კომენტარი

“მრავალეროვანი საქართველოს” განცხადება სურბ-ნშანთან დაკავშირებით

25 იანვარი, 2012 • 909
“მრავალეროვანი საქართველოს” განცხადება სურბ-ნშანთან დაკავშირებით

“გვსურს, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე სომხურ ეკლესია ,,სურბ ნშანში,,  მომხდარ ხანძარსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საერთო სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველო,, ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოუწოდებდა ხელისუფლებას, მიეღო შესაბამისი ზომები ამ ძეგლის დაცვისათვის.  ეკლესიის შენობის  დაუცველობის გამო ხანძარს იქ ადრეც ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც განადგურდა უნიკალური ფრესკული ფერწერა.   მიუხედავად ამისა, ბოლო დრომდე ძეგლის დაზიანებისაგან დასაცავად რაიმე ზომა არ ყოფილა მიღებული.

როგორც ცნობილია, ქართულ-სომხურ ურთიერთობებში კულტურული მემკვიდერეობის პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს და მისი გადაწყვეტა, მხარეების მცდელობების მიუხედავად,  ჯერჯერობით  ვერ ხერხდება. არსებობს ინტერესები ორივე ეკლესიის მხრიდან და შესაბამისი არგუმენტები რამდენიმე ეკლესიისა და სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომ პრობლემის საბოლოო მოგვარებამდე მიღებული ყოფილიყო ზომები ამ ძეგლების სათანადო მოვლისათვის, აუცილებელი საკონსერვაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისათვის, რათა გამორიცხულიყო ამ ძეგლების მდგომარეობის გაუარესება. ამასთან, ვთვლით, რომ როგორც ქართულმა, ასევევ სომხურმა მხარეებმა  თავი უნდა შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმისაგან და ამ ძეგლებთან დაკავშირებული ყველა ქმედება განხორციელდეს ორი ეკლესიის წარმომადგენელთა მონიტორინგის ქვეშ.

მომხდარის შემდგომ განცხადება სომხურმა სამოციქულო ეკლესიამაც გააკეთა. მან   გამოხატა თავისი შეშფოთება ძეგლის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს გადაუდებელი ზომები ძეგლის გადასარჩენად.

მისასალმებელია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, რომელიც  მიმართავს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე, ქალაქის მერიას,   განახორციელოს გადაუდებელი  საკონსერვაციო სამუშაოები ,,სურბ ნშანში,,. ვთვლით, რომ ეს ნაბიჯი შექმნის ჯანსაღ ვითარებას და პოზიტიურ როლს ითამაშებს ორმხრივ ურთიერთობებში .

,,მრავალეროვანი საქართველო,, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რიგი აქტივობებისა პოლიტიკური ძალების,  სამოქალაქო საზოგადოების და  მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც, ვფიქრობთ, თავის დადებით წვლილს შეიტანს  ამ  პროცესში,”-ნათქვამია “მრავალეროვანი საქრთველოს” განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი