კომენტარი

ვაშაძე: საზოგადოება ფიქრობს, რომ ხსნა ოპოზიციურ ძალებშია

13 აპრილი, 2016 • 1139
ვაშაძე: საზოგადოება ფიქრობს, რომ ხსნა ოპოზიციურ ძალებშია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ  NDI-ს კვლევის შედეგები  ხელისუფლების განაჩენია:

 “ქართული ოცნება” აუცილებლად დამარცხდება. ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს არის კოალიციის დაშლამდე ჩატარებული კვლევა, რამდენიმე პოლიტიკური პარტია უკვე ცალკე არის. “

მისი თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ამომრჩეველთან სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან დიდ ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას:

“ ამოცანა, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი, “ნაციონალური მოძრაობისთვის” კარგად არის ცნობილი. ქვეყანას სჭირდება კრიზისიდან გამოყვანა, სჭირდება გეგმა, სტრატეგია, როგორ ვამარცხებთ გაჭირვებას. ჩვენ ეს გეგმა და სტრატეგია გვაქვს, გვეყოლება  ახალი სახეები, გვეყოლება ის გუნდი, რომელსაც ამ პრობლემების მოსაგვარებლად შევთავაზებთ საზოგადოებას და აუცილებლად გავიმარჯვებთ.”

ვაშაძის აზრით, ის, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს დაბალი რეიტინგი აქვთ, არაფორმალური მმართველობითაა გამოწვეული:

“  ხელისუფლების  რეიტინგის ვარდნა ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ გააცნობიერა –  არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ არის პრემიერი და მინისტრი, მთავარი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი. დავით ბაქრაძის რეიტინგი მეტია, ვიდრე კვირიკაშვილის, ანუ  საზოგადოება ფიქრობს, რომ ხსნა უფრო ოპოზიციურ ძალებშია, ვიდრე ხელისუფლებაში.”

საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგები, რომელიც NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა, დღეს გამოქვეყნდა.

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია “ქართულ ოცნებას” მხარს 15% დაუჭერდა, “ნაციონალურ მოძრაობას”-13%,  “თავისუფალ დემოკრატებს- 6%, ხოლო 36%-მა არ იცის.

გამოკითხვის მიხედვით, 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ხოლო 31%-ს გადაწყვეტილი აქვს, ვის უნდა დაუჭიროს მხარი.

NDI-ის  წინა, ანალოგიური კვლევის შედეგებით მიხედვით,  “ქართული ოცნების” რეიტინგი 5%-ით გაიზარდა, “ნაციონალური მოძრაობის” კი უცვლელი დარჩა.

შედეგების მიხედვით, პოპულარული პოლიტიკოსების სიას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ლიდერობს.  NDI -ის კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 15 %-მა დავით ბაქრაძე დაასახელა.  ამ შედეგების მიხედვით მისი პერსონალური რეიტინგი მიხეილ სააკაშვილისას 13 %-ით აღემატება.

ამ კვლევის შედეგებით, სააკაშვილი, დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილი მხოლოდ 2 %-ს მოსწონს. ამ სამ პოლიტიკოსს შედეგებით უსწრებენ ნინო ბურჯანაძე, დავით სერგეენკო, გიორგი კვირიკაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ირაკლი ალასანია.

CRRC- საქართველომ 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი