კომენტარი

სიმონ ჯანაშია უსაფრთხო სკოლაზე

14 ოქტომბერი, 2011 • 1933
სიმონ ჯანაშია უსაფრთხო სკოლაზე

“უსაფრთხო სკოლის” პროგრამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა და  განათლების საკითხებში ექსპერტმა  სიმონ ჯანაშიამ ნეტგაზეთთან ისაუბრა.

– 2007 წელს განათლების სამინისტრომ ჩაატარა კვლევა. კვლევის შედეგებით, საქართველოს სკოლებში უსაფრთხოების საკითხი პრობლემას არ წარმოადგენდა. ასევე ჩატარდა “PIRLS” –ის და “TIMSS”–ის კვლევები, რომლთა მიხედვითაც, საქართველო 45 მონაწილე ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა სკოლის უსაფრთხოების კუთხით. თქვენი აზრით, რატომ მიიღო განათლების სამინისტრომ 2010 წელს “უსაფრთხო სკოლის” პროგრამის განხორციელების გადაწყვეტილება, როცა ამის საჭიროება კვლევებით არ დასტურდებოდა?

– ჩატარდა რამდენიმე კვლევა, ერთი იყო იუნისეფის და სამინისტროს ერთობლივი კვლევა , უფრო სწორად, სამინისტრომ იუნისეფს თხოვა კვლევის ჩატარება, რომლის არაპირდაპირი მიზანი იყო სასკოლო გარემოს შესწავლა. ამ კვლევების მიხედვით თვითაღქმა იყო ის, რომ მაინც და მაინც დიდი პრობლემა უსაფრთხოების კუთხით არ არის. თუმცა იუნისეფის კვლევაში ჩანდა, რომ გარკვეული ტიპის პრობლემები მაინც არსებობს.  უნისეფის კვლევაში დაფიქსირდა გამოძალვის, დაცინვის, ძალადობის შემთხვევები. ასეთი გამოვლინებები დაფიქსირდა არა მხოლოდ სკოლებში, ასევე, სხვადასხვა ინსტიტუციებში და ოჯახებში.

– მხოლოდ ეს გახდა ამ პროგრამის განხორციელების მიზეზი?

ეს იყო ერთი მიზეზი, მეორე მიზეზი გახდა საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხის მიმართ. მედიასაშუალებებით აქტიურად შუქდებოდა სკოლაში დაჭრის შემთხვევები.  2007 წელს ეს აქტიური პრობლემა იყო, ამ წელს მოხდა რამდენიმე მკვლელობა მოზარდებს შორის. ერთის მხრივ, კვლევა ამბობდა, რომ თავად სკოლები არ აღიქვამენ უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემად, მეორეს მხრივ,  როცა  კონკრეტული ბავშვების გამოკითხვა ტარდებოდა, აღმოჩნდა, რომ მრავლად იყო ძალადობის სხვადასხვა გამოვლინებები.

– დიმიტრი შაშკინმა 2009 წელს “უსაფრთხო სკოლის” პროგრამის განხორციელების საჭიროება მოზარდებს შორის გაზრდილი დანაშაულით ახსნა, გულისხმობს თუ არა ეს ფაქტი სკოლაში უსაფრთხო გარემოს გაზრდის აუცილებლობას? რა კავშირია ამ ორ მოვლენას შორის?

– ერთი საკითხია არასრულწლოვნებს შორის გაზრდილი დანაშაული და მეორეა, სკოლის ფარგლებში მომხდარი ძალადობა. რაღაც კავშირი ამ ორ მოვლენას ერთმანეთან, რა თქმა უნდა, აქვს. მეორეს მხრივ, ეს დამოკიდებულია აღზრდაზე და იმის აღქმაზე, რამდენად ესმით ბავშვებს სოციალური ქცევა, ერთვებიან თუ არა ისინი კრიმინალურ საქმიანობაში. მეორეა, სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაული, რომლის კრიმინალიზება არ ხდება. მაგალითად, თუ 10 წლის ბავშვი ვინმეს სცემს, ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ არის ძალადობა. თუ ბავშვი გააგრძელებს ძალადობრივ ქმედებებს, ის შესაძლოა სასამართლოშიც მოხვდეს, როცა სრულწლოვანი იქნება.

– მოზარდებს შორის ძალადობის გაზრდა აუცილებლად განაპირობებს სკოლაში უსაფრთხოების პრობლემას? ამის გამო შეიძლებოდა თუ არა ეს პრობლემა განხორციელებულიყო?

– ეს არის ერთ–ერთი დასაბუთება, მაგრამ არა ერთადერთი. უსაფრთხო სკოლის პროგრამა შეიძლება გულისხმობდეს მხოლოდ უსაფრთხოების დამყარებას სკოლებში, მაგრამ თუ ამ პროგრამას უფრო ფართო მიზნები აქვს, ანუ აღზრდა არის ერთ–ერთი მიზანი,  და მოზარდებში გარკვეული ღირებულებების დამკვიდრება  სურს და მივიჩნევთ, რომ სასკოლო განათლებას აქვს გავლენა იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ინდივიდი საზოგადოებაში, ამ შემთხვევაში არის დასაბუთება.

– 2010 წელს ჩამოყალიბებული უსაფრთხო სკოლის პროგრამა გულისხმობს მანდატურის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, სათვალთვალო კამერების დაყენებას სკოლის ტერიტორიაზე, საბარათე სისტემის შემოღებას, რომელიც პორტალზე იქნება მიბმული. რამდენად ეფექტურია ასეთი ტიპის კონტროლი სკოლაში უსაფრთხოების გაზრდის კუთხით გრძელვადიან პერსპექტივაში?

– როგორც ვთქვი, ეს არ ემსახურება მაინც და მაინც აღზრდას, ეს ემსახურება პრობლემების მოკლევადიან შეჩერებას, რომ ნაკლები იყოს ფულის მიმოქცევა სკოლაში, სწრაფი რეაგირება ხდებოდეს პრობლემებზე, თუმცა  გრძელვადიან პერსპექტივაში ეს  არ ასწავლის მოსწავლეს  საზოგადოებაში მოქცევის წესებს, როდესაც ის სკოლიდან გამოდის.  მეორეს მხრივ, თუ მხოლოდ რეაგირება ხდება და არა პრევენცია, ბავშვს არ ვეხმარებით იმის გაცნობიერებაში, თუ რატომ არ უნდა მოიქცნენ ცუდად და უბრალოდ იციან, რომ სასჯელი ელით გარკვეული ქცევისთვის, ეს პრობლემურია, ვინაიდან შემზღუდავი ფაქტორების მოხსნის შემდეგ იქცევიან ისე, როგორც მათი შინაგანი ღირებულებები კარნახობს და ეს შესაძლოა იქცეს პრობლემად.

– მოსწავლის თვითშეგნება რომ გაიზარდოს, ამისთვის რა უნდა გაკეთდეს?

– სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა საკითხის სწავლა არის საჭირო. მაგალითად, ერთმანეთის მიმართ ტოლერანტობის გაზრდა, კონფლიქტის მართვის უნარი, მრავალფეროვნების, როგორც ღირებულების განვითარება. დაწყებით კლასებში, წესით, უნდა ასწავლიდნენ რიგში ჩადგომის ჩვევას, რადგან მომავალში ესეც კი მოქმედებს ამ ადამიანების ქცევაზე. მნიშვნელოვანი საკითხია უფროსებსა და არასრულწლოვნებს შორის ურთიერთობების მართვა, ისე, რომ მხოლოდ ავტორიტეტზე დაყრდნობით არ მოქმედებდნენ ადამიანები და საკუთარი და სხვისი ინტერესების გათვალისწინებით ხდებოდეს ერთგვარი ნაბიჯების გადადგმა. ძალიან ბევრი დეტალის სწავლაა მნიშვნელოვანი. ამისთვის საჭიროა, სასწავლო გეგმაში და სწავლების პროცესში სკოლა ამ საკითხებზე  მუშაობდეს. პრევენცია ერთი საკითხია, მეორე საკითხია რეაგირების მოხდენა. როცა ვიცით, რომ ბავშვი არის აგრესიული, ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ, უბრალოდ ვეუბნებით, რომ ეს ცუდია, ვსჯით, თუ  ვაძლევთ კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რომ შემდეგ გააცნობიეროს საკუთარი საქციელი, შეცვალოს საკუთარი ქცევა და ამით მან მიიღოს გარკვეული ჯილდოები. მნიშვნელოვანია პოზიტიური მიდგომების დანერგვა, ვიდრე რეპრესიულის.

– მასწავლებლები და დირექტორები ხშირად ჩივიან იმასთან დაკავშირებით, რომ მათი გამოყენება ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, ერთ–ერთი დირექტორი ამბობს, რომ მას კომისიის წევრობაც მოუწია წინასაარჩვნოდ, არის თუ არა ეს სკოლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და რა შედეგების მომტანია ასეთი დამოკიდებულება განათლების სისტემის მიმართ?

– თუ განათლების სისტემა იქნება დამოკიდებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იქნება,  გამოიყენებს მთელ ამ სისტემას არა მხოლოდ ერთი კონკრეტული გამარჯვების მოსაპოვებლად, ასევე იმისთვის, რომ სკოლის იდეოლოგიზება იყოს ადვილი. ეს უკვე ხდება საზოგადოების პრობლემა, რადგან საზოგადოება აღარ არის განათლების მიზნებისა და ღირებულებების განმსაზღვრელი, რაც განათლების სისტემამ უნდა დაამკვიდროს, არამედ ერთი კონკრეტული პარტია ამკვიდრებს ამ ღირებულებებს, რაც თავისთავად საშიშია.

ამავე თემაზე:

უსაფრთხო სკოლის სახელით დაწყებული კონტროლი

მასალების გადაბეჭდვის წესი