კომენტარი

“ერთად, სიტყვის თავისუფლების დასაცავად!”

28 ნოემბერი, 2011 • 960
“ერთად, სიტყვის თავისუფლების დასაცავად!”

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ მერიის ეწ „1000 ჯიხურის“ აუქციონებში მონაწილეობის მსურველ პირებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი პოზიცია და არ მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში იმ ადგილებზე, სადაც ამჟამად დგას ან ა.წ. 25 ნოემბრამდე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები.

ასეთი სულ 150-მდე ადგილია თბილისში.

“თქვენი შეგნებული პოზიცია საშუალებას მისცემს იმ პირებს, რომლებიც მრავალი წელია, პრესას ავრცელებენ, მიიღონ მონაწილეობა გამოცხადებულ აუქციონებში და შეინარჩუნონ იგივე ადგილები, სადაც ამჟამად მუშაობენ”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია საზოგადოებას მოუწოდებს, გამოხატონ სხვადასხვა ფორმის პროტესტი იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც გადაწყვეტენ აუქციონში მონაწილეობას.

თბილისის მერიამ დედაქალაქში სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად  აუქციონი გამოაცხადა, რამაც თბილისში არსებული პრესის გამავრცელებელი ჯიხურები დახურვის საფრთხის ქვეშ დააყენა. აღმოჩნდა, რომ მერიამ აუქციონი, ძირითადად, იმ ადგილებზე გამოაცხადა, სადაც უკვე წლებია, რაც პრესის გამავრცელებელი ჯიხურები დგას. შესაბამისად, აუქციონის დასრულების შემდეგ გამავრცელებლებს ამ ჯიხურების აღება მოუწევთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელების რამდენიმე სამსახურს უკვე დაუკავშირდნენ თბილისის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და ზეპირი მითითებით არსებული ჯიხურების აღება მოსთხოვეს ისე, რომ ჯერ აუქციონი დასრულებული არ არის.

“ზემოთ მოყვანილი ფაქტები და თვეების მანძილზე ამ საკითხთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ პროცესის ამგვარი განვითარება შემთხვევითი არ არის. ეჭვს წარსული გამოცდილებაც გვიძლიერებს – წლების განმავლობაში ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო პრესის გავრცელებას პრობლემები არაერთხელ შეექმნა. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ რიტორიკულად აცხადებს, რომ მზადაა, საარჩევნოდ მედიაგარემო გააუმჯობესოს, პარალელურად კი, ამ მოქმედებით ბეჭდური მედიისა და წიგნის გავრცელებას უდიდესი დარტყმის ქვეშ აყენებს.

საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლების მიზანი წინასაარჩევნოდ ბეჭდური მედიის განეიტრალებაა, რათა საზოგადოებამდე მივიდეს მხოლოდ და მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას ნაციონალური არხებით მიეწოდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამას ასეულობით წვრილი მოვაჭრისა და ჯიხურის მფლობელის უმუშევრად დატოვებითა და მათი სოციალურად განადგურების ფასად აკეთებენ.

ვშიშობთ, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის დასრულების შემდეგ პრესის გავრცელებას კვლავ პრობლემები შეექმნება. დადედაქალაქის მოსახლეობისთვის ჟურნალ-გაზეთების მიწოდება მნიშვნელოვნად გართულდება. შესაბამისად, მერიის ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც მედიაზე ზემოქმედების კიდევ ერთ მექანიზმს, რაც მისი პარალიზებისთვის არის გამიზნული”, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ გამოდის ინიციატივით, შედგეს შეხვედრა საკითხით დაინტერესებულ პირებსა და თბილისის მერს შორის, რათა მან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა განმარტონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მართებულობა; ამ საკითხების გარკვევამდე შეჩერდეს ყოველგვარი აუქციონი და განახლდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიქმნება პრესის გავრცელების მყარი გარანტიები; საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მედიაექსპერტების მიერ მომზადებული და პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების განხილვა, რომლებიც ამ და სხვა ბევრი საკითხის მოგვარების მექანიზმებს სთავაზობს ხელისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი