კომენტარი

ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში

25 ნოემბერი, 2011 • • 6008
ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში

25 ნოემბერი გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. netgazeti.ge საქართველოში ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრჩეველს გენდერის საკითხებში თამარ საბედაშვილს ესაუბრა:

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის რა ფორმები არსებობს?

საქართველოში არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ის ფორმა, რაც დნარჩენ მსოფლიოში. გამონაკლისი არ არის საქართველო არც ერთი კუთხით. გავრცელებულია როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობა, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა, ანუ ყველაფერი ის, რაც კანონში არის დაფიქსირებული და რაც დანარჩენ მსოფლიოში გვხვდება. ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული ქართულ კონტექსტს არა აქვს.

კონკრეტულად, რა ფორმით გამოიხატება ქალების მიმართ სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობა?

სექსუალური ძალადობის ფორმაა გაუპატიურება, რაც ჩვეულებრივ ხდება ოჯახებში მეუღლის მიერ. შეიძლება იყოს სექსზე უარის თქმა – ეს არის დასჯის ერთგვარი ფორმა, რაც ხშირად ხდება. რაც შეეხება ეკონომიკურ ძალადობას, ეს ძალიან კომპლექსური საკითხია დაწყებული იქიდან, რომ ქალის შემოსავალს ქმარი აკონტროლებს, დამთავრებული იმით, რომ არ აძლევს სწავლისა და სამსახურში გასვლის საშუალებას. არის შემთხვევები, როცა მაცივარზე ბოქლომს უყენებენ, ან უკონტროლებენ, რამდენს ხარჯავს და ა.შ.

რა უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი პრობლემები მოგვარდეს? სად არის პრობლემის გასაღები?

გამოსავალი ყოველთვის არსებობს და პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების ცნობიერების შეცვლა. ძალიან მივესალები, რომ დაინტერესდით ამ თემით. მედიას ძალიან დიდი  როლი აქვს, რომ ამ საკითხებზე ინფორმაცია გავრცელდეს. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ქალებზე ძალადობა არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის პრობლემა, ეს არის საზოგადო პრობლემა და ამაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო მექანიზმები – თავშესაფრები, ცხელი ხაზი და ა.შ.  პოლიციის როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს საქართველოს ხელისუფლება რამდენად ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს ამ პრობლემების მოსაგვარებლად?

საქართველოში ამ კუთხით ნამდვილად დიდი ნაბიჯები გადაიდგა და გარკვეული პროგრესიც მიღწეულია –ეროვნული მასშტაბით შექმნილია ცხელი ხაზი, შექმნილია ორი სახელმწიფო თავშესაფარი, შსს-ს აკადემიაში პოლიციელებისთვის ტარდება ტრენინგები ოჯახში ძალადობაზე. თუმცა ამ კუთხით ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, თუნდაც იმ მხრივ, რომ საზოგადოების მენტალიტეტი სხვანაირია. გარდა ამისა, ქვეყანაში არსბეული მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალადობის მსხვერპლთათვის შექმნილი ორი თავშესაფარი არ არის საკმარისი და იქ მოხვედრილ მსხვერპლს კიდევ ათასი რამ სჭირდება – რეაბილიტიაცია, ეკონომიკური საკითხების მოგვარება და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბისაა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2009 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალთა 50,1 % ფიქრობს, რომ კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება მას. ქალთა 34,1 % კი ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს.  44,9 % ფიქრობს, რომ აუცილებელია, მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს დაანახოს, თუ ვინ არის ოჯახის უფროსი. რის გამო არსებობს ქალებში მსგავსი დამოკიდებულება და რა გარემოებები უბიძგებს ქალებს, იფიქრონ ასე?

ეს გამომდინარეობს პატრიარქალური საზოგადოებიდან. ჩვენ ვცხოვრობთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, ანუ მამაკაცები ამ საზოგადოებაში გარკვეული უპირატესობებით სარგებლობენ მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ სქესის მიხედვით ისინი არიან მამაკაცები. აქედან გამომდინარე, ორივეს – ქალებისა და მამაკაცების– ფორმირება, სოციალიზაცია თუ სხვა პროცესი, ხდება,  აი, ამ პატრიარქალურ გარემოში. შესაბამისად, იმის რწმენა, რომ მამაკაცი უპირატესია ქალზე, რაც პატრიარქატის ერთ-ერთი პოსტულატია, ადამიანში ბავშვობიდანვე ყალიბდება , ფესვს იდგამს. შვილი რომ ჰყავდეთ, ურჩევნიათ ბიჭი, იმიტომ, რომ ის მემკვიდრეა, გვარის გამგრძელებელია, “კაცის ტვინი სულ სხვაა”, “კაცივით, ადამიანად ვიგრძენი თავი” – ასეთი გამონათქვამებიც ხშირად გვესმის და ეს ძალიან არის გავრცელებული. შესაბამისად, ქალები თავის თავს კაცებთან შედარებით ხშირ შემთხვევაში მიიჩნევენ მეორეხარისხოვან არსებებად. აქედან გამომდიანრე, თუ ქმარი არის პრივილეგირებული, ის არის ოჯახის უფროსი და ა.შ. ეს რწმენები და წარმოდგენები, რაც ქალებს აქვთ, აქედან გამომდინარეობს. ეს არის ამ ყველაფრის ახსნა და ეს არ არის ან ქალის ბრალი, ან კაცის ბრალი. ეს არის დღევანდელი საზოგადოების ფასეულობებიდან გამომდინარე.

მსგავსი ტენდენციები როგორი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი?

პატრიარქატი არის დღეს მთელს მსოფლიოში გაბატონებული, მაგრამ ევროპის გარკვეულ ქვეყნებში იგრძნობა ტენდენცია, რომ ქალებისა და კაცების მდგომარეობა გათანაბრდეს. ხელისუფლებაში ქალები მოვიდნენ, პასუხისმგებლობები და ვალდებულებები უფრო გადანაწილებულია როგორც ოჯახში, ისე ოჯახს გარეთაც. ტენდენცია იმისკენ, რომ ქალთა უფლებები წინ წამოიწიოს და გათანაბრდეს ქალი და მამაკაცი, რა თქმა უნდა, იგრძნობა უფრო განვითარებულ ქვეყნებში. რაც უფრო ნაკლებადგანვითარებულია ქვეყანა, პატრიარქალური ტენდენციები უფრო ძლიერია. თუ საზოგადოებაში ფუნდამენტური, რელიგიური წესები არის გაბატონებული, მაშინ უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს.

25 ნოემბერი “ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა”.  ქალთა უფლებადაცველი აქტივისტები ამ დღეს 1981 წლის 25 ნოემბრიდან აღნიშნავენ. მოგვიანებით, 1999 წლის 17 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე  “ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო” დღედ ოფიციალურად დაამტკიცა. ამ დღის აღნიშვნას საფუძვლად დაედო 1960 წლის 25 ნოემბერს დომინიკის რესპუბლიკაში სამი დის: მინერვა, პატრია და მარია მირაბალების მოკვლის ფაქტი. დები მირაბალები პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ და იმ დროს დომინიკის რესპუბლიკაში მოქმედი დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ. სწორედ ამ რეჟიმის საიდუმლო პოლიციამ დახოცა დები იმ დროს, როცა ისინი თავიანთი დაპატიმრებული ქმრების სანახავად ციხეში მივიდნენ. დიქტატორულ რეჟიმს გადაურჩა აქტივისტი ქალების მეოთხე და – დედე მირაბალი. ამჟამად მირაბალების სახლში, დომინიკის რესპუბლიკაში, მუზეუმია მოწყობილი, მათზე იწერება მხატვრული ნაწარმოებები, იღებენ ფილმებს და ა.შ.

„ქალთა ფონდი საქართველოში“ ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით აწყობს საქველმოქმედო საღამოს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ჯგუფი „Kung Fu Junkie“ და DJ Tomma. დასწრების ღირებულება იქნება 5 ლარი შემოწირულობის სახით.  კონცერტიდან შემოსული თანხა გრანტის სახით გადაეცემა ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებს.

საქველმოქმედო საღამო 2011 წლის 25 ნოემბერს, 21:00 სთ–ზე, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილი რკინიგზელთა სახლი), აღმაშენებლის გამზირის #127–ში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი