ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე 22 მაისს გამართულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებს გამოეხმაურა და შედეგები ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი შემობრუნებად შეაფასა:
“გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავს ხალხზე და არ აწუხებს ხალხის მომავალი, ასეთი ხელისუფლება საქართველოში დამარცხდება და მას მომავალი არ გააჩნია. ეს იყო გუშინდელი არჩევნების სიგნალი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის. ეს გამარჯვება დადასტურდა იმაშიც, რომ ოთხი შუალედური ოლქიდან, რომელშიც მონაწილეობას იღებდა “ნაციონალური მოძრაობა”, ორში გავიმარჯვეთ”, – განაცხადა ბაქრაძემ 23 მაისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ბაქრაძის თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ წერტილს დაუსვამს ყველა სახის დაპირისპირებას:
“დღეს ბევრ ადამიანს აწუხებს ეს კითხვა, როგორც ჩანს, ნაციონალები იგებენ ოქტომბერში და რა მოხდება ამის შემდეგ, ხომ არ დაიწყება ანგარიშსწორების ახალი ტალღა? მე მინდა ვუთხრა თითოეულ ასეთ ადამიანს, პირადად მე და მთელი ჩვენი გუნდი ვართ იმის გარანტი, რომ ოქტომბერში ის სამარცხვინობა, ის სისასტიკე, რაც გუშინ ვიხილეთ, დასრულდება. პირველი ორი კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, იქნება კანონი პოლიტიკური შერიგების შესახებ და კანონი ბიზნესამნისტიის შესახებ. იმიტომ, რომ არ აქვს მნიშნველობა, ვინ არის “ქართული ოცნების” მომხრე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ბიზნესმენი აფინანსებს “ქართულ ოცნებას”. ჩვენ ყველა ვართ ერთი ქვეყნის შვილები, ამიტომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს უნდა მოუგო პოლიტიკურად ისე, როგორც ჩვენ გუშინ პოლიტიკურად დავამარცხეთ “ქართული ოცნება”, – ამბობს დავით ბაქრაძე.
საკრებულოს შუალედური არჩევნები გუშინ, 22 მაისს გაიმართა და ინცინდენტების ფონზე მიმდინარეობდა. არჩევნები 9 მაჟორიტარული ოლქის 45 საარჩევნო უბანზე ტარდებოდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრობის” კანდიდატები 9 ოლქიდან 4-ში მონაწილეობდნენ, აქედან ორში- ოზურგეთსა და ზუგდიდში არჩევნები მოიგეს, ხოლო 2-ში – წყალტუბოსა და კასპში წააგეს.