კომენტარი

ხმალაძე: შემოწირულობის აკრძალვა უკანონობის შესაძლებლობას ზრდის

14 დეკემბერი, 2011 • • 1130
ხმალაძე: შემოწირულობის აკრძალვა უკანონობის შესაძლებლობას ზრდის
ახალი კანონპროექტის მიხედვით, იურიდიულ პირებს პარტიის დაფინანსება აეკრძალებათ, ფიზიკური პირებს კი შეეძლებათ, ამა თუ იმ პარტიას 30 ათასის ნაცვლად  60 ათასი ლარი შესწირონ. აღნიშნული ცვლილება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შედის. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, იურიდიული პირებისთვის დაწესებული აკრძალვა საარჩევნო კამპანიაში უკანონობის გაჩენის შესაძლებლობას ზრდის.
ბატონო ვახტანგ, იყო თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციების (ვენეციის კომისიისა და GRECO–ს)  რეკომენდაცია იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით?
ზოგადი მიდგომა ამ საკითხისადმი ასეთია:  პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო პროცესების დაფინანსება თითქმის არსად არ ეკრძალებათ იურიდიულ პირებს. თუმცა არსებობს შემოწირულობის გაკეთების ზედა ზღვარი, აგრეთვე, ბევრგან არსებობს პოლიტიკური სუბიექტების მიერ არჩევნების დროს თანხების ხარჯვის ზედა ზღვარი. 

ჩვენთან ხარჯვის ზედა ზღვარი არ არსებობს. რაც შეეხება დღემდე არსებულ მდგომარეობას, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის კანონით დადგენილია შემოწირულობის გაკეთების ზედა ზღვარი. პირველი შეთანხმება, რომელიც იყო ხელისუფლებასა და პარტიების ნაწილს შორის, შეეხებოდა იმას, რომ ფიზიკური პირებისთვის ორჯერ გაზრდილიყო ზედა ზღვარი  და გამხდარიყო 60 ათასი ლარი ერთი წლის განმავლობაში, 200 ათასი  ლარი კი – იურიდიული პირებისთვის. ასეთი იყო ვითარება მანამ, სანამ პოლიტიკურ ორბიტაზე გამოჩნდებოდა ბიძინა ივანიშვილი. ამის შემდეგ გაჩნდა სწორედ ახალი პროექტი, რომ იურიდიულ პირებს აეკრძალოთ პარტიების დაფინანსება. 

თქვენ თუ ნახავთ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს საქართველოს ამ საარჩევნო პროცესების მიმართ, არის რეკომენდაციები, სადაც აღნიშნულია, რომ სასურველია, დაწესდეს ზედა ზღვარი შემოწირულობისთვის და ეს ზღვარი არსებობს ამჟამად. ასევე დაწესდეს ზედა ზღვარი შესაძლო ხარჯის გაწევისთვის, ეს შესრულებული არ არის და ამას არც გეგმავენ, რამდენადაც მე ვიცი. GRECO–ს (სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ) რეკომენდაციებში ეწერა, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა იყოს ფინანსურ სახსრებზე. ასევე ეწერა, რომ უნდა აეკრძალოთ ისეთ იურიდიულ პირებს შემოწირულობები, რომლებშიც  მეწილე, ანუ თანამესაკუთრე, სახელმწიფოა, აგრეთვე, ისეთ იურიდიულ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში. ასევე მათ უწერიათ, არა რეკომენდაციის სახით, რომ შესაძლებელია, იურიდიულ პირებს აეკრძალოთ დაფინანსება. 

ასეთი შესაძლებლობის დაწერას, ჩემი აზრით, შესაძლო მიზეზი ჰქონდა, რომელიც გახლავთ ის, რომ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2004 წლის შემდეგ, შემოწირულობები, რომელსაც იურიდიული პირები აკეთებენ, ირიცხებოდა მხოლოდ მმართველი პარტიის საარჩევნო ფონდში. ერთად აღებული სხვა ყველა დანარჩენი პარტიისთვის მიცემული შემოწირულობების რაოდენობა უმნიშვნელო პროცენტია იმ შემოწირულობისა, რაც კეთდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ეტყობა, ესეც იყო ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც  GRECO–მ თქვა, რომ შესაძლებელია ასეთი რამ იყოს განხილულიო. თუმცა აქვე დავამატებ იმას, რომ არასოდეს არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ დაუსვამს საკითხი, რომ იურიდიულ პირებს აეკრძლოთ შემოწირულობების განხორციელება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ოპოზიციური პარტიები მიიჩნევდნენ, რომ იურიდიულ პირს, ისევე, როგორც ფიზიკურ პირს, უნდა ჰქონდეს შემოწირულობების გაკეთების უფლება. (მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც იურიდიული პირი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობს).

ასე რომ, იურიდიული პირებისთვის აკრძალვის რეკომენდაცია არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არასოდეს არ გაუკეთებია. 

ხელისუფლების მიზანი ამ შემთხვევაში სრულიად აშკარაა. ის ცდილობს გადაკეტოს  შესაძლო წყაროები, რომლებიც შეიძლება განახორციელონ ივანიშვილთან დაკავშირებულმა იურიდიულმა პირებმა. 

ბატონო ვახტანგ,  მიიჩნევთ თუ არა მართებულად იურიდიული პირებისთვის შემოწირულობებზე აკრძალვის დაწესებას?თუნდაც იქიდან გამომდინარე, როგორც თქვენ ბრძანეთ, იურიდიული პირების შემოწირულობები ირიცხებოდა მხოლოდ მმართველი პარტიის საარჩევნო ფონდებშიო.  და თუ არ ეთანხმებით,  რას მოგვცემს მხოლოდ ფიზიკურ პირებზე შემოწირულობების გაკეთების შესაძლებლობის გაზრდა?

მე ეს სწორად არ მიმაჩნია და გეტყვით, რატომ. ორი მიზეზით. ერთი ზოგადი მიზეზია. ჩვენი კონსტიტუციისა და საერთაშორისო კონვენციების თანახმად, იურიდიული პირები სარგებლობენ ისეთივე უფლებებით, როგორც ფიზიკური პირები და ეს უფლებები არ უნდა იყოს განსხვავებული. ამის დასტურად კიდევ გეტყვით– ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაცია იყო იმ პროექტზე, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული იურიდიული პირებისთვის შემოწირულობების გაკეთების აკრძალვა, თუმცა იმ პროექტში აღნიშნული იყო, რომ ფიზიკური პირის შემოწირულობა 60 ათასს არ უნდა აღემატებოდეს და იურიდიული პირის– 200 ათასს. ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ რეკომენდირებულია, შემოწირულობების ზედა ზღვარი ერთნაირი იყოს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ეს მიუთითებს იმას, რომ ზოგად პრინციპს ეწინააღმდეგება ეს აკრძალვა. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს გამომდინარეობს წმინდა ქართული საკითხიდან. მოგეხსენებათ საქართველოში ფიზიკური პირების ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ რამდენიმე პროცენტია ისეთი ფიზიკური პირები, რომლებიც არიან საკმაოდ შეძლებულები. თუმცა მათი რაოდენობა იმდენად შეზღუდულია, რომ იმ შესაძლო ზღვრული დაფინანსების პირობებში თითოეულმა მათგანმა რომ გააკეთოს ასეთი შეწირულობა საარჩევნო ფონდებში, საკმარისი არ იქნება კამპანიისთვის. მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გადატანა მოგვცემს იმას, რომ ჯამურად შეიძლება ის თანხა ვერ მოგროვდეს, რომელიც საჭიროა არჩევნების სათანადოდ ჩატარებისთვის.  ანუ ასეთი შეზღუდვის დაწესებით, ელემენტარულად, ლეგალურად ვერ მოგროვდება ის თანხა, რაც სჭირდება არჩევნების უზრუნველყოფას. რა ხდება ხოლმე ასეთ დროს – ამ შემთხვევაში ხდება ის, რომ მოხდება შემოვლითი გზების ძიება, ანუ ლეგალურიდან გადასვლა არალეგალურ სივრცეში. კანონმა არ უნდა უბიძგოს არავის უკანონო მოქმედების ჩადენისაკენ. 

თუმცა კანონპროექტში განმარტებულია, რომ ეს აკრძალვა– მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის უფლების მიცემა შემოწირულობების განხორციელებისთვის– განპირობებულია კორუფციის თავიდან აცილების მოტივით და ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფით.

როდესაც არის მოთხოვნა ბაზარზე, მაშინ ყოველთვის მოიძებნება არა მხოლოდ ლეგალური, არამედ არალეგალური გზები ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ეს განსაკუთრებით სახიფათო ხდება მაშინ, როდესაც ლეგალური გზა არ იძლევა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ანუ ეს არის ის, რასაც სამართლის თეორიაში ჰქვია “კორუფციული კანონმდებლობა,” ანუ, როდესაც კანონის დარღვევა გამოწვეულია თვითონ კანონით  შექმნილი მდგომარეობით. ეს კანონმა არ უნდა გააკეთოს. იურიდიული პირების გამორიცხვა შესაძლო შემომწირველთაგან ქმნის სწორედ ასეთ მდგომარეობას. 

კანონპროექტში შესაძლო აკრძალვა იურიდიული პირებისთვის შემდეგი რისკ–ფაქტორითაა გამართლებული – ლიბერალური ეკონომიკის პირობებში იურიდიული პირის წილის მფლობელი შესაძლოა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან საერთოდაც სხვა სახელმწიფო, რაც შესაძლებელს ხდის უცხო ქვეყნის ინტერვენციას შიდა პოლიტიკურ პროცესებში. პავლე კუბლაშვილი ხშირად იყენებს ამ შემთხვევაში ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის მაგალითს.

კუბლაშვილი თუ ამბობს ა–ს, თქვას ბეც. მე ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო. ავიღოთ კანონი მაუწყებლობის შესახებ. კანონში წერია, რომ მაუწყებლობის ლიცენზია შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, ან საქართველოს იურიდიულ პირს. უცხოელს არ შეიძლება ჰქონდეს მაუწყებლობის ლიცენზია. მაგრამ თუ იურიდიული პირი დააფუძნა უცხოელმა, ეს იურიდიული პირი უკვე საქართველოს იურიდიული პირია. მას შეიძლება ჰქონდეს ლიცენზია. თუ იქ შეიძლება ეს გაკეთდეს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მაშინ აქ რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება? იმ ფონზე, როდესაც არაერთ ქვეყანაში ამ მაუწყებლობის ლიცენზიაზე დაწესებულია იურიდიული პირებისთვის შეზღუდვები.  მაგალითად, ისეთ იურიდიულ პირს, რომელშიც უცხოელს აქვს განსაზღვრულ პროცენტზე მეტი საკუთრება, ვთქვათ– 30%–ზე მეტი, იმ იურიდიულ პირს ლიცენზიას არ აძლევენ. ამით ხდება საკუთარი მაუწყებლობის დაცვა უცხოური ზეგავლენისაგან. ჩვენთან მსგავსი შეზღუდვა არ არის. ამიტომ ასე მიკერძოებულად გამოყენება რაღაც არგუმენტებისა პრინციპულად არასწორია. აქ არის მცდელობა, რომ მოარგონ კანონმდებლობა ხელისუფლების სურვილებს და დააწესონ ლეგალური შეზღუდვები დაფინანსებისთვის, იმიტომ, რომ ხელისუფლებას კვლავ რჩება შესაძლებლობა არალეგალური გზით დააფინანსოს საკუთარი საარჩევნო კამპანია. აქ პრობლემა ისაა, რომ თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია შეეცდება არალეგალური საშუალებების გამოყენებას, იქ მთელი ძალით ამუშავდება სახელისუფლებო აპარატი – პოლიცია, პროკურატურა, ბანკები.

კანონპროექტში ცალკე არის შემოთავაზებული პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული იურიდიული პირების საკითხი და ნათქვამია, რომ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს უნდა დაუწესდეთ შეზღუდვები, თუ ისინი პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან ჩართულნი პოლიტიკურ პროცესში. ბატონო ვახტანგ, რამდენად ნათელია ამ ნორმის განმარტება კანონპროექტში?

ეს არის ის ნორმა და მსგავსი ნორმები ბოლო წლებში ჩვენს კანონმდებლობაში ბევრგან გაჩნდა, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონისთვის დადგენილ ერთ აუცილებელ მოთხოვნას, რომ კანონის ნორმა უნდა იყოს გარკვეული და არ უნდა იძლეოდეს სხვადასხვანაირად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მისი წამკითხველისა და გამომყენებლისთვის განჭვრეტადი უნდა იყოს ამ ნორმიდან გამომდინარე შედეგები. აქ არის საინტერესო ფრაზა, როდესაც “იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პროცესებთან”. როგორ შეიძლება ამ ნორმის ინტერპრეტაცია, რას ნიშნავს დაკავშირებული? მაგალითად, იურიდიულმა პირმა, ვთქვათ, პარტიას გაუკეთა რაღაც შეწირულობა. მოკლედ, თუ იურიდიული პირი რაიმეს გაუკეთებს პარტიას, ვთქვათ, არა შეწირულობას, არამედ გააკეთებს ასეთ რამეს, რომ რაღაცა მომსახურების გაწევისთვის გაუკეთებს “დისკაუნტთს”, ანუ შეუმცირებს საფასურს, მაშინ ხელისუფლებას ხომ შეეძლება თქვას, რომ ეს იურიდიული პირი ირიბად ან პირდაპირ არის დაკავშირებული ამ პოლიტიკურ პარტიასთან, რაზეც მეტყველებს ის, რომ მათ მომსახურება გაუწიეს საბაზრო ფასზე უფრო ნაკლებ ფასად. შეიძლება, ყველა, ვისაც კი შეხება აქვს პოლიტიკურ პარტიასთან, აღმოჩნდეს ამ მდგომარეობაში. როგორ? ვთქვათ, რომელიმე ფიზიკური პირი, რომელიც არის იურიდიული პირის თანამესაკუთრე, გახდა პოლიტიკური პარტიის წევრი. ხომ არანაირი შეზღუდვა არ არის ამის თაობაზე. აი, მაშინ ხელისუფლებიდან შეუძლიათ თქვან, ეს იურიდიული პირი ირიბად არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან და მასზე გაავრცელონ ის შეზღუდვები, რასაც ასეთ შემთხვევაში კანონში დებენ. და ამით ამ იურიდიულ პირს შეუზღუდონ თავისი შეხედულებებისამებრ მოქმედების შესაძლებლობა და მასზე დააწესონ კონტროლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი