კომენტარი

კომუნისტი ბიზნესმენის მხარ-თეძოზე დამგდები მადლი

17 ნოემბერი, 2011 •
კომუნისტი ბიზნესმენის მხარ-თეძოზე დამგდები მადლი
იმ ხალხის სიის გამოქვეყნებამ, ვინც წლების განმავლობაში დახმარებას იღებდა ფონდი “ქართუსგან”, ჩემთვის ნათელი მოჰფინა ერთ ფრიად მნიშვნელოვან გარემოებას და მიმახვედრა, თუ რატომაა, რომ ქართველი ე. წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია ბოლო წლებში მნიშვნელოვანსა და ღირებულს ვერაფერს ქმნიდა. მიზეზი ძალიან ტრივიალური უნდა იყოს, თუმცა ამაზე ყურადღება მგონი ჯერ სერიოზულად არავის გაუმახვილებია: საქართველოში, მართალია, ძირითადად ერთ საზოგადოებრივ ფენაში ფაქტიურად განხორციელდა კომუნიზმის კლასიკოსების საოცნებო მდგომარეობა, რომელსაც მეტყველად გამოხატავს ლოზუნგი “თითოეულისგან შესაძლებლობების მიხედვით, თითოეულს — მოთხოვნილებისამებრ.” ამ ლოზუნგის უტოპიურობა სწორეს ისაა, რომ კაცობრიობის ისტორიამ დაამტკიცა: შეუძლებელია ადამიანს მუქთად ინახავდე და მისი საუკეთესო შესაძლებლობების გამოვლენას მოელოდე; ყველაზე ჯანსაღი ვითარება ისაა, როცა ადამიანი სწორედ საკუთარი ნიჭითა და შრომით მოიპოვებს პურს არსობისა. ეს აზრი ჯერ კიდევ 1867 წელს შესანიშნავად გამოხატა მღვდელმთავარმა გაბრიელ ქიქოძემ ერთ-ერთ თავის “მოძღვრებაში”  ბედნიერების შესახებ:
“ჩვენ, ძმანო ჩემნო, თითქმის ერთობ ყოველთა, შეცდომილი აზრი გვაქვს ამ საგანზედ. თუ ვინმე კარგად სცხოვრებს ამ ქვეყანაზე, წარმატებაში არის და კეთილ-დღეობაში, ვიტყვით, მას ბედი აქვსო, ის ბედნიერი არისო; და თუ ვინმემ ცუდად წაიყვანა თვისი საქმე და მოაკლდა მას კეთილ-დღეობა, მასზე ვიტყვით: რაღაცა ბედი არა აქვსო, უბედური კაცი არისო. აქითგან ნათლად სჩანს, რომ ვინც ესრედ იტყვის, იმას გონია, ვითომც ბედი და უბედურება დადის ქვეყანაზე თვალ-ახვეული და ვისაც უეცარი პირველი შეხვდება, იგი გაკეთდება, და თუ მეორე შეხვდება, წახდება. არა, ძმაო ჩემო! თუ კარგად დაუკვირდები ქვეყნის ცხოვრებასა, შეიტყობ, რომ ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია თვით კაცზედ და მის ყოფა-ქცევაზე. ვინც ამ ქვეყანაზე არის მხნე, მეცადინე, ჭკვიანი, შრომისმოყვარე, ის, უმეტეს ნაწილად, არის გაკეთებული და ბედნიერი; წინააღმდეგ ამისა, კაცი მცონარე, უგუნური, უზრუნველი, თავის ქონების დაუზოგველად დამფანტველი, თუ გინდ დიდ ბედნიერებასა შინა იყოს შობილი, ბოლოს უთუოდ წახდება და გაუბედურება. როგორადაც კერძო პირის, ეგრედვე მთელის ქვეყნის ანუ მთელის საზოგადოების ბედნიერება სწორედ, ნამდვილად და უეჭველად არის დაფუძნებული დაუცხრომელსა სწავლასა და დაუცხრომელსა მუშაობასა ზედა. ამას დაგვიმტკიცებს ჩვენ გამოცდილება; ამას დაგვიმტკიცებს ჩვენ მაგალითი იმა ქვეყანათა, რომელნიც ჩვენზედ არიან დაწინავებულნი განათლებასა და კეთილ-დღეობასა შინა. აბა კითხე იმ კაცს, რომელიც ყოფილა იმ განათლებულს ქვეყანაში, ანუ წიგნებითგან ამოუკითხავს მათი ცხოვრება და მდგომარეობა, ისინი დაგარწმუნებენ შენ, რომ ყოველი მათი წარმატება და ბედნიერება წარმომდინარეობს მათისა გასაოცრისა მხნეობისა და დაუძინებელის შრომისაგან. იმ განათლებულს ქვეყანაში ანდაზად აქვსთ თქმული: დროება არის სიმდიდრე, და ვინც დროებას მცონარეობით ატარებს, იგი კარგავს ბედსა და სიმდიდრესაო. მართალია, არა ერთ-გზის მომხდარა, რომ ზოგიერთი კერძო პირი გაკეთებულა და გამდიდრებულა არა თვისითა მეცადინეობითა, არამედ ერთითა უბრალო შემთხვევითა; გარნა მთელი ხალხი და ქვეყანა რომ განათლდეს და გაბედნიერდეს თვინიერ შრომისა, მხნეობისა და მოთმინებისა, ეს არ მომხდარა.”

დახმარებამ, რომელმაც, ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენლის განმარტებით, თითქოსდა შიმშილს გადაარჩინა ისინი, სინამდვილეში, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში უბრალოდ მხარ-თეძოზე დასცა ეს ხალხი და საკუთარი შრომით სარჩოსა და ბედნიერების მოპოვების სურვილი გაუქრო. მივიღეთ “ზარმაცი ჭორვილელის სინდრომი”, ვითარება, როცა რეჟისორს არ ანაღვლებს, შეძლებს თუ არა იგი ისეთი სპექტაკლის დადგმას, რომელიც მაყურებლის გულს მოიგებს, მსახიობს არ ანაღვლებს, მიიღებს თუ არა იგი მონაწილეობას ახალ ფილმში ან სპექტაკლში, მწერალს არ ანაღვლებს, გაიყიდება თუ არა მისი ნაწარმოები, გლეხს არ ანაღვლებს, მოიწევს თუ არა კარგ მოსავალს და ა. შ. და განა უკვე არა გვყავს ის  “უზრუნველი და მშიერი” “ბედნიერი ერი”, რომელზედაც წუხდა ილია?

საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის ბოლოდროინდელი აღტყინებითა და ფულიანი მესიის უპირობო მხარდაჭერით კი ჩემთვის იკვეთება ძალიან კონკრეტული პასუხი კითხვაზე, თუ რას გულისხმობს თანამედროვე პოსტსაბჭოთა ადამიანისთვის ქართული ოცნება — ფაქტიურად ეს არის ნატვრა, ნეტარი მოლოდინი, რომ, როგორც ერთ ჭორვილელს უთქვამს, მისი რიგიც მოვა, მის შესახებაც ეტყვიან ბატონ ბიძინას და ბოლოს და ბოლოს მასაც აუშენებენ ახალ სახლს, ანუ აჩუქებენ ქონებას ან ფულს — ისე, არაფრის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ალბათ მიაჩნია, ის ამ რჩეული, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მცხოვრები და პატრონის დამფასებელი ღირსეული მოქალაქეა.

ძალიან არ მინდა, ქართველი ერის დიდი ნაწილი ოდესმე დაემსგავსოს მეორე, რბილად რომ ვთქვათ, საქმეში გაუთვითცნობიერებელ ჭორვილელს, რომელმაც შეკითხვაზე, თუ რატომ აღარ უხდის ბატონი ბიძინა თანასოფლელებს დენის გადასახადს (თურმე მილიარდერის მოთმინების ფიალაც ივსება ზოგჯერ!), უპასუხა: “რა ვიცი, გოუჭირდა ალბათ”; არ მინდა იმიტომ, რომ ჩემთვის ცხადია: ასეთი მცონარე ყმა-მოქალაქეები თანამედროვე ტიპის ღირსეულ ქვეყანას ვერ ააშენებენ.

ლაშა ბერაია
ლაშა ბერაია

ავტორის შესახებ

 

ლაშა ბერაია არის გამომცემელი, გამომცემლობა  “ლოგოს პრესის” დამფუძნებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი