორც ეკონომიკურად, ისე იმიჯის თვალსაზრისით ძალიან დამაზიანებელია. მთლიანობაში დამაზიანებელია ევროპისთვისაც, რადგან ხელს უწყობს ნაციონალისტური და დეზინტეგრაციული პროცესების გაღვივებას… ეიფორიას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ევროპას დაყოფმადე მიიყვანს, თუ ამას სხვა ქვეყნებიც [აყვებიან]. ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არა ობიექტური გარემოებებითაა განპირობებული, არამედ უფრო პოპულისტური ლოზუნგებითაა გამოწვეული. გადაწყვეტილება მიიღეს არა დიდი უმრავლესობით, არამედ ზღვარზე, მოსახლეობის თითქმის ნახევარს ევროკავშირიდან გასვლა არ სურს. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ორი წევრი, ჩრდილოირლანდია და შოტლანდია ევროკავშირისგან გამოყოფის წინააღმდეგი არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას მნიშვნელოვანი სეპარატისტული პროცესების გამოწვევა შეუძლია.

რაც შეეხება დანარჩენ ევროპას?

მათთვის ეს არის შოკი. ევროპაში ინტეგრაციული პროცესები 45 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. დღემდე ეს გაერთიანება არც ერთ ქვეყანას არ დაუტოვებია. ეს პირველი პრეცდენტია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ევროპა დასუსტებულია კრიზისის გამო. ევროპაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მძვინვარებდა. ამას დაემთხვა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და მისგან წარმოშობილი ლტოლვილების კრიზისი. ამან ევროპაში და მათ შორის ბრიტანეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი შეაშინა. იმის თქმა მსურს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება ასეთ პირობებში მიიღო, თუმცა ეს გარემოებები მალე შეიცვლება და დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ჩემი აზრით, მოგვიანებით არ გაამართლებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა რეფერენდუმი უკვე ჩატარებულია, გადაწყვეტილებაც მიღებულია და მას აუცილებლად ექნება თავისი შედგები. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ჭრილში იწარმოებს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მოლაპარაკებები და როგორ განხორციელდება ეს პროცესი. გასვლის პროცესი დეტერმინირებული არ არის. ევროპელი პოლიტიკოსები ახლა ემოციურად აცხადებენ, რომ თუ ბრიტანეთმა გადაწყვიტა, ის ევროკავშირდან უნდა გავიდეს და დამთავრდა: არავითარი შეღავათები, არავითარი განულებული ტარიფები [ვაჭრობაზე] და ა.შ. მაგრამ სინამედვილეში, ალბათ, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც და გაერთიანებული სამეფოც დაინტერესებული იქნებიან ერთიანი ბაზრის შენარჩუნებაში, ასევე, კოორდინაციაში საგარეო და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი საკითხი [სადაც საერთო ინტერესები არსებობს] არაერთია. ალბათ, ეს საკითხები ძალაში ისევ დარჩება. ანუ ბრიტანეთის გასვლა არ იქნება გაყრა. ჩემი აზრით, ეს უფრო იქნება ის, რომ გარკვეული მიმართულებებით ბრიტანეთი მონაწილეობას არ მიიღებს ევროკავშირის საქმიანობაში, მაგრამ ეს ყველაფერი, ცხადია, დროის და მოლპარაკებების საკითხია და როდესაც ემოციები ჩაცხრება, გამოჩნდება ახალი პერსპექტივები, თუ რანაირადაა შესაძლებელი ბრიტანეთთან ურთიერთობების ისე მოდერნიზება, რომ არ დაზარალდეს ევროკავშირის საერთო მიღწევები, რომელიც ინტეგრაციამ მოიტანა… მაგალითად, ადამიანების გადაადგილება, გაერთიანებული სამეფოს პასპორტით თავისუფლად მოგზაურობა ევროკავშირის მასშტაბით, ბრიტანეთის მოქალაქის მუშაობის უფლება, მაგალითად, საფრანგეთში თუ გერმანიაში. ევროკავშირიდან სრული გასვლა ნიშნავს იმას, რომ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეს ეს ყველაფერი აეკრძალება. ასევე, თავისუფალი ვაჭრობა. ამ ყველაფრის შეზღუდვა იმდენად დამაზიანებელი იქნება ბრიტანეთის ეკონომიკისა და მისი მოქალაქეებისთვის, რომ მათ უბრალოდ ვერ მოახერხეს ამ ყველაფრის გაცნობიერება ამ [რეფერენდუმის] პროცესში.

ჰოლანდიის ერთ-ერთმა პოპულარულმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა ასევეე დააანონსა მსგავსი რეფერენდუმი მის ქვეყანაში, თუ მისი პარტია ხელისუფლებაში მოვა. უკვე ახსენეს დომინოს ეფექტი, ანუ სხვა ქვეყნების გასვლაც ევროკავშირიდან და, ცხადია, რუსეთი და პრორუსული ძალები რიტორიკის დონეზე ბრექსიტს თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ… რამდენად რეალისტურია მოვლენების ამგვარი განვითარება და რა უნდა გააკეთოს ევროკავშრმა ამის საწინააღმდეგოდ?

ასეთი საშიშროება არსებობს, მაგრამ, მეორე მხრივ, უფრო პირიქითაცაა. იმის თქმა მინდა, რომ დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან უფრო და უფრო გამოაჩენს პრობლემებს თვითონ გაერთიანებული სამეფოსთვის და ეს ალბათ ძალიან უარყოფითი მაგალითი გახდება ყველასთვის და არავინ აღარ დააპირებს მის მიბაძვას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბრიტანეთი ევროკავშირთან ბოლომდე ინტეგრირებული არც იყო. მაგალითად, არ იყო ევროზონის, შენგენის წევრი. ზოგიერთ პოლიტიკაში ბრიტანეთი ევროკავშირს საერთოდ არ უერთდებოდა, მაგალითად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბრიტანეთისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება ადვილი იყო, მაგრამ ქვეყნები, რომლებიც მნიშნელოვანწილად არიან დამოკიდებული ევროკავშირის ფონდებიდან დახმარებაზე, ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობაზე და რომელთა განვითარება სწორედ ევროკავშირის ბაზარზე წვდომას უკავშირდება, არ მგონია, რომ დადებითად განეწყონ მსგავსი შედეგების მიმართ. ეს განცხადებები კეთდება იმ ფონზე, როდესაც ევროპაში ლტოლვილების კრიზისი არსებობს, მაქსიმუმ ორ წელში ეს კრიზისი აუცილებად ჩაცხრება და, შესაბამისად, ეს ტენდენციებიც შენელდება.

რაც შეეხება ევროკავშირის რეაქციას, ამ ეტაპზე ის პასუხობს მისი ლიდერების ძალიან მკაცრი განცხადებებით. ისინი ამბობენ, რომ ბრიტანეთს არავითარი შეღავათები არ უნდა ჰქონდეს. ეს სწორედ იმისთვის კეთდება, რომ ამ ეტაპზე სხვა ქვეყნებში არ გაჩნდეს ცდუნება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირიდან გასვლა ძალიან ადვილი პროცესია, თითქოს შესაძლებელია ევროკავშირიდან სანახევროდ გასვლა შეღავათების დაკარგვის გარეშე ისე, რომ ქვეყანა ძალიან არ დაზარალდეს. ამიტომ ახლა ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ლიდერების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ბრიტანეთი დაკარგავს ყველა შეღავათს. მომავალში, როდესაც ეს მუხტი შენელდება და მოლაპარაკებები დაიწყება, ჩემი აზრით, ეს განცხადებებიც შერბილდება და შესაძლებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ნაკლებად დააზარალებს როგორც ბრიტანეთის, ისე კონტინენტური ევროპის ეკონომიკას.

რაც შეეხება საქართველოს და მის ინტერესებს ევროინტეგრაციის გზაზე. თქვენ ახსენეთ ლტოლვილების კრიზისი, რომელიც ახლა არსებობს, ამას ემატება ბრექსიტი. საქართველოს ევროკავშირთან დაკავშირებით აქვს მოკლევადიანი ინტერესები, იგივე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულების, DCFTA-ის უკეთესად ამუშავება და ასევე აქვს გრძელვადიანი ინტერესიც: გაწევრიანება. რა გავლენის მოხდენა შეუძლია ბრექსიტს საქართველოს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი ინტერესების რეალიზაციაზე?

ეს ძალიან ძნელი სათქმელია. მოახდენს კი საერთოდ რაიმე გავლენას?! შესაძლოა საქართველოში ევროსკეპტიკოსების რიცხვმა მოიმატოს, სანამ ეს ეიფორია არსებობს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით. შესაძლოა ამ ეიფორიის ფონზე ევროსკეპტიკოსების პოზიციები გაძლიერდეს, ისინი უფრო ხშირად გამოჩნდებიან და იტყვიან: აი, ევროკავშირიდან გადიან და ჩვენ საიდ მივდივართ და ასე შემდეგ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კალაპოტს დაუბრუნდება. ევროპული ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება ბრიტანეთის გარეშეც. აქ ის კი არ არის მთავარი, ბრიტანეთი იქნება თუ არა ევროკავშირში, აქ მთავარია, ევროპული ერები იქნებიან თუ არა მომხრე, რომ დაამყარონ მშვიდობა, უზრუნველყონ კეთილდღეობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპის არეალში და ეს ერთად, სოლიდარობის პირობებში გააკეთონ. ბრიტანეთი ყოველთვის იყო კუნძული, ცოტა მოშორებული კონტინენტური ევროპისგან, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა პარტიკულარისტული განწყობები იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპისგან დამოუკიდებელი და განსხვავებული სამყაროა. ასეთი ამბიციები არ შეიძლება ჰქონდეთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს და სხვებსაც. გნებავთ, იმავე ჰოლანდიას არ შეიძლება ასეთი ამბიციები ჰქონდეს მიუხედავად იმისა, რომ იქაც არსებობს ევროსკეპტიკური განწყობები. ამიტომ მე არ მგონია, რომ ამან [ბრექსიტმა] გავლენა იქონიოს ევროკავშირის კონსოლიდაციასა და ერთიანობაზე. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი კი იმაზე არაა დამოკიდებული, ბრიტანეთი იქნება თუ არა ევროკავშირის წევრი.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com