ნეტგაზეთი | GPB – რა პროცედურებია საჭირო სამეურვეო საბჭოს ხელახლა შესავსებად GPB – რა პროცედურებია საჭირო სამეურვეო საბჭოს ხელახლა შესავსებად – Netgazeti
RU | GE  

GPB – რა პროცედურებია საჭირო სამეურვეო საბჭოს ხელახლა შესავსებად

20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნათელა სახოკია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ტოვებს. როგორ უნდა მოხდეს მეურვის – ნათელა სახოკიას უფლებამოსილების შეწყვეტა?

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით მეურვის უფლებამოსილების შეწყვეტის ექვსი საფუძველია დადგენილი. მათ შორისაა შემთხვევა, როცა მეურვე საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან.  ასეთ დრო მეურვის უფლებამოსილება წყდება განცხადების საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან.

 რა ხდება მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში?

 

მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად არჩეული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თუ მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, მაშინ მეურვის თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ვაკანტური რჩება.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე ნათელა სახოკია 2013 წელს დაასახელა.  ამავე წლის 27 დეკემბერს  ქალბატონი სახოკია საქართველოს პარლამენტმა (83 მომხრე 3 წინააღმდეგი) მეურვედ აირჩია. 2016 წლის 25 თებერვალს მისი უფლებამოსილების ვადად 6 წელი დადგინდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის მიზნით წილისყრის ჩატარების შემდეგ.  ამდენად, ნათელა სახოკიას უფლებამოსილება იწურებოდა 2019 წლის 27 დეკემბერს. გამომდინარე იქედან, რომ დარჩენილია უფლებამოსილების 3 წელზე მეტი, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი უნდა გამოცხადდეს.

რა ვადაში უნდა გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი? 

მეურვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის გამოცხადების შესახებ, რომლითაც განსაზღვრავს მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადას. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს. ჩემთვის ცნობილია განცხადების მომზადების თარიღი (13 ივნისი), თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, როდის ჩაიბარა პარლამენტმა კორესპონდენცია.  თუ ეს თარიღი 13 ივნისი იყო, მაშინ კონკურსი 23 ივნისამდე უნდა გამოცხადდეს.

ვის ეკუთვნის კანდიდატის წარდგენის უფლება საქართველოს პარლამენტში?

მეურვეობის კანდიდატის წარდგენის უფლება საქართველოს პარლამენტში აქვს საპარლემენტო უმრავლესობას.

რა პროცედურებია საჭირო სამეურვეო საბჭოს ხელახლა შესავსებად?

 

კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით უნდა შეიქმნას საკონკურსო კომისია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობასთან, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში (სულ 9 ადამიანი) უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას. საკონკურსო კომისია ირჩევს თავმჯდომარეს, შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მეურვეობის კანდიდატი?

მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისაჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიეროპედაგოგიურ სფეროში.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ ექნებათ ყოფილ მეურვეებს, რადგან ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს მეურვედ 1 ვადაზე მეტი ხნით.

მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. კანდიდატთა სია ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვისა და გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისია საპარლამენტო უმრავლესობას წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

საკონკურსო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთა მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვა. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში, რომლებიც გაიმართება საქართველოს პარლამენტის მიერ მეურვეთა არჩევამდე და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი: ნათია კაპანაძე