კომენტარი

ლელა გაფრინდაშვილი: ქართულ კულტურასთან დემოკრატია თავსებადია

13 ოქტომბერი, 2011 •
ლელა გაფრინდაშვილი: ქართულ კულტურასთან დემოკრატია თავსებადია

„…ყველასთავის, ვისაც კი გონება მამა–პაპური აზრებითა და ცრუ მორწმუნეობით არა აქვს დახშული, ცხადათ დამტკიცებულია, რომ ქალი კაცის თანასწორად არის გაჩენილი და რომ მისი დამონება სხვადასხვა უფლების წართმევა, სიკეთის მაგივრად ვნებს კაცობრიობას…“–სერგეი მესხის ეს სიტყვები, რომელიც  140 წლის წინათ, 1841 წელსაა, დაწერილი, ერთერთია იმ ქართველი მოღვაწეების წერილებიდან, რომლებიც გამოქვეყნდა ახლახან გამოცემულ კრებულში  „დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევზე საქართველოში“. ისტორიულ წერილებთან ერთად კრებულში 12 თანამედროვე ავტორის ნაშრომებიცაა,  რომლებიც მე–19 საუკუნიდან დღემდე ქართულ საზოგადოებაში ლიბერალურ–დემოკრატიულ ღირებულებებს ეხება.

წიგნი  პროექტის „ქართული დემოკრატია: მითი თუ რეალობა“ ფარგლებში დაბეჭდეს.

კრებულის კონცეფციის ავტორი და რედაქტორი, კავშირის „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ თავმჯდომარე, ლელა გაფრინდაშვილი ნეტგაზეთთან წიგნის შექმნის იდეაზე და მე–19 საუკუნის საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბრობს.

როტომ განჩდა იდეა, შეგექმნათ კრებული იმ პერიოდის საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების კვლევაზე?

19–ე საუკუნის  პერიოდიკის კვლევის დროს ჩემთვის მოულოდნელი რაღაცეები აღმოვაჩინე. მაგალითად, ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ მაშინ იმართებოდა დებატები ემანსიპაციასთან დაკავშრებით, თანასწორობაზე, ქალის უფლებებზე და ა.შ. ამან გარკვეულწილად პროვოკაცია მოახდინა იმისა, რომ სხვა სფეროებშიც დამეძებნა ანალოგიური საკითხები. მერე „ღია საზოგადოება– საქართველომ“ გამოაცხადა კონკურსი დემოკრატიული ღირებულებების თემატიკაზე და ვინაიდან დიდხანს მქონდა ნაფიქრი ამ თვალსაზრისით, გამიმართლა. გავაკეთე ეს პროექტი.

თქვენ გარდა, კრებულზე მუშაობდნენ სხვა მკვლევარებიც..

როდესაც ტრიალებ მკვლევართა წრეში, კონკრეტული ადამიანები ისედაც მონიშნული გყავს. მაგალითად, ვიცოდი უკვე, ვინ დაწერდა სამართლის საკითხებზე, კინოზე, თეატრზე, ლიტერატურაზე. შემდეგ ამას დაემატა სხვა სფეროებიც: ემიგრაციაზე, ევროპელ მოგზაურებზე და ა.შ.

ამ მკვლევარებს მივეცი კონკრეტული ამოცანა, ვუთხარი, კონკრეტულად რა მინდოდა  მათგან. მთელი ის ცონდა, რომელიც მათ ჰქონდათ, კონკრეტული კონცეფციის მიხედვით უნდა დაელაგებინათ. მაგალითად, სამართლის საკითხი, დემოკრატიული ღირებულებების შუქზე უნდა წაკითხულიყო.

ამ ყველაფერს დაახლოებით წელიწადნახევარი დაჭირდა.

რაც შეეხება კრებულში პირადად თქვენ სტატიას, რაზეა?

ეს არის ისტორიული ექსკურსი, დოკუმენტებით, საქართველოს რუსეთთან შეერთების ეპოქაში. ბევრი ისეთი წერილი ვიპოვე, რომელიც რატომღაც მკვლევარების ნაშრომებში არ მოხვედრილა. მაგალითად, რა ხდებოდა საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამდე.  სწორედ აქედან ვიწყებ ანალიზსს და შემდეგ ნელ–ნელა გადავდივარ 19–ე საუკუნებში. რა ხდებოდა, რა იდეები შემოდიოდა, რაზე იმართებოდა დებატები, ვინ იყვნენ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფიგურები და ა.შ.

დემოკრატიული ღირებულებების მხრივ რა განსხვავებებია ამ ორ ეპოქას შორის?

ძალიან დიდი განსხვავებაა პოლემიკის თვალსაზრისით. დღეს, როდესაც სოციალურმა ქსელებმა და ინტერნეტმა შეცვალა გაზეთი, ილუზია გვექმნება, თითქოს გაზეთში პოლემიკა არ იყო.

თვითონ პოლემიკის კულტურას რომ დავაკვირდეთ, დღეს აბსულუტური რეგრესიაა 19–ე საუკუნესთან შედარებით. ბევრად კულტურული, ბევრად თანმიმდევრული პოლემიკები იმართებოდა მაშინ, ვიდრე დღეს, თანამედროვე საქართველოში.

იგივე ემანსიპაციასთან დაკავშირებული დისკუსიები შოკისმომგვრელია. ამ იდეების პირდაპირი ადაპტირება ხდებოდა ცხოვრებაში და იქმნებოდა გარკვეული ჯგუფები, რომ ეს იდეები სინამდვილეში დანერგილიყო.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ პროცესზე დაკვირვებითაც კი აღმოვაჩენთ, რომ ერთი მხრივ, არსებობს დემოკრატიული ღირებულებებისადმი დეკლარირებული ერთგულება და მეორე მხრივ, ამ ღირებულებათა რეალობაში დეფიციტი. რამდენად აცდენილია ისინი?

მე–19–ე საუკუნესთან შედარებით დღეს ეს აცდენა უფრო დიდია. მაშინ იწყებოდა ქართულ–ევროპული დიალოგი. იდეების ინტენსიური შემოსვლა ევროპიდან და ქართველებისთვის მათი გაცნობა, ევროპაში სასწავლებლად ქართველების წასვლა, ევროპის ნახვის მიზნით წასვლა.

ეს ღირებულებები კარგად არის ასახული კრებულში, უცხოელ მოგზაურთა მოსაზრებების შესახებ სტატიაშიც.

ამ მხრივ, ძალიან ბევრი სტატია შეგვაცვლევინებს აზრს ქართველების კულტურული ჩამორჩენილობის შესახებ იმდროინდელ საქართველოში.

ერთი სიტყვით, მთავრი კითხვა იყო ჩვენთვის, ხომ არ არის დემოკრატია მითი? იქნებ შეუთავსებელი ქართულ კულტურასთან?

თავსებადია?

აბსოლუტურად თავსებადია. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ხალხი, ისევე, როგორც ყველა დარნარჩენი მსოფლიოში.

გარდა ამისა, სურათის აღწერასთან ერთად ჩემი ამოცანა იყო მიზეზების კვლევა.

იმპერიის პოლიტიკა და მისი აბსოლუტური მონდომება, რომ ჩვენ დანარჩენ სამყაროსთან, ცივილიზებურ სამყროსთან არ გვქონდა ნათესაური კავშირები, დიალოგი,  არ შევსულიყავით ამ ოჯახში, როგორც სრულფასოვანი წევრები, ეს იყო უმთავრესი. ამ ისტორიას გასდევს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკის ამოცანები.

ამ თემატიკაზე ვაპირებ კიდევ ცალკე შევკრიბო მკვლევართა ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე იმუშვებს.

კრებულში „დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევზე საქართველოში“ სულ 12 ავტორის სტატიაა შესული.

კრებული გამოიცა ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველოს“ მხარდაჭერით. ჯერჯერობით წიგნის მხოლოდ 500 ეგზემპლარი არსებობს. ისინი უნივერსიტეტებსა და თბილისისა და რეგიონების ბიბლიოთეკებს გადაეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი