კომენტარი

გიორგი ბადრიძე: ევროკავშირისთვის ბრიტანეთის გასვლა დიდი დარტყმაა და მოგებული მხოლოდ რუსეთია

25 ივნისი, 2016 •
გიორგი ბადრიძე: ევროკავშირისთვის ბრიტანეთის გასვლა დიდი დარტყმაა და მოგებული მხოლოდ რუსეთია

“ბრექსიტი საქართველოსთვის პრობლემაა ყველა შემთხვევაში.  ევროკავშირის შიგნით მას გამოაკლდება ძალიან ძლიერი მოკავშირე ბრიტანეთის სახით და თავად ევროკავშირი უახლოესი წლების მანძილზე დასუსტებული იქნება იმ სიტუაციის გამო, რომელიც ამ მოვლენამ შექმნა”, – ასე ფიქრობს დიდ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ბადრიძე ბრექსიტისა და საქართველოს ინტერესების ურთიერთკავშირზე.

როგორც ბადრიძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლა საქართველოსთვის პრობლემაა მოკლევადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით, რადგან გარდა ზემოხსენებულისა, ევროკავშირში შექმნილმა რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ შესაძლოა დამატებითი გართულება შექმნის იმ მიზნების მიღწევის კუთხით, რომელიც ქვეყანას ახლა აქვს იმავე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს არ გამოიწვევს გრძელვადიანი პერსპექტივების გაუარსებას. ამ კუთხით საქართველოს მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა:

 

“იმედია, რომ ეს არ გამოიწვევს გრძელვადიან გაუარესებას ჩვენი პერსპექტივისა გაწევრიანებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი უფრო ენერგიულად დაიწყებს რეფორმირებას და, საბოლოო ჯამში, რეფორმირებული ევროკავშირი საქართველოს ინტერესებშია”, – ამბობს ბადრიძე.

მისივე თქმით, ასევე უცნობია, რა მიდგომა ექნება დიდი ბრიტანეთის ახალ მთავრობას საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე მაშინ, როდესაც დევიდ კემერონის შემთხვევაში ეს საკითხი გარკვეული იყო და ცნობილი იყო, რომ კემერონი ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდიდან უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. როგორი იქნება ბორის ჯონსონის პოზიცია, თუ იგი გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერი გახდება, ბადრიძისთვის უცნობია.

გაერთიანებული სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩის აზრით, ბრექსიტი არც თავად დიდი ბრიტანეთის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს:

 

“მოდით, ეს საკითხი პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებად დავშალოთ, ერთი მხრივ, ბრიტანეთისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკავშირისთვის. დიდი ბრიტანეთისთვის უარყოფითი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები ახლავე შემიძლია დაგისახელოთ, ხოლო ამის საპასუხოდ რაიმე გრძელვადიან კომპენსაციაზე მოლოდინები არის თუ არა რეალური, ამაზე ვერავინ ვერაფერს ამბობს. BREXIT-ის ნეგატიური შედეგი არის ის, რომ დიდი ბრიტანეთი ნებაყოფლობით კარგავს ჩამოყალიბებულ კავშირებს და თავისუფალ ბაზარს როგორც ევროკავშირში, ისე თავის მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ის ორი წლის განმავლობაში იმუშავებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ან განაახლოს და ახალ საფეხურზე აიყვანოს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთანაც და სხვა მთავარ პარტნიორებთანაც, მაგრამ ეს გარანტირებული არანაირად არ არის. მართალია, ევროკავშირი თვითონაა ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შენარჩუნებით დაინტერესებული, მაგრამ ამ ეტაპზე ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან, იაპონიასთან და ბრიტანეთს აღარ ექნება გავლენა იმაზე, თუ როგორი იქნება ეს შედეგი იმ საერთო სავაჭრო ბლოკისა, რომელზეც დამოკიდებული ის დარჩება. ორმხრივი მოლაპარაკებების წარმოება შეერთებულ შტატებთან და დასახელებულ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებთან ბრიტანეთისთვის არანაირად არაა გარანტირებული, რომ მალე მოხდება, და ამის შესახებ პრეზიდენტმა ობამამ პირდაპირ განაცხადა აპრილში, როდესაც თქვა, რომ გაერთიანებულ სამეფოს მოუწევს სავაჭრო ურთიერთობებზე მოლაპარაკების მსურველი ქვეყნების გრძელი რიგის ბოლოში ჩადგომა. ჩინეთსა და იაპონიასაც აქვს დაფიქსირებული ნეგატიური დამოკიდებულება ბრექსიტთან დაკავშირებით”, – ამბობს ბადრიძე და დასძენს, რომ  გარდა ეკონომიკურისა, ბრექსიტს ბრიტანეთისთვის რთული პოლიტიკური შედგებიც შეიძლება მოჰყვეს:

“მოსალოდნელია, რომ შოტლანდიამ ახლიდან დააყენოს გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი. ჩრდილოირლანდიაში ღამითვე გაისმა ხმები ირლანდიასთან გაერთიანებაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხის თაობაზე. ბრიტანეთის ხელისუფლებაში დღემდე იყო აშშ-ის და ევროპის, მათ შორის საქართველოს გადასახედიდან სრულიად მისაღები სანდო პარტნიორი დევიდ კამერონის სახით. კემერონმა უკვე განაცხადა წასვლის შესახებ და მას დიდი ალბათობით ჩაანაცვლებს ბორის ჯონსონი ან სხვა ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსი. ბორის ჯონსონს უკვე აქვს გაკეთებული ისეთი განცხადებები, რომელიც პოლიტიკურად ბრიტანეთსაც აზიანებს და მის მოკავშირეებსაც. მაგალითად, მან თქვა, რომ უკრაინის კონფლიქტი ევროკავშირის დანაშაულია, ანუ რუსეთს მორეცხა პირი. ჩემი აზრით, სერიოზული შიდა პოლიტიკური გართულებებია მოსალოდნელი დიდ ბრიტანეთში. ასევე ნეგატიური ეკონომიკური მოლოდინი მაქვს. მოკლევადიანი თვალსაზრისით გარანტირებულად ცუდი პერსპექტივა ჩანს. ფუნტი უკვე დაეცა და საფონდო აქციების ფასიც ქვემოთ მიდის, ხოლო ის, თუ რას მოახერხებს მომავალი მთავრობა და როგორ გამოასწორებს ვითარებას, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ აანაზღაურებს ამას, ეს არანაირად გარანტირებული არ არის”, – ამბობს ნეტგაზეთთან გიორგი ბადრიძე.

რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგებს გამოიწვევს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლა ამ უკანსკნელისთვის, იგი აგრძელებს:

“ევროკავშირისთვის ბრიტანეთის გასვლა დიდი დარტყმა და დასუსტების პირდაპირი საფუძველია და ამ შემთხვევაში მოგებული მხოლოდ რუსეთი რჩება. მას მეტი გავლენა ექნება. კონკრეტულ საკითხს ვიტყვი: უფრო ადვილად შეეძლება რუსეთს ევროკავშირში სანქციების საკითხის მოგვარება მას შემდეგ, რაც ამის სერიოზული წინააღმდეგი დიდი ბრიტანეთი აღარ იქნება. ის, რაც პოზიტიური შეიძლება იყოს აქედან, არის ის, რომ ევროკავშირმა ეს სერიოზულ სიგნალად აღიქვას და დაიწყოს სერიოზული რეფორმირება, რადგან ბრიტანეთში ევროსკეპტიციზმი ცარიელ ადგილას არ წარმოშობილა. ევროსკეპტიციზმი სხვა ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს და ის ეფუძნება ევროკავშირის უკონტროლო ბიუროკრატიზაციას, უკონტროლო რეგულაციებს.  ფაქტია, რომ ევროკავშირის პროექტს სჭირდება სასწრაფო  რეფორმირება. ევროსკეპტიკური პოლიტიკური ძალები მრავალ  ქვეყანაში არსებობს. სასწრაფოდაა მისაღები ზომები, რათა მოხდეს ევროპული იდეის კონსოლიდაცია და სტაბილიზაცია გაერთიანების შიგნით. რაც მთავარია, ეს უნდა მოხდეს ეკონომიკური კეთილდღეობის იდეის გარშემო. ეს კრიზისია, მაგრამ ყველა ნეგატიურ მოვლენაში არის შესაძლებლობა. ეს არის შესაძლებლობა ევროკავშირისთვის აქტიური და გააზრებული რეფორმების ჩატარებისთვის, რათა განაახლოს და გამოაცოცხლოს ის იდეა, რის გარშემოც გაერთიანდნენ ევროპის ქვეყნები და რამაც უპრეცედენტო კეთილდღეობა და ხანგრძლივი სტაბილურობა მოიტანა ევროპაში”, – ამბობს გიორგი ბადრიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი