ახალი ამბები

კორცხელის საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს

22 მაისი, 2016 •
კორცხელის საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს

ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომუშავე ჟურნალისტებს ადგილზე შეკრებილი უცნობი პირები მუშაობაში ხელს უშლიან. როგორც “ლაივპრესის” ჟურნალისტები “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებენ, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების დროს იქ შეკრებილები ჟურნალისტებს კამერების ჩამორთმევით დაემუქრნენ; ასევე იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობაც.

მოგვიანებით ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს. ტელეკომპანია “ოდიშის” ოპერატორს სახეში მოხვდა რეპორტიორების მიასამართით ნასროლი წყლის ბოთლი. “ლაივპრესის” მთავარი რედაქტორის, გერონტი ყალიჩავას განცხადებით, ჟურნალისტების შეურაცხყოფაზე პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ, რეაგირება არ მოუხდენიათ.

“მე ვუთხარი პოლიციას, რომ ჩარეულიყო და განემუხტა ვითარება, თუმცა მათ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ,” – აცხადებს ყალიჩავა.

“ლაივპრესი” დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს:

სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებელმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს.

შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი