კომენტარი

გარემოსდამცველები ლაზიკასთვის ჭაობის დაშრობას ეწინააღმდეგებიან

18 იანვარი, 2012 • • 3136
გარემოსდამცველები ლაზიკასთვის ჭაობის დაშრობას ეწინააღმდეგებიან

რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კოლხეთის ეროვნულ პარკში ქალაქ ლაზიკას ასაშენებლად ჭაობების დაშრობამ, ამ საკითხზე ”ნეტგაზეთი” ქართველ გარემოსდამცველებს – მანანა ქოჩლაძესა და ნინო ჩხობაძეს– ესაუბრა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ, 17 იანვარს, განაცხადა, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკში უახლოეს დღეებში  ლაზიკას ასაშენებლად ჭაობების დაშრობა დაიწყება.

ნინო ჩხობაძე, ”მწვანეთა მოძრაობა” :

”ჯერ ერთი, ზამთარში ჭაობების  დაშრობას არავინ არ იწყებს, ეს გამორიცხულია. მე არ ვიცი, ვინ, სად, რა განაცხადა, მე ვიცი ერთი რამ: ერთი ჭაობის დაშრობამ ჩვენს ქვეყანას შეუქმნა სერიოზული პრობლემები და სწორედ თავის დროზე ჭაობის დაშრობა არის ფოთში ზღვის შემოსვლის მიზეზი. კოლხეთის ჭაობების სისტემა არის უფრო დაბალ დონეზე, ვიდრე ზღვა. შესაბამისად, ჭაობების დაშრობა გამოიწვევს ზღვის შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე, ხმელეთზე.  სერიოზული კატსასტროფა შეიძლება მოხდეს. კოლხეთის ჭაობები გრძელდება ქუთაისამდე, ეს მთელი რიონისა და ენგურის დელტაა.  ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი დაჭაობებული ტერიტორია ქუთაისამდე ჭაობების დაშრობის შემდეგ შეივსება წყლით.

გარდა ამისა, ჭაობების დაშრობა ნიშნავს, რომ ჩვენ სერიოზულ პრობლემას ვუქმნით შავ ზღვას. ჭაობების სისტემა იცავს ზღვას და ის თევზი, რომელიც ახლა არის საქართველოს სანაპირო ზოლში, შეიძლება, საერთოდ გაქრეს. ამის გარდა, ზოგადად, ჩვენ ვეღარ გამოვიყენებთ ანაკლიას საპორტო სისტემისათვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი განვითარებისათვის. პორტისთვის ანაკლია არის უნიკალური.

ჭაობი იცავს ნაპირს, გარდა ამისა, აჯანსაღებს შავ ზღვას საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ შავი ზღვა საქართველოს სანაპიროებთან არის ყველაზე პროდუქტიული იხტიოფაუნის თვალსაზრისით და ტურიზმის განვითარება აქ არის შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ზღვა შედარებით სუფთაა.

ჭაობების დასაშრობი სადრენაჟო სისტემები თუ მუდმივად არ იქნება ელ. ენერგიით მომარაგებული და არ იმუშავებს, მოხდება მეორადი დაჭაობება. 50-იან წლებში კოლხეთში დააშრეს ჭაობები, შემდეგ კი სადრენაჟო სისტემები ფაქტობრივად მოიშალა. ეს[სადრენაჟო სისტემის მოწყობა] ძალიან დიდ კაპიტალდაბანდებას ითხოვს და ამას არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს. პირიქით, ხელოვნურად ქმნიან ჭაობებს, რომ დაიცვან საკუთარი სანაპიროები და წყალდიდობებისა და ზღვის შემოსვლებისგან დაიცვან მოსახლეობა.

კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ ბიომრავალფეროვნება ქრება მთლიანად. ჩვენთან უკვე დაიწყო მეორადი დაჭაობება და ეს ტერიტორია უკვე აღარ ვარგა აღარც საძოვრად, აღარც სასოფლო-სამეურნეოდ. მეორადი დაჭაობების შედგად იხრწნება თვითონ მიწა, ლპება. ეს გამოიწვევს იმას, რომ იმ ადგილებში ვერავინ ვერ გაჩერდება.

რამსარის კონვენციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე -კოლხეთის დაბლობზე, ხელის შეხება არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არის დაცული მხოლოდ იმიტომ, რომ არის ასეთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ჭაობის დაშრობის შედეგად პრობლემა შეექმნებათ გადამფრენ ფრინველებსაც. გადამფრენი ფრინველები, რამსარის გარდა, ბონის კონვენციითაც არის დაცული და ამ ორივე კონვენციის წევრია საქართველო. ამ კონვენციების დარღვევის შემთხვევაში, სანქცია ის იქნება, რომ საქართველოს დაახასიათებენ, რომ ჩვენ არა ვართ საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა, რადგან გარემოს დაცვის კანონმდებლობაზე არ ვფიქრობთ.

მანანა ქოჩლაძე, ”მწვანე ალტერნატივა” :

”მე ვერ გეტყვით, რა ზეგავლენას მოახდენს, იმიტომ, რომ ზუსტად არ ვიცით, ლაზიკა რა ტერიტორიაზე აშენდება. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომელ ეკოსისტემებზე იმოქმედებს, რომ შევაფასოთ, რა ზეგავლენას მოახდენს. იქ ძალიან მრავალფეროვანი ჭაობებია.

სანამ ჭაობების დაშრობას დაიწყებს, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს მიემართა რამსარის კონვენციისთვის, იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები აღარ იმყოფება საქართველოს კანონმდებლობის რეგულირების ქვეშ და არის რამსარის კონვენციის ფარგლებში. კარგი იქნებოდა, კონსულტაციები მაინც გაევლო, როგორ შეიძლება ამ ტერიტორიების ამორიცხვა რამსარის კონვენციიდან. ამ ამორიცხვას კი სჭირდება ის, რომ იგივე ზომის სხვა ტერიტორიები ჩავსვათ კონვენციის რეგულირების სფეროში.

ჭაობების დაშრობა 21-ე საუკუნეში ცოტა ბარბაროსობად ჟღერს, იმიტომ, რომ ჭაობი აღარ არის კოღოსა და მალარიის ბუდე. ეს არის მტკნარი წყლის მარაგი, ეს არის წყლის შემოტევისგან დამცავი და ბიომრავალფეროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. მით უმეტეს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი დასასვენებლი გზა აზიის მიგრატორი ფრინველებისათვის. ამაზე მეტი მნიშვნელობის ადგილები,  სილამაზის მხრივაც, თუ შოპინგ–ცენტრებს არ ვგულისხმობთ, საქართველოში არ არსებობს.

კოლხეთის დაბლობზე ჭაობის დაშრობა იმოქმედებს ყველაფერზე.  ზუსტად ვერ გეტყვით, რა ზემოქმედება ექნება,  იმიტომ, რომ იქ არის ძალიან  მნიშვნელოვანი ტერიტორიები და ბუფერული ზონები.

სავარაუდო შედეგები ის იქნება, რომ ეს იქნება ქალაქი, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ებრძოდეს ნესტსა და დაჭაობებულ მიწას. პეტერბურგსაც აქვს იგივე პრობლემა და მთელი ცხოვრებაა ცდილობენ, მოიფიქრონ რამე, რომ ქალაქი შენარჩუნდეს ისე, როგორც აშენდა. ბუნების საბოლოოდ დამარცხება წარმოუდგენელია.

ჩვენ საქართველოში გვქონდა ძალიან ცუდი პრეცედენტი, როცა რამსარის კონვენციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ააშენეს ყულევის ტერმინალი. მაშინ კოლხეთის ნაკრძალის ტერიტორიაზე ტერმინალის მშენებლობის შესახებ რამსარის კონვენციის სეკრეტარიატმა გაიგო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა საქართველოს, რომ დაერეგულირებინა ეს ურთიერთობები  იმ დონორებთან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული კოლხეთის ეროვნული პარკის დაფინასებაში.  მსოფლიო ბანკმა თავის დროზე საკმაოდ დიდი ფული ჩადო ამ პარკის განვითარებაში.

საერთაშორისო კონვენციები არ არის დაწერილი სკოლის მოსწავლეებისათვის. იქ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს, როცა რაღაცას ხელს აწერს, გაცნობიერებული აქვს, რა ვალდებულებებს იღებს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ ტერიტორიებს ამოვრიცხავთ რამსარის კონვენციიდან , ამის შემდეგ ჩვენ იგივე ღირებულების და იგივე ზომის ტერიტორია უნდა შევიტანოთ დაცულ ტერიტორიებში, ამისთვის კი მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი.  კარგი იქნებოდა, სანამ ახალი საერთაშორისო სკანდალი აგორდებოდა, ამისთვისაც მიექციათ ყურადღება.

როცა ყულევის ტერმინალი შენდებოდა, მსოფლიოს ბანკმა საქართველოს ცუდი გარემოსდაცვითი მმართველობისთვის შეუმცირა თანხები საბიუჯეტო დახმარების პროგრამებისთვის. იმ დროს გამოდიოდა შევარდნაძე და იძახდა, რომ დავურეკავ ახლა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს და მომცემს ფულსო, მაგრამ არავის არაფერი არ მოუცია. ასე რომ, რა დროს რა დონის საერთაშორისო სკანდალი აგორდება, არ არის ცნობილი.

მანანა ქოჩლაძე და ნინო ჩხობაძე აცხადებენ, რომ სანამ კონკრეტულ პროექტსა და გარემოზე ზემოქმედების ოფიციალურ შეფასებას არ ნახავენ, მანამდე გაუჭირდებათ კონკრეტული დასკვნის გამოტანა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზიანს მოუტანს საქართველოს ეკოლოგიას ლაზიკას მშენებლბა.

ამავე თემაზე:

“ლაზიკა” დაცულ ტერიტორიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი