კომენტარი

კახა გოგოლაშვილი: უნდობლობაა მთავრობის მხრიდან არასამთავრობო სექტორის მიმართ

24 ოქტომბერი, 2011 • 1080
კახა გოგოლაშვილი: უნდობლობაა მთავრობის მხრიდან არასამთავრობო სექტორის მიმართ

სამოქალაქო საზოგადოების განვითარება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში – სწორედ ამ საკითხზე წარსდგა ვრცელი მოხსენებით „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ ხელმძღვანელი კახაბერ გოგოლაშვილი „საერთაშორისო ევროპული მოძრაობის“ (EMI) კონგრესზე, რომელიც 20–21 ოქტომბერს ერევანში გაიმართა. წლევანდელი კონგრესი, რომელშიც აღმოსავლეთის პარტნიოროების ქვეყნების (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსი) გარდა, ბალკანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მიეძღვნა სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებას  აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მათი ევროპასთან შემდგომი ინტეგრაციის პროცესში.

გთავაზობთ ინტერვიუს კახაბერ გოგოლაშვილთან, რომელიც „ნეტგაზეთმა“ ერევანში EMI კონგრესის მიმდინარეობის დროს ჩაწერა:

მნიშვნელოვანია, კარგად იყოს გაცნობიერებული ის, რომ დემოკრატიული რეფორმები და  ქვეყნის ტრანსფორმაცია შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოების სრული და აქტიური ჩართვის გარეშე. როდესაც ქვეყანა მიდის იმ გზაზე, რომელიც არა აქვს გამოცდილი და ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს, საჭიროა მთელი საზოგადოებისა და განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში. უფრო მეტიც, სამოქალაქო საზოგადოება ნელ–ნელა უნდა შეეჩვიოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას, თუმცა აქ ჩვენ ვაწყდებით გარკვეულ წინააღმდეგობას.

რაში გამოიხატება ეს წინააღმდეგობა?

მაგალითად, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მიიღება კანონები, გადაწყვეტილებები და ისინი შემდეგ ხდება დებატების, ალიაქოთისა და მითქმა–მოთქმის საგანი.

ანუ ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის დამალვაზე საუბრობთ?

ერთი არის ინფორმაციის ბოლომდე გაუმჟღავნებლობა და მეორე –თვითონ სამუშაო პროცესი, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, იქნება ეს კანონის თუ რაიმე სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება. საჭიროა მეტად გახსნა ამ პროცესის  და რაც შეიძლება მეტად ჩართვა მიუკერძოებელი სექტორის. აქ არ არის, მე მგონი, მარტო მთავრობის პრობლემა, აქ არის სამოქალაქო–საზოგადოებრივი ორგანიზაციების პრობლემა, რომლებიც უფრო აქტიურები იყვნენ იმისათვის, რომ დაამყარონ კონსტრუქციული კონტაქტები, ურთიერთობები, გნებავთ, მთავრობაში, გნებავთ – პარლამენტში.

რამდენად არის შესაძლებელი ეს კონსტრუქციული ურთიერთობები ხელისფლებასთან, რომელიც იმთავითვე ოპოზიციის ნაწილად განიხილავს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამენ ამა თუ იმ საკითხზე?

ძნელია და ორი რაღაცის გამოა ძნელი: პირველი ის, რომ დამოუკიდებელი აქტიორი ყოველთვის იწვევს გარკვეულ ეჭვს ხელისუფლებაში, რომ თითქოს აქ გვაქვს საქმე რაღაც ფარულ ზრახვებთან, რომ შემდეგ მოხდეს კრიტიკა, სახელისუფლებო პოზიციების დასუსტება და ა.შ. მეორე არის დრო და იცით, რა – არავის უნდა ზედმეტი ენერგია დახარჯოს რაღაც მესამე აქტიორთან ურთიერთობაზე, როდესაც საქმე აქვს გასაკეთებელი.

ანუ მესამე აქტიორად განიხილება არასამთავრობო სექტორი?

ეს განიხილება გარეშე აქტიორად, რომელსაც რატომღაც უნდა აბარო ანგარიში, აუხსნა, დაუმტკიცო ის, რაც შენ უკვე სწორად და აუცილებლად მიგაჩნია; უნდა დახარჯო დრო და ენერგია იმის ინფორმირებაზე, იმის დაყოლიებაზე, რაღაცეები უნდა შეგაცვლევინოს და ა.შ. ეს არის  მეორე მხარე, ინსტრუმენტული მხარე, რომელიც, ასევე რთულია, მაგრამ რომელსაც უნდა შეეჩვიოს სახელმწიფო აპარატი და, საერთოდ, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი უნდა ითვალისწინებდეს ამ ფაქტორს აპრიორი, რომ მას არ მოუწევს გადაწყვეტილების მარტო მიღება და მან დროის, რესურსის ნაწილი უნდა გამოყოს იმისთვის, რომ ასეთ პროცესში თანმდიმდევრულად იყოს ყოველთვის ჩართული სამოქალაქო საზოგადოება.

ეს კარგი ხელისუფლების პირობებში, არა?

დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვლაპარაკობთ კარგი ხელისუფლების პირობებში, რომელსაც უნდა ჰქონდეს უკუკავშირი საზოგადოებასთან.

და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ზემოთ ვისაუბრეთ წინააღმდეგობებზე, რაც გამოიხატება თუნდა ინფორმაციის ბლოკირებით ხელისუფლების მხრიდან, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ტიპის თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორსა და ხელისუფლებას შორის, რასაც მოითხოვს იგივე აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არა პასიური, არამედ აქტიური მოქმედი პირის რანგში ჩართული?

აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი და ორმხრივი ურთიერთობის ჩარჩო იძლევა იმის საშუალებას, რომ მონაწილე ქვეყნების მთავრობაში გააჩინოს სტიმულები და იმის აუცილებლობის გაგება, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს. ეს არის პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, საგარეო სტიმული შიდა საქმეების გადასაწყვეტად და შიდა ტრანსფორმაციისთვის. ევროპის საზოგადოება შიგნიდან ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე – დემოკრატიული აზრი, კარგი მმართველობა  ყალიბდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. ის ქვეყნები, რომლებიც ახლა შედიან  საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობაში და ხდებიან სრულუფლებიანი წევრები საერთაშორისო თანამეგობრობისა, მათ შორის ევროპული ოჯახის, საზოგადოებრივი აზრი არც არის მომწიფებული ისეთნაირად, რომ ეს იყოს მოთხოვნილი პირდაპირ საზოგადოებაში. როდესაც, მაგალითად, საზოგადოება გარკვეულ მოქალაქეებს რაღაც მანდატს აძლევს და ირჩევს, არ უკვირდება, ეს მმართველი, ან მანდატის მფლობელი (პარლამენტის წევრი იქნება, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი), რამდენად აცნობიერებს უკუკავშირის აუცილებლობას საზოგადოებასთან. თვითონ საზოგადოებაში არ მუშაობს ეს მექანიზმი, რომ როდესაც, ვთქვათ, ირჩევ, მარტო იმას კი არ უნდა ითვალისწინებდე, ის რა ჭკვიანია, გულახდილია საუბარში, შემძლეა, ენერგიულია და  სწორად ფიქრობს და სწორად აზროვნებს, არამედ იმას უნდა გრძნობდეს და ხედავდეს ამომრჩეველი, რამდენად შეიძლება ენდო მას იმ თვალსაზრისით, რომ შემდეგ უკუკავშირი შედგეს, ანუ რამდენად მონდომებულია ის, რომ საზოგადოებასთან ჰქონდეს მუდმივი უკუკავშირი და გახსნილი იყოს საზოგადოების მიმართ. მე მგონი, ყველა განვითარებად სახელმწიფოში არსებობს ამის დეფიციტი თვითონ მოსახლეობაში. შესაბამისად, მოსახლეობიდან არჩეული მთავრობა, ან ხელისუფლება და ა.შ. არ არის მზად და ისე ძლიერ დაინტერესებული, რომ აი, ასეთი ტიპის ურთიერთობები ჩამოაყალიბოს სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამიტომ აქ აუცილებელია გარეშე აქტიორის მონაწილეობა, უფრო განვითარებული საზოგადოების მხრიდან რაღაც სტიმულების შექმნა და ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობა ან ნებისმიერი სხვა ჩარჩო, რომელიც ევროკავშირს აქვს შექმნილი, სწორედ, აი, ამ სტიმულებს ქმნის გარედან შიგნით მთავრობებისთვის.      

თქვენ მოხსენებაში აღნიშნეთ, რომ 6000 არასამთვრობო ორგანიზაციაა საქართველოში რეგისტრირებული,  მაგრამ მაინც უდიდეს პრობლემად რჩება საზოგადოების ჩართულობის საკითხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რით ახსნით ამას?

ძნელია ამის უცებ მოგვარება, როცა თვითონ საზოგადოება არ არის ბოლომდე მზად…

ვინ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების მზადყოფნა?

საზოგადოება მზად უნდა გახადოს სწორედ იმ ვალდებულებებმა, რომელსაც იღებს ქვეყანა და რომლის მონიტორინგიც იქნება გარედან, მაგრამ საუბარი სწორედ იმაზე არის, რომ ნელ–ნელა ეს ესტაფეტა შიდა აქტიორებმა უნდა აიღონ. შიდა აქტიორები არიან, პირველ რიგში, მიუკერძოებელი  მოთამაშეები, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი. ეს არის სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები. ძირითადად, მათი ფუნქცია არის ის, რომ სახელმწიფოში სწორი ფასეულობების გატარებას შეუწყონ ხელი, მისი ანალიზი მოახდინონ, ადვოკატირება და, შესაბამისად, ლობირება სწორი იდეებისა და სწორი გადაწყვეტილებებისა. და აი, აქ, არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების ყველა სახის აქტიორის შესაძლებლობების გაზრდაა საჭირო. შესაძლებლობების გაზრდას ჭირდება დაფინანსება, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო დაფინანსება, პირველ რიგში, არ არის საკმარისი ამისთვის; მეორე, ეს მაინც არის საერთაშორისო და არის გარედან. ჩვენ თუ გვინდა შიგნიდან და საზოგადოება მიდის იმ გაგებამდე, რომ აუცილებელია მასში იყოს ის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ელემენტები სამოქალაქო–საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახით, უნდა მოხდეს ამის დაფინანსება საზოგადოებრივი ბიუჯეტიდან, მე შეგნებულად ვხმარობ ამ ტერმინს – საზოგადოებრივ და არა სახელმწიფო ბიუჯეტს, სახელმწიფო, როგორც წესი, მთავრობასთან ასოცირდება რატომღაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტო მთავრობა. საზოგადოებრივი ბიუჯეტი ეკუთვნის ყველას.

პოლიტიკურად ანგაჟირებული არასამთავრობო სექტორი ახსენეთ, საქართველოში არის ასეთი დაყოფა სამოქალაქო სექტორისაპროსახელისუფლო და ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციები. არის ამის კონკრეტული მაგალითებიც – არიან ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად ხოტბას ასხამენ ხელისუფლებას და სულ ახლახან გამოჩნდა მეორე, მაგალითიც – როცა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ და მის ირგვლივ შეიკრიბა საზოგადოებრივსაკონსულტაციო საბჭო, რომელმაც გააერთიანა სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელი. ასეთ პოლარიზებულ სივრცეში მოსახლეობამ როგორ უნდა გააკეთოს საღი არჩევანი?

მოსახლეობის ყურადღება უნდა იყოს მეტად მიპყრობილი იმ აქტიორების მიმართ, რომლებსაც ისინი ენდობიან, როგორც მიუკერძოებელს. მოსახლეობამ უნდა გაარჩიოს, რას ნიშნავს მიკერძოებული კრიტიკა, რას ნიშნავს რომელიღაცა მხარეზე ყოფნა და დაცვა რაღაც პოზიციების და რას ნიშნავს საუბარი მიუკერძოებელი, ნეიტრალური პოზიციებიდან.
ჩემი აზრით, აქ საჭიროა კარგად იქნას დანახული პროცესი, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რაიმე პოლიტიკური ძალის გარშემო იკრიბებიან და შემდეგ უკვე გვერდზე ტოვებენ აბსოლუტურად თავის დამოუკიდებლობას, მათ საუბარში, მათ რიტორიკაში, მათ განცხადებებში და ა.შ.  უკვე რაღაც ცენზურა შემოდის, ცენზურა დევიზით – არავითარ შემთხვევაში არ ვავნოთ, ვთქვათ, აი, ამ პოლიტიკოსს, ან მის მიზნებს, ჩემი აზრით, ეს უკვე არ არის სამოქალაქო საზოგადოება. ამ შემთხვევაში, ეს არის პოლიტიზირებული ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება პირდაპირ პოლიტიკური პარტია არ იყოს, მაგრამ– პოლიტიკური პარტიის გაგრძელება, მისი რაღაც ინტელექტუალური მხარდაჭერის ინსტრუმენტის სახით. რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება? ჩემი აზრით, სამოქალაქო საზოგადოება არის ის ნაწილი, რომელიც არ მიისწრაფვის ხელისუფლებისკენ და მას არ გააჩნია პოლიტიკური მოტივაცია, რაც ანგაჟირებაში გადადის შემდეგ.

კახაბერ გოგოლაშვილი
კახაბერ გოგოლაშვილი

თუმცა ცვლილებების მიღწევას ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა...

რა თქმა უნდა, ის ითვალისწინებს ცვლილებს და ის იბრძვის ამ ცვლილებებისთვის, მაგრამ ამ ბრძოლაში ის არ შეიძლება მიემხროს ბოლომდე არც ერთ მხარეს. პოლიტიკურ ბრძოლაში კომპრომისები არ არსებობს, როგორც ვიცით, იქ ობიექტივიზმი გადადის მეორე მხარეზე და პოლიტიკური მიზნები ხდება მთავარი და რა ქნას მოსახლეობამ, რომელსაც ჭირდება, როგორც წყალი, ობიექტური აზრი,  ან მიუკერძოებელი აზრი – შეიძლება მცდარიც, მაგრამ ჭირდება, უბრალოდ, გაიგონოს ვინმესგან ისეთი აზრი, რომელიც არ არის ვიღაცის ინტერესების გამო გამოთქმული.

რახან ამ საკითხს შეეხეთ, აქვე გკითხავთ, ამ პრობლემების გათვალისწინებით, ხომ არ აპირებთ გახდეთ ინიციატორი არასამთავრობო სექტორის ქცევის კოდექსის შემუშვებისა საქართველოში, რადგან მოხსენებაში აღნიშნეთ, რომ აუცილებელია ასეთი ტიპის ნორმების არსებობა, თუმცა საქართველოში იყო ადრე ამის მცდელობა და შეიქმნა კიდეც არასამთავრობო სექტორისთვის ქცევის კოდექსი...

არა მგონია, მე ინიციატორი ვიყო. ამ შემთხვევაში, ალბათ, საჭირო არის ასეთი მიმართულებით უფრო გამოცდილი ადამიანების მუშაობა. მკვლევარები არსებობენ, რომლებიც იკვლევენ საზოგადოებრივ პროცესებს, აქტიორებს და ა.შ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მდგრადი ტიპის საზოგადოებაში, სადაც ეს საზოგადოებრივი კომპონენტები და ელემენტები ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში, იქ შეიძლება ასეთი კოდექსი საჭირო არ იყოს, იქ უკვე ტრადიციაა ისეთი, რომ ადამიანებმა კარგად იციან, ვინ რას წარმოადგენს, რა ფენას განეკუთვნება, რა მიზნები აქვს, რა მისია და როგორ უნდა ილაპარაკოს და როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ საზოგადოება, რომელიც არ არის ამ თვალსაზრისით ბოლომდე ჩამოყალიბებული, სახელიც ხშირად განსხვავდება არსისგან… რაღაც კვლევები მაინც უნდა იყოს, რომლებიც დაანახებს მოსახლეობას რეალურ განსხვავებს და მათ შორის, კვლევებმა კარგად უნდა დაანახოს ადგილი და როლი სამოქალაქო საზოგადოებისა მთლიანად საზოგადოებას, მთლიანად ქვეყანას, მიზნები, ქცევის ნორმები… ეს ყველაფერი უნდა რაღაცნაირად აღწერილი იყოს. ეს შეიძლება აღწერილი იყოს რაღაც კონვენტში, ან ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა შეიძლება შექმნან რაღაც დეკლარაცია ანუ რაღაც სახის კონვენტი, რომელშიც ჩამოაყალიბებენ თავიანთ ხედვებს, რა არის სწორი ქცევა, რა არის სწორი დამოკიდებულება და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ეს სამოქალაქო საზოგადოება რას უნდა ემსახურებოდეს, რანაირად, რა ნორმებით და ა.შ. კარგია, თუ ასეთი რაღაც შეიქმნება, შეიძლება კრისტალიზაცია ყველაფრის არ იყოს მთლად კარგი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ასეთი სახის ერთ–ერთმა დოკუმენტმა შეიძლება მისცეს შემდეგ ამაზე ფიქრის საფუძველი საზოგადოებას. თუ არადა, უფრო მეტი კვლევა უნდა იყოს, რათა საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნა, რომ აი, მაგალითად, შეიძლება თუ არა ძალიან ადვილად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი გადავიდეს პოლიტიკურ პარტიაში, ან იყოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკოსი და უცებ, რახანაც NGO შექმნა, გახდეს სამოქალაქო საზოგადოების მიღებული წევრი და მას უსმენდნენ, როგორც ობიექტურ ადამიანს და ა.შ.  შეიძლება ეს, თუ არ შეიძლება? ანუ ამაზეც სწორი წარმოდგენები  უნდა არსებობდეს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია მიზანმიმართულად განხორციელდა ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ხერხით, თუნდაც იმით, როცა მესამე სექტორში ე.წ. „ჯაშუშები აღმოჩენას“ შეუდგა?

ჩემი აზრით, აქ მიზანმიმართულ პროცესზე იმდენად არ არის საუბარი, რამდენადაც გარკვეულ შემთხვევებში ხელისუფლების სისუსტეზე და რაღაც, მე ვიტყოდი, პანიკურ ქცევაზე. იყო მომენტები, როდესაც მართლა საფრთხის ქვეშ იდგა, ვთქვათ, გნებავთ, ხელისუფლება, გნებავთ, ქვეყანა. საფრთხე მართლა არსებობს, როდესაც ნაომარი ქვეყანაა და ა.შ. აქ მე წარმომიდგენია ასე, რომ ბევრ საფრთხესთან გამკლავების ეშინია, ყოველ შემთხვევაში, ვერ ახერხებს ხელისუფლება და ხშირ შემთხვევაში, მოდის გადამეტება, იმიტომ, რომ რაც უფრო არამყარია რაღაც მდგომარეობა, მით უფრო მეტად ეშინია და შიში კიდევ იწვევს გადამეტებულ, არასწორ ნაბიჯებს. და ამ შემთხვევაშიც, ჩემი აზრით, ამასთანა გვაქვს უფრო საქმე. ძნელია ახლა ამის ზუსტად გაშიფვრა–ახსნა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც უნდობლობა არსებობს მთავრობის მხრიდან არასამთავრობო სექტორის მიმართ და პირიქითაც. ამიტომ ხშირად ხდება არასამთავრობო სექტორის ასოცირება პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ჩვენ თუ გვინდა სწორი გზით განვვითარდეთ, უნდა მოხდეს აბსოლუტური გამოყოფა არასამთავრობო სექტორის, აი, ამ პოლიტიკური დაპისპირებიდან. სამოქალაქო სექტორმა განცალკავებული პოზიციებიდან უნდა შეასრულოს გარკვეული დაბალანსებელი, ნეიტრალური აქტიორის როლი, რომელიც ერთნაირად განსჯის არასწორ ქმედებებს, მაგრამ აქ მარტო განსჯაზე არ არის საუბარი, ის უნდა გამოჩნდეს იქ, სადაც ნაკლებობაა მთავრობის მხრიდან პოლიტიკის, რესურსების, შესაძლებლობების. აქ არ არის მარტო მონიტორინგზე საუბარი, არამედ ხელის შეწყობაზე სახელმწიფოს განვითარებაში. არასამთავრობო სექტორმა ხომ შეიძლება განათლების რაღაც ნაწილი აიღოს, თუ ხედავენ, რომ არ არის ქვეყანაში მოგვარებული განათლების სისტემა, არსებობს რაღაც თეთრი ლაქები? – უცებ შეავსოს ის არასამთავრობო სექტორმა თავისი აქციებით, მაგალითად, რაღაც ტრენინგებით და ა.შ. არის რაღაც ადგილები, სადაც აუცილებელი არ არის ეს გააკეთოს მან მთავრობის საშინელი კრიტიკის ფონზე, რომ აი, რა საზიზღრები არიან, ამას გამიზნულად აკეთებენ და ა.შ. არა!– უბრალოდ შეიძლება დაინახოს ეს არასამთავრობო სექტორმა და თავისი საქმე გააკეთოს. მეორე შემთხვევაში, შეიძლება ძალიან მწვავედ გააკრიტიკოს მთავრობა, მესამე შემთხვევაში, პირიქით, დაიცვას, თუ ხედავს, რომ რომელიმე ოპოზიციური დიდი ძალიდან არასწორი შეტევა მოდის. უნდა ჩანდეს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის დამოუკიდებელი აქტიორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი